10:03:31     19-01-2012
ედგარ პოს „ჭია-მებატონე“ (დაბადების დღისადმი)
1809 წლის 19 იანვარს, ბოსტონში დაიბადა დიდი ამერიკელი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი - ედგარ ალან პო (Edgar Allan Poe).
ეგარ პოს მშობლები მოხეტიალე თეატრის მსახიობები იყვნენ. მამა, დევიდ პო (1784-1811) ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი იყო, დედა, ელიზაბეთ არნოლდ პო, ინგლისური წარმოშობისა გახლდათ. მომავალ პოეტს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ედგარი გაზარდეს ვირჯინიელმა ჯონ და ფრენსის ალანებმა.
ალანები შეძლებული ვაჭრები იყვნენ და არაფერი ენანებოდათ შვილობილისათვის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკოტრება ემოქრებოდათ, მაგრამ ბავშვისთვის არაფერი უგრძნობინებიათ. შემდეგ კი ჯონ ალანმა დიდი მემკვიდრეობაც მიიღო.
როცა ედგარი 6 წლის იყო, ალანების ოჯახი ინგლისში გაემგზავრა. ბავშვი მიაბარეს ლონდონის პრესტიჟულ სასწავლებელში, სადაც ხუთი წელი სწავლობდა. 1820 წელს ოჯახი დაბრუნდა ამერიკაში. ედგარი კოლეჯში მოეწყო. კოლეჯის შემდეგ სწავლა განაგრძო რიჩმონდის უნივერსიტეტში.
განსაკუთრებულ ნიჭს პატარაობიდანვე ავლენდა. 5 წლის ასაკში წერა-კითხვა იცოდა, ხატავდა, უყვარდა ცხენზე ჯირითი. გატაცებული იყო ლიტერატურით, ისტორიით, კარგად სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, ფიზიკას. ფიზიკურად ძლიერი იყო. ლექსებს ბავშვობიდან წერდა. საკმაოდ ცელქიც გახლდათ, არაორდინალური ხასიათის. უყვარდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება თავის თავსა და მეგობრებზე. თუმც გრძნობდა თავის განსაკუთრებულ ნიჭს, არ ავლენდა თავის უპირატესობას სხვებთან მიმართებაში.
17 წლის ასაკში ედგარს მოუწია ალანების ოჯახიდან წასვლა. ჯონ ალანმა უარი უთხრა გადაეხადა ფული, რომელიც ედგარმა ბანქოში წააგო. ედგარისათვის კი ამ ვალის გადახდა ღირსების საქმე იყო. როგორც ჩანს, ჯონ ალანი და ედგარ პო ძალიან განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების ადამიანები იყვნენ. ამბობენ, ჯონს მობეზრდა ექსცენტრიული შვილობილის თავგადასავლები. დედობილი, კი, ჩანს ძალიან თბილი და მოყვარული იყო თავის აღზრდილისა...
უსახსრობის გამო მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება. 1827 წელს, გამოსცა თავისი პირველი ლექსების კრებული „თემურ ლენგი და სხვა ლექსები“. ნებაყოფლობით წავიდა ჯარში. ჯარში სამსახური თავიდან მოსწონდა, წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა შემდეგ გამოეთხოვა არმიას, ისევ ჯონ ალანის მეშვეობით, რომელსაც დახმარებისთვის მიმართა. ამ პერიოდში გარდაიცვალა მისი დედობილი.
ისევ პოეზიას მიუბრუნდა, მისი შემოქმედებით დაინტერესდნენ და 1829 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ალ-არააფი, თემურ ლენგი და პატარა ლექსები“.
1830 წელს ჯონ ალანის დახმარებითა და სურვილით, ედგარ ალან პო მოეწყო ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში. მაგრამ, თავისუფლება ძალიან სწყუროდა და... გამორიცხეს. მამობილთან ისევ უსიამოვნება მოუვიდა. ჯონ ალანი ამის მერე კი ეხმარებოდა, მაგრამ მცირე თანხით.
ამ დროიდან ედგარ პოს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა სიღატაკეს, უბედურ სიყვარულს, ალკოჰოლს, ფსიქიკურ აშლილობას, მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს და ..(ისევ) ბრწყინვალე ლიტერატურულ შემოქმედებას...
საქართველოში ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ედგარ ალან პოს შემოქმედება. მისი ლექსი „ყორანი“, როგორც გამოარკვია გივი ბოჯგუამ, 21 ადამიანს უთარგმნია ქართულად, ვაჟა-ფშაველადან დაწყებული... გივი ბოჯგუამ შეაგროვა ყველა ვარიანტი. „ყორანი“ ქართულად უთარგმნიათ: სანდრო შანშიაშვილს, გრიგოლ მეგრელიშვილს, კონსტანტინე ჭიჭინაძს, ფილიპე ბერიძს, გიორგი გამყრელიძეს, გიორგი ნიშნიანიძეს, სტეფანე მხარგრძელს, ჯემალ ინჯიას, პორფირე იაშვილს, სილოვან ნარიმანიძეს, ვაჟა შიუკაშვილს, ვანო ყვავილაშვილს, კონსტანტინე ზ. გამსახურდიას, გია ბენიძეს, ზვიად მუსელიანს, ბათუ დანელიას, კოტე ჯანდიერს, კოტე ყუბანეიშვილს, ლელა ებრალიძეს, ბაგრატ ბადიდს.
აქვე გავიხსენოთ გალაკტიონი:
საუბარი ედგარზე
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.
ხშირად მაგონდება ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურვილი, მთვარით შემოსილი,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!
(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.
უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა.
ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი,
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!
ედგარ ალან პოს დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ მის ლექსს „ჭია მებატონე“, რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა.
ედგარ პო:
ჭია-მებატონე
(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)
მარად წყვდიადში ეს ზეიმი სხვანაირია
და ჩირაღდნებით თეატრია განათებული.
პარტერში მჯდარი ანგელოზნი ჩუმად სტირიან,
ტრაურულ სევდით მოცულია მათი კრებული.
თრთოლავენ ფრთებით და სცენისკენ იცქირებიან.
საშინელების და იმედის მოდის ჩვენება,
უსმენენ შიშით, მოკრძალებით ორკესტრს ვნებიანს,
და ზეღრუბლიან მუსიკის ხმა მოესვენება.
მსახიობები თვით ღმერთების მსგავსნი არიან,
ჯამბაზობაა უხეირო მათი თამაში.
წასვლა და მოსვლა თოჯინების ცრუ სიზმარია.
რაღაც უაზროს ბუტბუტებენ მუდმივ ღამეში.
მსგავსი ლანდები მათ ახლავან უზარმაზარი,
რომ არსად წავლენ, და ძნელია მათი ყურება,
კონდორის ფრთებით აშრიალდა ხორო საზარი,
ფარსი უაზრო, უთავბოლო, მაგრამ შენ იცი:
საოცარ დრამის დავიწყება არ შეიძლება,
მისდევენ აჩრდილს შეშლილები ამაო ფიცით,
სწრაფად მოცოცავს ის აჩრდილი მაცდურ ნისლებად.
ის სცენის ირგვლივ მიუწვდომი, ცბიერი დარბის
და პირველ წერტილს უბრუნდება ხელუხლებელი.
საკვირველია ამ პიესის სიგიჟე ხარბი,
საშინელება ამ პიესის არის მხლებელი.
ო, ეს ვინ არის, რომ მოძვრება ჯამბაზთა შორის,
ეს სისხლიანი, საზარელი სახე ვისია,
კულისებიდან ატორტმანდა სიმძიმე მძორის,
ეს არის ჭია – ის ნაკლებად უკადრისია.
ის იკლაკნება, იგრიხება, უთუოდ შია,
და მის ხახაში ახრიალდა მსახიობთ ძვლები.
სერაფიმები ქვითინებენ, ქოფაკი - ჭია
გაუმაძღარი სვამს წითელ სისხლს მხეცური ვნებით.
თეატრში ჰქრება საზეიმო ის ბრწყინვალება,
სული კანკალებს, უსიტყვოა ახლა ყოველი.
და ხალხს ეშვება თავზე ფარდის იდუმალება,
საბედისწერო, ვით სუდარა, ქარის მთოველი.
სერაფიმების პარტერიდან ხორალი დგება
გაფითრებული ამტკიცებენ აგზნებულ პირით,
რომ ამ პიესას გასაოცარს ჰქვია “ცხოვრება”,
რომ არის ჭია - მებატონე ამ დრამის გმირი...