14:40:01     16-01-2012
„ოქროს გლობუსი“ და მისი გამარჯვებულები
სკანდალების მიუხედავად, ლოს-ანჯელესში, სასტუმრო „’ბევერლი ჰილტონმა’, „ოქროს გლობუსის’’ დაჯილდოვების 69-ე ცერემონიას უმასპინძლა. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც პრესტიჟით მხოლოდ „ოსკარს“ ჩამოუვარდება, ტელეარხ HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიებას, ინგლისელი კომიკოსი რიკი ჯერვისი უძღვებოდა, რომელიც არაპროგნოზირებადი კომენტარებით გამოირჩეოდა, თუმცა, კრიტიკოსთა განცხადებით, ამ წელს, ჯერვისის შეფასებები სატირაში არ გადასულა და მისგან მაყურებელი უფრო მეტს ელოდა. ცერემონიის დაწყების წინ, მსახიობები თავს, წითელ ხალიჩაზე იწონებდნენ.
რაც შეეხება ნომინანტებს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ, წლის საუკეთესო ფილმად ალექსანდრ პეინის ’’შთამომავლები’’ დაასახელა, საუკეთესო მიუზიკლად ფრანგი რეჟისორის, მიშელ ჰაზანავიჩუსის ’’მსახიობი’’ აღიარეს, რომელსაც მაყურებელი 1920-იანი წლების ჰოლივუდში გადაჰყავს, სადაც მუნჯი და შავ-თეთრი კინემატოგრაფია ბატონობდა. აღნიშნულმა ფილმმა სამი ’’ოქროს გლობუსი’’ მიიღო - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის და ორგინალური სცენარისთვის.
გარდა ამისა, წლის რეჟისორის ტიტული მარტინ სკორსეზეს მიანიჭეს, რომელმაც სათავგადასავლო 3 ფორმატის ფილმი ’’დროის მცველი’’ გადაიღო. უნდა ითქვას, რომ ამ ფილმმა, კრიტიკოსთა არერთმნიშვნელოვანი შეფასებები გამოიწვია. საუკეთესო სცენარის ნომინაციაში პრემია ვუდი ალენს ფილმისთვის ’’შუაღამე პარიზში’’ გადაეცა, ხოლო სტივენ სპილბერგს ’’ოქროს გლობუსი’’ მულტიპლიკაციური ფილმისთვის ’’ტინტინის თავგადასავალი: მარტორქას საიდუმლო’’ გადასცეს.
ცერემონიაზე, ჯილდოები ტელე-სერიალების კუთხითაც გაიცა და საუკეთესო კომედიურ ტელესერიალად ’’ამერიკული ოჯახი’’ აღიარეს, ხოლო, საუკეთესო დრამატულ ტელესერიალად კი - ’’უცხო შინაურებს შორის’’. ღონისძიებაზე, სერიალების საუკეთესო როლების შემსრულებლებიც დააჯილდოვეს და ქეით უინსლეტმა ტელესრიალ ’’მილდრედ პირსში’’ განსახიერებული როლისთვის ’’ოქროს გლობუსი’’ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსებისთვის, ყველაზე მოულოდნელი ირანელი რეჟისორის დაჯილდოება აღმოჩნდა, კერძოდ, უცხოური ფილმის კატეგორიაში ’’ოქროს გლობუსი’’ წილად ირანულ სურათს ’’ნადირისა და სიმინდის გაყრა’’ ხვდა რომელიც ასგარ ფარადიმ გადაიღო. შეგახსენებთ, რომ ეს სურათი, გასულ წელს, ბერლინის ფესტივალის ფავორიტიც გახდა, რის გამოც მან ’’ოქროს დათვიც’’ მიიღო, მაგრამ კრიტიკოსების განცვიფრება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ევროპელების მიერ, მოწონებული ფილმი ამერიკაშიც აღიარეს, იმ ფონზე, როდესაც ამერიკასა და ირანს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.
ამასთან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ, წლის საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო სიმღერაც გამოარჩია. პოპ-ვარსკვლავს მადონას ’’ოქროს გლობუსი’’ საკუთარი ფილმისთვის - ’’W.E’’ შექმნილი სიმღერისთვის გადაეცა, ხოლო საუკეთესო მუსიკად ჯილდო ფილმს ‘’არტისტი’’ გადაეცა.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცსა და ქალს, ეს ნომინაციები მერილ სტრიპმა და ჯორჯ კლუნმა გადაინაწილეს. სტრიპს, ’’ოქროს გლობუსი’’ ’’რკინის ლედიში" მარგარეტ ტეტჩერის როლის განსახიერებისთვის გადაეცა, ხოლო ქლუნს ფილმში ’’შთამომავლები’’ შესრულებული როლისთვის. აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე, მღელვარებისგან სტრიპს მომზადებული სიტყვა დაავიწყდა. საუკეთესო მსახიობების გამოვლენის პარალელურად, მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო ჰოლივუდის ვეტერანს კრიტოფერ პლამერს ფილმისთვის ‘’დამწყებნი’’ – გადასცეს, ასევე, ეს ჯილდო ფილმისთვის ’’მოსამსახურე’’ ოქტავია სპენსერმაც მიიღო. ამასთან, მიუზიკლისა და კომედიის ჟანრში საუკეთესო მსახიობებად მიშელ უილიამსი და ჟან დიუჟარდანი აღიარეს.
უნდა ითქვას, რომ უცხო ენოვანი პრესის ასოციაციამ, ტრადიციას არც წელს უღალატა და ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი 2012 წლის ’’მის ოქროს გლობუსიც’’ გამოავლინა. ამ ჯილდოს მფლობელი პოლ ქველისა და ენდი მაკდაუველის ქალიშვილი გახდა.
ასევე, მორგან ფრიმენს კინომატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის ’’ოქროს გლობუსი’’ გადაეცა. შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსი’’ 1944 წელს დაარსდა და მას ის ’’ოსკარის’’ დაჯილდოვების ცერემონიამდე, რეპეტიციად მიიჩნევენ. ’’ოქროს გლობუსი’’ 25 ნომინაციაში გადაეცემა. ღონისძიების ერთ-ერთი თვისებაა, რომ ზოგიერთ კატეგორიაში ჯილდო დრამატულ და კომედიურ-მუსიკალურ ჟანრებად იყოფა.
0