17:24:00     18-01-2012
ვასილ ჭყოიძე: საქართველოსადმი აშშ-ის ინტერესი იზრდება...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში მიიღებს. ორი პრეზიდენტი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში განიხილავს - ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. ამას გარდა, ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოკავშირე ქვეყნების მომავალ შეხვედრას, ქართველი ექსპერტები დადებით მოვლენად აფასებენ და სამომავლო გეგმებსაც სახავენ.
რა მნიშვნელობისაა საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი? – „პრესა.ჯი“-ს კითხვებს პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე პასუხობს:
-აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას რა მნიშვნელობა ენიჭება და მხარეები რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას?
-აღნიშნული შეხვედრა, გასული წლის ბოლოს დაწყებული ტენდენციის გაგრძელებაა, კერძოდ, იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს მიმართ, აშშ-ის ინტერესი გაიზარდა. ეს კი, კონგრესის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში აისახა, რაც კარგია. მეორე მხრივ, ლიდერების შეხვედრა, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის თავს, ჩიკაგოს სამიტს, საპარლამენტო არჩევნებსა და ა.შ ემთხვევა. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, საუბარი იქნება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ფორმებზე, ჩიკაგოს სამიტზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე, საქართველოსთვის, შეიარაღების მიწოდების თემატიკაზე. ეს საკითხი, უკვე ამერიკელმა სენატორებმა დასვეს. ამასთან, მსჯელობა დეოკუპაციის თემაზეც გაიმართება, რომლიც შეხვედრების დროს, ყოველთვის ფიგურირებს და რომელშიც, აშშ პირდაპირი მხარდაჭერა ყოველთვის გვაქვს.
-სექტემბერში, 2008 წლის მსგავსად, კრემლი, სამხედრო წვრთნის “კავკაზ 2012’’-ის ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებს. ამ საკითხზე, ბარაკ ობამასთან თუ იქნება საუბარი?
-2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე, ყურადღება ამ საკითხზეც გამახვილდება და ალბათ, საუბარი პრევენციულ ღონისძიებებზეც იქნება, რაც “აგვისტოს ომის” მსგავს მოვლენას გამორიცხავს. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს ის ვითარება გამოიყენოს, რომელიც ისრაელ-ირანსა და ამერიკა-ირანს შორის არსებობს. ამ ფონზე კი, კრემლი რაღაცნაირად თავისი კუნთების დემონსტრირებას ცდილობს. მართალია, მოსკოვი ჩრდილო კავკასიით არ კმაყოფილდება, მაგრამ ეს ვითარება, ფეთქებადსაშიში თავად რუსეთისთვისაა.
-ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამას სურს, “რესპუბლიკელებს” აჩვენოს, რომ ვაშინგტონს საქართველო არ მიუტოვებია. ეს მართლაც ასეა თუ მოკავშირე ქვეყნები თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადადიან?
-“რესპუბლიკელები” უსაფრთხოებასთან მიმართებაში უფრო მეტ პრიორიტეტს სახავენ, ვიდრე დემოკრატები, ისინი აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეები არიან. ეს ხდება, არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. დემოკრატები თუ ცდილობენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არსებული ეჭვები გააქარწყოლონ, ეს ჩევნთვის მხოლოდ კარგის მომტანია. თუ აშშ-ის ორი პარტია იმაზე გამართავს დებატებს, რომ საქართველოს ყურადღება არ მოაკლდეს, მადლობის მეტი რა გვეთქმის?
-ბარაკ ობამას შეხვედრის გარდა, საქართველოს მარტში, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ეწვევა. ჩიკაგოს სამიტამდე, ამ რანგის შეხვედრები ევროპელი ლიდერებისთვის იქნება თუ არა ერთგვარი გზავნილი, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?
-იქედან გამომდინარე, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის, ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა ჩაფლავდა, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება საქართველოსადმი მკვეთრად შეიცვლება. იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაზე მეოცნებე ქვეყნას ანგარიშს არავინ გაუწევს, ამას გარდა, ვლადიმერ პუტინის რეიტინგიც ეცემა. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში მისი პატივისცემის დონე ნულზეა დაყვანილი. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა ნულზე დასულიყო და ჩავარდნილიყო.
-საქართველოს ყოველ წარმატებულ ნაბიჯს თან რუსეთის პროვოკაცია სდევს. თუ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი შედეგის მომცემი იქნება, კრემლის რა რეაქციას უნდა ველოდეთ?
-კრემლმა ფიზიკური პროვოკაცია თუ არ მოაწყო, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც პუტინს რეალური ოპოზიცია გამოუჩნდა. იქედან გამომდინარე, რომ პუტინის მიმართ ანგარიშისგაწევის ხარისხი შემცირებულია, განცხადებების კუთხით, საშიშროება არ არსებობს, თუმცა, შეიძლება, მოსკოვმა სხვა პროვოკაციას მიმართოს, მაგალითად, საჰაერო სივრცის დარღვევასა და სხვა ათასგვარ ფორმას. 0