პეიზაჟის ისტორიიდან… პეიზაჟის ისტორიიდან… />


  13:03:11     20-01-2012

პეიზაჟის ისტორიიდან…

a14397.jpg

პეიზაჟი - სახვითი ხელოვნების ჟანრი (ნაირსახეობა ), რომლის ნიმუშებშიც აისახება ბუნების, გარემოს ხედები. მეცნიერებმა პეიზაჟის ელემენტები ჯერ კიდევ უძველესი ხანის ხელოვნების ნიმუშებში აღმოაჩინეს.1748 წელს არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს საუკუნეების განმავლობაში ვულკანის ფერფლში დამარხული ქალაქის, პომპეის ნანგრევები. სახლების, ვილების კედლები ბრწყინვალე მოხატულობებით იყო მორთული. ამ ფრესკებში პეიზაჟების ელემენტებიც იყო გამოსახული.

შუა საუკუნეებში პეიზაჟს უმთავრესად ისტორიულ-რელიგიური სცენების ფონად იყენებდნენ. დამოუკიდებელი მნიშველობა ამ ჟანრმა XVII ს-ში შეიძინა. ჰოლანდიელი მხატვრები გოიენი, რეისდალი და სხვ. ყურადღებას ამახვილებდნენ, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინტერესო ხედებზე, როგორიცაა დაბურული უღრანი ტყეები, ქარის წისქვილების სილუეტები, განმარტოებული ქოხმახები, სასაფლაოები და სხვ.

ინგლისელი ფერმწერი ჯონ კონსტებლი ( 1776 - 1837 ) გამუდმებით აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს, ღრუბლების მოძრაობას, ამინდის ცვალებადობას და ცდილობდა, ბუნების სურათები რაც შეიძლება მეტი სიზუსტით აესახა. უილიამ თერნერს ( 1775 - 1851 ) განსაკუთრებით უყვარდა ჭექა-ქუხილის, კოკისპირული წვიმების, ზღვიდან მოვარდნილი გრიგალის, მზის ჩასვლის ასახვა. მასაც, კონსტებლის მსგავსად, ამინდის ცვალებადობა იტაცებდა. ცნობილია ფაქტი, რომ ერთხელ მხატვარმა მეზღვაურებს ანძაზე მიაბმევინა თავი, რათა ქარიშხალს დაჰკვირვებოდა.

პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს XX საუკუნეების ფრანგმა პეიზაჟისტებმა, რომლებიც 'ბარბიზონის სკოლის' მხატვრების სახელით არიან ცნობილნი. ბარბიზონი პარიზთან მდებარე პატარა სოფელია, რომელშიც მხატვრები იმ მიზნით დასახლდნენ, რომ ბუნებასთან ახლოს ყოფილიყვნენ.

ბარბიზონის სკოლის მამამთავარი იყო თეოდორ რუსო, რომელიც ამტკიცებდა, რომ 'ბუნება ხელოვნებისათვის ულევი მასალაა'. ბარბიზონელების ხელოვნებასთან ახლოს იდგა XIX საუკუნის უდიდესი პეიზაჟისტი კამილ კორო. მას უფრო მეტად აინტერესებდა განწყობილება, რომელსაც ესა თუ ის პეიზაჟი ქმნიდა.

პოეტურ, ლირიკულ სურათებს ხატავდნენ XIX ს-ის რუსი პეიზაჟისტები ისააკ ლევიტანი, ალექსეი სავრასოვი და სხვები. მათ მიერ შექმნილი თითოეული სურათი ადამიანის შინაგან განწყობილებას, მის გრძნობებსა და განცდებს ეხმიანება.

მშობლიური ბუნების ამსახველი ფერადოვანი, კოლორიტული პეიზაჟები შექმნეს ელენე ახვლედიანმა (1894-1973), რომელიც ძირითადად მშობლიური კახეთისა და ძველი თბილისის პეიზაჟებზე მუშაობდა, და დავით კაკაბაძემ (1889 -1952), რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იმერეთის მთაგორიანი ბუნების ასახვისადმი.

წყარო

0

ავტორი: