22:19:35     18-01-2012
გიორგი თარგამაძე: ობამასა და სააკაშვილის მომავალი შეხვედრა, ისტორიული მოვლენაა

აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვარს დაგეგმილ შეხვედრას, საპარლამენტო უმცირესობა ისტორიულ ფაქტად აფასებს. ოპოზიცია, აშშ-სგან საქართველოს მხარდაჭერასა და ნათელ გზავნილებს ელის. როგორც „პრესა.ჯი“-ს “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ხდება. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დრო, როგორც საგარეო კუთხით, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, ძალიან კარგად არის შერჩეული, რადგან თეთრ სახლში, შემთხვევით არაფერი ხდება. ამას გარდა, თარგამაძე შტატებში, მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ, კრემლის გაღიზიანებასაც არ გამორიცხავს. რა მნიშვნელობის არის დაგეგმილი შეხვედრა? – „პრესა.ჯი“-ს კითხვებს, გიორგი თარგამაძე პასუხობს:
-როგორ შეაფასებთ თეთრ სახლში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომავალ ვიზიტს?
-აუცილებელია, იმ მნიშვნელოვანი ფაქტის ხაზგასმა, რომ მას შემდეგ რაც აშშ-ს ადმინისტრაციას სათავეში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩაუდგა, ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. თავისთავად, ეს უკვე მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტს, თავისი დატვირთვითა და კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება ისტორიულიც ეწოდოს. ის რომ შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგება და დაგეგმულია მაღალი რანგის შეხვედრები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ხდება. რაც ნაკარნახევია არა საიუბილეო თარიღით, არამედ იმ გამოწვევებით, რომელიც ამერიკისთვის რეგიონში არსებობს. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო ფაზაში შედის, რეგიონში ვითარება იძაბება, რადგან რუსეთის ხელისუფლების პოზიციები კავკასიასთან და საქართველოსთან მიმართებაში უფრო ხისტ და მკვეთრ ხასიათს იღებს, ამაზე სამხედრო მანევრების ჩატარებასთან დაკავშირებით, რუსეთის სარდლობის განცხადებები მეტყველებს. ამავე დროს, შემოდგომაზე, ჩვენ წინ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები გვაქვს. ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს ყველაზე ახლო, სანდო სტრატეგიული და გავლენის მქონე პოლიტიკური პარტნიორის და მისი პირველი პირის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ყოველგვარი გადაფასების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესია.
-რას ელით ამ ვიზიტისგან?
-პირადად მე, როგორც ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, ამ შეხვედრისგან ერთი მხრივ, რეგიონში განსავითარებელი პროცესების კონტექსტში, საქართველოს მხარდაჭერ განცხადებას ველი, მეორე მხრივ, ობამასგან ნათელი გზავნილების გაკეთებას ველი, როგორც საქართველოს მოსახლეობითვის, ასევე - ხელისუფლებისთვის. ასევე, ველი, აშშ-ს დაინტერესებას საქართველოში სამართლიანი და მაღალი ნდობის ხარისხის მატარებელი არჩევნების ჩატარებით.
-თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების სხვადსხვა კუთხით ინტეპრირება მოხდა...
-სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ აშშ-ს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ღიად დაუპისპისირდება და იტყვის, რომ ის ქვეყნის სათავეში აღარ უნდა იყოს, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. რაც შეეხება განცხადებას, მასში ყველა ის სფეროა ჩამოთვლილი, რომელზეც საქართველო და აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფორმატში რამდენიმე წელია თანამშრომლობს, მაგრამ, ამ განცხადებაში საგარეო უსაფრთხოება და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური, დემოკრატიული ტრასფორმაცია გამოკვეთილია და ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც ექცევა. გარდა ამისა, გზავნილი გაკეთდება, რომ შტატები, თავის პარტიორებიდან დემოკრატიულ ქცევას ელის და თუ, ჩვენ მათი პარტიორები ვართ, არა მხოლოდ სხვადასხვა საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში სამხედრო მონაწილეობის თვალსაზრისით, არამედ დემოკრატიის გავრცელების კუთხით, მაშინ, ეს მოლოდინი კავშირში არჩევნების ჩატარებასთან არის. ვფიქრობ, რომ ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დრო, როგორც საგარეო კუთხით, ასევე, საშინაო თვალსაზრისით, ძალიან კარგად არის შერჩეული. შემთხვევით თეთრ სახლში არაფერი ხდება, ამიტომაც, ამ შეხვედრის მიმართ, იმედიანად ვარ განწყობილი და ჩემი მოლოდინები პოზიტიურია.
-ბარაკ ობამას შეხვედრის გარდა, საქართველოს მარტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ეწვევა. ჩიკაგოს სამიტამდე, ამ რანგის შეხვედრები ევროპელი ლიდერებისთვის იქნება თუ არა ერთგვარი გზავნილი, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?
-ეს იქნება გზავნილი იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პესიმისტური დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, აქაც აუცილებელია, რომ საქართველომ ხელი იმ სახელმწიფოებს შეუწყოს, რომლებიც საქართველოს დაჩქარებული ტემპით ინტეგრაციას გულშემატკივრობენ. იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და საზოგადოება ეროვნული იდეების გარშემო გაერთიანდეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა, არჩევნების წინა პერიოდში ხელი უნდა შევუწყოთ არა საზოგადოების დაყოფას, არამედ - გაერთიანებას. სამწუხაროდ, საზოგადოების ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა კვლავ გრძელდება. საქართველო, ძალიან საშიშ ფაზაში შედის და ეს პოლიტიკურმა ელიტამ თუ არ გაითავისა, თანანმდებობა და მანდატები უკან დაგვრჩება. საქართველოს სტაბილური გარემო სჭირდება. ამას გარდა, ამერიკაში ვიზიტს უახლოეს დღეებში მეც ვგეგმავ.
-საქართველოს ყოველ წარმატებულ ნაბიჯს თან რუსეთის პროვოკაცია სდევს. თუ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი შედეგის მომცემი იქნება, კრემლის რა რეაქციას უნდა ველოდეთ?
-კრემლი, როგორც წესი, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობათა დემონსტირებით ღიზიანდება და არა მგონია, რომ ამ კუთხით, განსხვავებული რეაქცია იყოს. ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს, თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველაზე ცუდი გაურკვევლობაა. დასავლეთში, კოლეგებთან შეხვედრის დროს, ყოველთვის იმას ვუსვამ ხაზს, რომ გაურკვევლობას ნათელი განცხადებები სჯობს. მათ ვეუბნები, თქვენი შიში, რომ დაჩქარებული ტემპით საქართველოს ინტერგაციამ, შესაძლოა, რუსეთის ურთიერთობა გაართულოს, საღ აზრს მოკლებულია. ეს მიდგომა, პრობლემებს თავად ამ ქვეყნებს უქმნის. თუ რუსეთს ეცოდინება, რომ საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, ვითარება გაყინული არ იქნება, როგორც ბოლო წლებშია, ეს ხელს შეუწყობს თავად რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახლებულ ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ ნატოში ინტეგრირებისთვის ევროპის პოზიცია ერთიანი იყოს და რუსეთს შესაძლებლობა არ ჰქონდეს, ცალკეული ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულებებით საქართველოსთან მიმართებაში საკითხის მანიპულირება მოახდინოს. უნდა ითქვას, რომ ნიკოლა სარკოზის მიერ “თავისუფლების მოედანზე” გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად ახალი მიდგომა იყო.
0