აკაკი მინაშვილი: „კავკაზ 2012“- ის მიუხედავად, სამხედრო აგრესიის  საფრთხე არ არსებობს აკაკი მინაშვილი: „კავკაზ 2012“- ის მიუხედავად, სამხედრო აგრესიის საფრთხე არ არსებობს />


  15:41:44     17-01-2012

აკაკი მინაშვილი: „კავკაზ 2012“- ის მიუხედავად, სამხედრო აგრესიის საფრთხე არ არსებობს

a14314.jpg

მოსკოვი, სექტემბერში, სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012”-ის ჩატარებას, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აპირებს. კრემლის გეგმებს, შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას ახორციელებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას ავითარებს და შეტევითი ხასიათის შეიარაღება შემოჰყავს, რადგან ცდილობს პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.

უწყების შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება იმ ფაქტს უნდა მიაქციოს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა და იგი აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს.

„რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე”, - აცხადებს საგარეო უწყება. სამინისტროს მსგავსად, ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას დეპუტატებიც აქცევენ. როგორც „პრესა.ჯი-ს“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განუცხადა, რუსეთის მიერ, ასეთი ტიპის წრთვნების ჩატარება და მისი აგრესიული მოქმედებები, კონტრპროდუქტიული თავად რუსეთისთვისაა.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, რუსეთი, საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რაც მათთვის ცუდის მომტანია. „აგრესიული მოქმედებების მიუხედავად, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური, რის გამოც, რუსეთის მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკას თუ არ შეცვლის, პრობლემებს თავის თავს შეუქმნის”, - განაცხადა მინაშვილმა.

სამხედრო წრთვნებზე საუბრისას, დეპუტატი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კრემლის მოქმედებებს, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები აკვირდებიან.

„სამხედრიო აგრესიის მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც რუსეთს გააჩნია, ყველა ჩვენი მეგობარი რუსეთის მოქმედებას აკვირდება. ნებისმიერი ასეთი აგრესიული გამოხტომა, საზიანო რუსეთის ფედერაციისთვის იქნება, კერძოდ,  თავს ეკონომიკურად სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდებენ”, - დასძინა მინაშვილმა. მინაშვილისგან განსხვავებით, წრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით aRSfoTebas, საპარლამენტო უმცირესობა ვერ მალავს.

დეპუტატ ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ამ წრთნების უპრეცედენტო მასშტაბი შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს საყურადღებო მოვლენაა.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად, რუსეთის ფედერაციაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა და მთელი ეს ვითარება 2008 წლის, იმ პერიოდს ჰგავს, როდესაც „აგვისტოს ომი” დაიწყო, რაც  საგანგაშო ფაქტია. ამ მოვლენას, ხაზი ჩვენს დასავლელ მეგობრებთან უნდა გაესვას” - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დეკემბერში, მოსკოვში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის დროს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა მაკაროვმა განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილია „კავკასია 2012”"-ის ჩატარება. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროების თანახმად, წინა წლებისგან განსხვავებით, „სწავლებები ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, არამედ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”. ამასთან, წრთვნებში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახეობის ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ), საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა (МЧС) და დაცვის ფედერალური სამსახურის ძალები (ФСО) და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ასევე, დაგეგმილია დაზვერვისა და კავშირის ყველა სახეობის საშუალებების - ელექტრონული, კოსმოსური, აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება.

0

ავტორი: