სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ობიექტების მშენებლობა ვერ ესწრება სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ობიექტების მშენებლობა ვერ ესწრება />


  09:52:23     18-01-2012

სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ობიექტების მშენებლობა ვერ ესწრება

a14335.jpg

სოჭის ოლიმპიური ობიეტების ირგვლივ სკანდალი გორდება. გაირკვა, რომ ზოგიერთი, მათ შორის უსაფრთხოების ობიექტების მშენებლობა არათუ ფერხდება, არამედ, მათი აშენება, შესაძლოა, საერთოდ ვეღარ მოესწროს. ამან პრეზდენტ მედვედევის რისხვა გამოიწვია, რადგან სოჭის ოლიმპიადის ყველა პარამეტრით გრანდიოზულობის წარმოჩენა მოსკოვისათვის სერიოზული პოლიტიკური ინტერესია, ხარვეზებიანი ოლიმპიადა კი სერიოზული ჩავარდნა.

ის, რომ მთელი რიგი დაგეგმილი ობიექტები 2014 წლის ოლიმპიადისთვის ვერ ესწრება,  მედვედევმა მხოლოდ მაშინ გაარკვია, როცა რამდენიმე დღის წინ ადგილზე ჩავიდა. თუმცა დახურული თათბირის სკანდალური დეტალები ცოტა მოგვიანებით გახმაურდა. პრეზიდენტს ამცნეს, რომ მშენებლობის გრაფიკი დარღვეულია. 393 ობიექტიდან 76 პრობლემურია, იმდენად, რომ მათი ყოფნა-არყოფნა დევს სასწორზე. ეს ოლიმპიური ობიექტების 20%-ია.

ოლიმპიადის კურატორმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა ამაში კერძო ინვესტორები დაადანაშაულა, რომლებიც მისი თქმით, დაფინანსებაში პრობლემებს ქმნიან.

ესეც მეორე „უბედურება“: კერძო ინვესტორებს აღარ სურთ „საუკუნის მშენებლობის“ მონაწილენი იყვნენ, „ოლიმპიური სოჭი“ მათთვის უკვე არამიმზიდველი პროექტია?

მედვედევს პირდაპირ უთხრეს, რომ კერძო ინვესტორების პასიურობა იმდენად სიმპტომატურია, რომ ამან, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯზე სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონიოს.

რა ეშველება იმას, რომ ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მეტად ეჭვქვეშ დადგება, როცა ყველა გაიგებს, რომ 76 ობიექტიდან, რომელთა მშენებლობაც და შესაბამისად, გამოცდა-ტესტირებაც ვადებში ვერ ესწრება, 28 სწორედ უსაფრთხოების ობიექტია. ოლიმპიადის ჩატარება უსაფრთხოების 28 ობიექტის დანაკლისით უკვე სერიოზული პრობლემაა, მით უმეტეს, რომ თუნდაც 10-ჯერ მეტი ასეთი ობიექტის პირობებში ბევრ ქვეყანას ეჭვი მაინც ეპარება…

პრობლემურ ობიექტებს შორის არის სოჭის პორტი და ელექსტროსადგური. ახალი სატვირთო პორტი ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას კომპანიებმა სანახევროდ ააშენეს, მაგრამ ნაგებობა შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ სამშენებლო სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. ელექტროსადგურიც, რომელშიც „მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული გაზის დგუში“ უნდა დამონტაჟებულიყო, ვეღარ შენდება, რადგან აქ ხელისშემშლელი ბიუროკრატია აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ ობიექტის მშენებლობის ადგილი, 2010 წლიდან, ორჯერ შეიცვალა.

და ყველაზე მთავარი. დაგეგმილ ვადებში ვერ ესწრება ბობსლეის ტრასის მშენებლობა, რომელიც საკვანძო ობიექტია. სწორედ ესაა ის ყველაზე დიდი სპორტული არენა, სადაც 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი უნდა ჩატარდეს. ამ ობიექტის ტესტირება რამდენჯერმე დაიგეგმა. ბოლო გადაწყვეტილებით, ის 2012 წლის თებერვალშიც უნდა გამოეცადათ, მაგრამ საბოლოოდ როდის ჩატარდება ტესტირება, დღემდე უცნობია.

მედვედევი დააიმედეს, რომ პრობლემური ობიექტების ასაშენებლად დრო ჯერ კიდევ არის.  გამოსავალი უკვე მოძებნილია: კერძო ინვესტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეებს აღძრავენ და ნებით თუ არ სურთ, ძალით ჩაადებინებენ ფულს მოსკოვის „პრესტიჟის საქმეში“, რომელიც ექსპერტებმა კოლოსალური დანახარჯების, ოლიმპიადის ჩატარების შემდგომ  კი წამგებიან პროექტად დაასახელეს.

0

ავტორი: