საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდი, რუსეთში „აკრძალული ლიტერატურაა“ საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდი, რუსეთში „აკრძალული ლიტერატურაა“ />


  09:27:04     17-01-2012

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდი, რუსეთში „აკრძალული ლიტერატურაა“

a14291.jpg

რუსეთში, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდი დაბლოკილია, - როგორც ჩანს, მისი დათვალიერების მსურველების სიმრავლის გამო. თუმცა, ცნობისმოყვარეები მაინც ახერხებენ „ალტერნატიული“ გზები გამონახონ და მათთვის საინტერესო ინფორმაცია სხვა მისამართებზე მოიძიონ.

ასე მოიქცა რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდი მისთვის, -როგორც რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებისთვის, ისევე მიუწვდომელია, როგორც რუსეთისთვისაა მიუწვდომელი ის წარმატებები, რასაც საქართველომ 2004 წლის შემდეგ მიაღწია. ასეთი შედარებისთვის საჭირო ინფორმაციას კი მან საქართველოს პრეზიდენტის საიტზე მიაგნო და გაბრაზდა საკუთარ ხელისუფლებაზე, რომლის გამოც, „რუსეთს კარგა ხანს მოუწევს ოცნება იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში მიაღწია“.

რუსმა ინტერნეტ-მომხმარებელმა აღმოაჩინა და მთელს ინტერნეტში გაავრცელა, რომ: მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს პირველი ადგილი უკავია.

ამისკენ შესაბამის სამსახურებს ვლადიმერ პუტინმაც მოუწოდა, შედეგად კი:

საქართველოში 2005 წელს 8 პროცედურას 39 დღე სჭირდებოდა, 2012 წელს პროცედურებიც და დღეებიც შემცირდა და უკვე 1 პროცედურას 2 დღე სჭირდება. რუსეთში კი 2005 წელს 6 პროცედურას თუ 52 დღე სჭირდებოდა, 2012 წელს  5 პროცედურას 43 დღე სჭირდება.

ბიზნესის ადმინისტრაციული ბარიერებისგან გათავისუფლება და ახალი ბიზნესის წამოწყების პროცედურის გამარტივება რუსეთშიც მოინდომეს, მაგრამ თუ საქართველოში ამისათვის 2005 წელს 9 პროცედურას 25 დღეში ატარებდნენ, 2012 წელს 2 პროცედურას მხოლოდ 2 დღე სჭირდება. რუსეთში 2005 წელს 11 ასეთივე პროცედურას 36 დღე სჭირდებოდა, 2012 კი 30 დღე 9 პროცედურას.

მშენებლობაზე ნებართვის მიღება: მშენებლობაზე ნებართვების გაცემის გამარტივებაზე პუტინმა  4 წლის მანძილზე ბევრი ილაპარაკა, მაგრამ მხოლოდ ილაპარაკა. შედეგად: თუ საქართველოში 2006 წელს ამისათვის 24 პროცედურას 197 დღე სჭირდებოდა, 2012 წელს უკვე 9 პროცედურას 74 დღე სჭირდება. რუსეთში კი 2006 წელს 62 პროცედურას 642 დღეში ატარებდნენ, 2012 წელს კი 51 პროცედურას არანაკლები - 423 დღე სჭირდება. ამასთან, ამ მაჩვენებლით, რუსეთი, 183 ქვეყანას შორის 178-ე ადგილს იკავებს, ანუ საქმე უფრო ცუდად აქვს, ვიდრე ავღანეთს, ერაყს და კოსოვოს. „საქართველო კი უმოკლეს ვადებში გავიდა მე-4 ადგილზე.“

Doing Business-ის ერთობლივი რეიტინგი: თუ ამ მიმართულებით საქართველოს თავიდან 112-ე ადგილი ეკავა, ის ახლა 16-ე ადგილზეა, რუსეთი კი ისევ ძველ 120-ე პოზიციაზეა. 2010 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში კი ნათქვაია, რომ  2006 წლის შემდეგ, რეფორმებისა და ბიზნესის წარმოების გამარტვების შედეგად საქართველომ, როგორც აქტიურმა ქვეყანა-რეფორმატორმა, 174 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით, Transparency International-ის თანახმად, საქართველო პირველია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რუსეთი კი თითქმის, უკანასკნელი.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 10 პარამეტრის მიხედვით, საქართველოს 2005 წელს 93-ე ადგილზე აყენებდა, 2012-ში კი 34-ე ადგილზეა. მაშინ, როცა რუსეთი 2005 წელს 154-ე ადგილზე იყო, 2012-ში კი 143-ზე.

რუსეთი საქართველოს ვერც შემოსავლების ზრდის მაჩვენებელით შეედრება. თუ საქართველოში 7 წლის მანძილზე შემოსავალი 4,6-ჯერ გაიზარდა, რუსეთში მატება მხოლოდ 2,8-ჯერ მოხდა.

სამაგიეროდ, ამ ყოველივეს მიუხედავად, პუტინი მაინც „საფიცარი პრეზიდენტია“, რომელზე სიმღერაც, მალე, სამხედრო ნაწილების მუსიკალური ანსამბლების რეპერტუარში თავის ადგილს დაიმკვიდრებს. მოსკოვის ერთ-ერთი სამხედრო მუსიკალური გუნდი უკვე რეპეტიციებს გადის ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილ სიმღერაში, რომელსაც, ცოტა ხანში კონცერტზე შეასრულებენ.

ეს არის „ოდა“ პუტინისადმი, რომელიც „შანსონის“ სტილში შესრულდება და მას ჰქვია „Давай вперед, Владимир Путин“. სიმღერის ტექსტი სამხედრო-პოლიტიკური შინაარსისაა და იმ გამოწვევებზეა აქცენტირებული, რაც დღეს პუტინის წინაშე დგას - მტრებთან და ოპოზიციასთან ბრძოლა. გარდა ამისა, პუტინი, საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივო კანდიდატურად სახელდება.

ინტერნეტმომხმარებლის შედარებები ამ ფაქტსაც მოჰყვა და პუტინი აწ გარდაცვლილ კიმ ჩენ ირს შეადარეს, რომელსაც სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც  უმღერიან, - „ლიდერო, ველით შენს ბრძანებებს“… მით უმეტეს, რომ ამ შედარების გასაკეთებლად ჩრდილოკორეელი ლიდერის მოღვაწეობის შესახებ რუსეთის მოსახლეობას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, რომელიც სააკაშვილის Facebook-ის მსგავსად, მათთვის, „აკრძალული ლიტერატურა“ არასოდეს ყოფილა.

0

ავტორი: