19:26:48     14-01-2012
დეკემბრის დემონსტრაციებმა პუტინის დაუმარცხებლობის მითი გაანადგურა

უკანასკნელ ხანს, რუსეთში დაწყებული გამოსვლებით შეშფოთებულმა პუტინმა, მრავალი წლის მანძილზე, პირველად გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური მანიფესტი, რომელშიც ირწმუნება, რომ საპოლიციო რეპრესიებს ბოლოს მოუღებს. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ შექმნის სპეციალურ სასამართლო სისტემას, სადაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უკმაყოფილებები გამოხატონ. ამასთანავე, პუტინი ირწმუნება, რომ დაიწყებს სერიოზულ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევითობად არ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ პუტინის მანიფესტი იმ დემონსტრაციების ერთი თვის თავზე გამოქვეყნდა, რომელიც 4 დეკემბრის არჩევნებმა გამოიწვია და სადაც თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა. ისინი დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას მოითხოვდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი, პუტინის დაპირებებს უბრალო სიტყვების თამაშს უწოდებენ. ოპოზიციონერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს მოსაფიქრებლად მთელი თვე ჰქონდა, მის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში, მაინც არაფერია ნათქვამი არჩევნების გაყალბებასა და მისი უსამართლო შედეგების შესახებ.
მიუხედავად ყველაფრისა, მოქალაქეების დიდი ნაწილი მაინც თვლის, რომ პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კვლავ სახელმწიფოს სათავეში დაბრუნებაა და მათი აზრით, ეს მანიფესტიც წინასწარ დაგეგმილი იყო, რათა დაკარგული რეპუტაცია, როგორმე კვლავ დაიბრუნოს. ეს ყველაფერი კი იმ კომენტარებში იგრძნობა, რომელსაც მოქალაქეები დეკლარაციის გაცნობის შემდეგ ინტერნეტში ტოვებენ. აი, მაგალითად ერთ–ერთი მათგანი:
„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! ალბათ კარგად გესმით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე საპრეზიდენტო ვადას კანონი არ კრძალავს, იგი მაინც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრსა და დამოკიდებულებას. თუ თქვენ რუსეთის ფედერაციის კანონებს პატივს სცემთ, თუ თქვენთვის ათობით ათასობით დემონსტრანტის უკმაყოფილება უბრალოდ დროის ფლანგვას არ ნიშნავს, თუ თქვენ პატივს სცემთ სამართლიანობას და საბოლოოდ, თუ თქვენ მართლაც გსურთ სამართლიანი არჩევნები, მაშინ უკეთესი იქნება, თუ თქვენს კანდიდატურას მოხსნით“.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, შვიდი მსგავსი კომენტარი უბრალოდ გაქრა. რამდენიმე მათგანი კი მოგვიანებით აღადგინეს, თუმცა ის კომენტარები რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი ჰქონდათ. ამასთანავე, ოპოზიციონერები თვლიან, ეს ყველაფერი იმდენად ბანალურია, რომ მისი დაჯერება უბრალოდ შეუძლებელია.
„ეს ყველაფერი ტყუილია. თუ პუტინი კვლავ დაბრუნდება, ეს იმავე პოლიტიკის შენარჩუნებას ნიშნავს, რაც აქამდე არსებობდა. იგი ვერ შეიცვლება!“, – აღნიშნავს ბორის ნემცოვი.
ერთთვიანი პატიმრობიდან განთავისუფლებული მემარცხენეების ლიდერი, სერგეი უდალცოვი აცხადებს: „წინასაარჩევნოდ კარგად გათვლილი წინადადებების დაწერა ნებისმიერს შეუძლია. მაგრამ რა ძალა აქვს ამ ყველაფერს? ისინი უბრალოდ სიტყვები გახლავთ!“
ექსპერტების აზრით, დეკემბერში გამართულმა დემონსტრაციებმა შეძლეს პუტინის დაუმარცხებლობის მითის განადგურება და ამით მისი პოლიტიკური სისტემა საგრძნობლად შეასუსტეს.
„პუტინი ადეკვატურობას კარგავს. იგი მიეჩვია იყოს მეფე და ძველებურად თავს აბსოლუტურ მონარქად აღიქვამს, მაგრამ რეალურად იგი აღარ არის მეფე. როგორც ლიდერი, იგი დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო სუსტდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შესწევს საკუთარი ქცევების შეცვლის უნარი. აღსანიშნავია, რომ პუტინი შეპყრობილია საკუთარი გარეგნობით და მას ყოველდღიურად აკონტროლებს, თუმცა ამის გამო საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის კონტროლი აქვს დაკარგული და ეს მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება!“ – აღნიშნავს ერთ–ერთი ექსპერტი.
0