„კავკაზ 2012“:  ისეთივე მანევრი, რომელიც 2008 წელს ომით დასრულდა „კავკაზ 2012“: ისეთივე მანევრი, რომელიც 2008 წელს ომით დასრულდა />


  21:04:30     16-01-2012

„კავკაზ 2012“: ისეთივე მანევრი, რომელიც 2008 წელს ომით დასრულდა

a14289.jpg

რუსეთი თავის სამხრეთით იმავე ტიპის სამხედრო მანევრს ჩაატარებს, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს 5-დღიანი ომით დასრულდა. თუმცაღა, სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“ გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს „კავკაზ 2008“ იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლების „კავკაზ 2012“-ის ჩასატარებლად მზადება უკვე დაწყებული აქვს.

„სწავლება მასშტაბური და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ რეალიებთან მიახლოებული იქნება“ - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული სამხედრო მანევრი იქნება.

რა იგულისხმება ამაში? მით უმეტეს, რომ მანევრის მიზნებზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ის მოიცავს საბრძოლო ამოცანების რეალურად დამუშავებას ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის, „ასევე,  კასპიისა და სამხრეთ კავკასიის რაიონში სხვა შესაძლო კონფლიქტების შემთხვევაში“.

საგულისხმოა, რომ მანევრები სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.  რუსეთის სტრატეგიული პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, გენერალ-პოლკოვნიკ ლეონიდ ივაშოვის თქმით კი, მართალია, სწავლება სპარსეთის ყურეში არსებულ დაძაბულობას უკავშირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის ის დაკავშირებული იყოს „კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს“. მისი განცხადებით, სწორედ ამ ინტერეების დასაცავად ხდება ამ სამხედრო მანევრების, სროლების ორგანიზება.

„კავკაზ 2012“-ში რუსეთთან ერთად, კიდევ ორი „სახელმწიფოს არმია“ - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ჯარები მიიღებენ მონაწილეობას - იტყობინებიან რუსეთის ოფიციალური წყაროები. ამასთან, სწავლება ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, არამედ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. სამხედრო უწყებები არ მალავენ, რომ ეს იქნება 2012 წლის მთავარი მოვლენა სამხედრო ძალების მოღვაწეობისა.

საინტერესოა, რომ „ნეზავისიმაია გაზეტა“ არ ერიდება 2008 წლის ანალოგიურ სწავლებასთან პარალელების გავლებას და თუმცაღა წერს, რომ „კავკაზ 2012“ ისრაელი-აშშ-ირანის მიმართულებაზეა აქცენტირებული, გაცილებით მეტს საუბრობს კავკასიაზე და მკითხველს შეახსენებს, რომ:
„ანალოგიური სწავლება ჩატარდა, 2008 წლის 16 ივლისიდან 2 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან და ბევრ რამეში სწორედ „კავკაზ 2008“-ს დამსახურებაა, რომ რუსეთმა მოახერხა გაემარჯვებინა საქართველოზე ერთკვირიან ომში…“

2012 წლის სექტემბრისთვის დაგეგმილი სამხედრო სწავლება იქნება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული. ანუ სამხრეთის სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში ამოცანა დამუშავდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მიერ (საჰაერო, საზღვაო, კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ჯარები), არამედ მასში ჩართულნი იქნებიან  შსს, „ფსბ“, საგანგებო სიტუაციების სამსახური, და ა.შ. ანუ ქვეყნის ყველა სამხედრო უწყება.

ამასთან, მანევრების დროს მთავრი მიზანი იქნება დაამუშაონ კოსმოსური დაზვერვისა  და კავშირის საკითხები, უპილოტო აპარატები, მაღალწერტილოვანი იარაღი, მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემები…

ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქმა უკვე მიიღო მოდერნიზებული საშტაბო-სამეთაურო თითქმის 2 ათეული მანქანა, ისინი ყველა იმ მოტომსროლელთა და სატანკო ბატალიონის მართვის შემადგენლობაშია, სადაც კი დაზცერვა სისტემა ГЛОНАСС იყენებს. ამ სისტემითაა აღჭურვილი ყველა ახალი ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შემადგენლობაც  სამხრეთ ოლქში თითქმის 100%-ითაა განახლებული. ჯარებში შეტანილია ანტისაჰაერო თავდაცვის მართვის სისტემა  Барнаул-Т, რომელიც უკვე აკონტროლებს საჰაერო სივრცეს არა მხოლოდ რუსეთის თავზე, არამედ სამხრეთ კავკასიის მთელს ტერიტორიაზე.

სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ზე საუბრისას „ნეზავისიმაია გაზეტა“ არ უარყოფს, რომ მოსკოვს არა მარტო ირანთან დაკავშირებული, არამედ სამხრეთის საზღვრებზე არსებული ვითარებაც ძალიან აღლევებს. თუმცა კონკრეტულად რა არის ამ „მღელვარების მიზეზი“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე - სადაც ეს მანევრები უნდა ჩატარდეს, ამაზე რუსული წყაროები დუმან.

0

ავტორი: