ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან გადარიცხულ ფულს აღარ გაანაღდებენ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან გადარიცხულ ფულს აღარ გაანაღდებენ />


  10:23:52     16-01-2012

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან გადარიცხულ ფულს აღარ გაანაღდებენ

a14267.jpg

აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი 2012 წლიდან აფხაზეთში მცხოვრები ადამანებისთვის საქართველოდან გადარიცხულ ფულს აღარ გასცემს - იტყობინება „ეხო კავკაზა“. ახალ წლამდე ეს შესაძლებელი იყო საბანკო გადარიცხვების სხვადახვა სისტემების საშუალებით. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ფულის გადარიცხვა დაუშვებელია, რადგან ეს ოკუპირებული ტერიტორიებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უშვებდა გამონაკლისს, რადგან საქართველოს მოქალაქეები ამ გზით სეპარატისტულ რესპუბლიკებში მცხოვრებ თავის ნათესავებს ეხმარებოდნენ.

გადარიცხვები ხორციელდებოდა ისეთი სისტემების საშუალებით, როგორიცაა Contact, Anelik და Unistream. თუმცა გადარიცხვა, უშუალოდ, ვთქვათ, „სამხრეთ ოსეთში“, არ ხდებოდა. იქ მოქმედ ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები აქვთ ჩრდილო ოსეთში და შესაბამისად, თანხა ირიცხებოდა რუსეთში, რუსული ბანკი კი მას ცხინვალში ამისამართებდა.

აფხაზეთთან მიმართებაში კი უფრო მარტივი გზა არსებობდა, სწრაფი გადარიცხვის სისტემების - Anelik-ისა და Unistream-ის საშუალებით, რომლებსაც მიმღები პუნქტები აქვთ თბილისში. ფული საქართველოდან ამ სერვისების საერთო სისტემაში ირიცხებოდა, ხოლო აფხაზეთში მოსკოვის სათაო ოფისებიდან იგზავნებოდა. გზავნილების მირება შეიძლებოდა „ფინინვესტში“, „გარანტ ბანკში“, „ამრაბანკსა“ და აფხაზეთის „სბერბანკში“.

თუმცა აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა აკრძალვა ისე აამოქმედა, რომ მოსახლეობა საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. ადამიანებმა ამის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა გაგზავნილი ფულის ასაღებად მივიდნენ. არაფერი იცოდნენ არც
მოსკოვის „Anelik“-ის ოფისში, სადაც, როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, თავიდან არ დაიჯერეს, რომ ფულის განაღდება კლიენტებისთვის შეუძლებელი იყო. ოპერატორმა გადაამოწმა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი კონკრეტული გადარიცხვა 29 დეკემბრამდე უნდა განაღდებულიყო, თუმცა ეს არ მოხდა. 2 საათში კი გაირკვა, რომ აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბანკს აღარ სურს აფხაზეთის მოსახლეობა ქართულ ფულად დახმარებას იღებდეს.

აფხაზეთის სტატისტიკის განყოფილების უკანასკნელი მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღესდღეობით 46 ათასი ქართველი ცხოვრობს, - იმ მეგრელების ჩათვლით, რომლებიც სეპარატისტებმა ცალკე ეროვნებად გამოყვეს და აღწერის მონაცემებში ჩაწერეს, რომ აფხაზეთში 43 ათასი ქართველი და 3 ათასზე მეტი მეგრელი ცხოვრობს. ამ ადამიანების უმრავლესობას ენგურს გაღმა ნათესავები ჰყავს და მარიონეტული რეჟიმის სურვილის საწინააღმდეგოდ, მათთან კონტაქტებიც აქვს. ქართულ მხარეზე მცხოვრებნი, განსაკუთრებით, ისეთ სადღესასწაულო დღეებში, როგორიც ახალი წელია, ცდილობენ ფინანსურად დაეხმარონ უკონტროლო ტერიტორიებზე მცხოვრებ ახლობლებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აღარ აწყობს მოსკოვს, რომელმაც სოხუმს აღნიშნული აკრძალვის დაწესების შესახებ მისცა მითითება, რადგან აღნიშნული საბანკო ოპერაციები აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ქართულ სივრცეში რეინტეგრაციას ემსახურება.

0

ავტორი: