14:51:07     14-01-2012
ლავრენტი არდაზიანის „ფულები“ (გარდაცვალების დღისადმი)
1870 წლის 13 იანვარს, ტფილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, უკვდავი ნაწარმოების ავტორი ლავრენტი არდაზიანი.
ლავრენტი არდაზიანი დიდი მწერალია, მან დახატა, სამწუხაროდ, ნამდვილი, თანმდევი სახე საქართველოს, გნებავთ მსოფლიო ცხოვრებისა - სოლომონ ისაკიჩი, მეჟღანუაშვილი. თან რა დიდებულად.
„სოლომონ ისაკიჩი“ სამწუხაროდ „უკვდავი“ პერსონაჟია ჩვენი ცხოვრებისა. ჩვენს ეპოქაში არა ერთი ადამიანი პირდაპირ გაცოცხლებული სოლომონ ისაკიჩი გეგონება ადამიანს, რომელიც ოპერისკენ მიისწრაფის, საზოგადოებაში სურს გამოჩნა, ხელოვნების მოღვაწეებთან უნდა დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ტაშის დაკვრის დრო ეშლება.
სხვები რომ ქვეყნის ბედით ინტერესდებოდნენ, ქვეყნის ჭაპანს წევდნენ, ის „ფულებს“ აგროვებდა... ახლა მედიდურად იცქირება ძვირფასი მანქანის დამუქებული მინიდან...
1861 წელს ლავრენტი არდაზიანმა გამოაქვეყნა „სოლომონ ისაკიჩ მეჟღანუაშვილი“... სავაჭრო ბურჟუაზიის ჩამოყალიბების ეპოქა საქართველოში... თუმცა, მაშინდელი „სოლომონ ისაკიჩები“ პატარა, გულუბრყვილო ბავშვებად მოგეჩვენებათ დღევანდელ „ისაკიჩებთან“ შედარებით.
მანამდე, პირველი ორიგინალური ნაწარმოები (თარგმანის მერე), რომელიც გამოუქვეყნებია ლავრენტი არდაზიანს, არის ლექსი „ფულები“. ეს ლექსი დაიბეჭდა 1858 წელს ჟურნალ „ცისკარში“. ლექსში შესანიშნავადაა გადმოცემული ფულის, თითქმის, ყოვლისშემძლე გავლენა ადამიანებზე თუ მოვლენებზე, უამრავი უარყოფითი, თუ ზოგიერთი დადებითი შედეგი ბევრი ფულის ფლობისა... ლექსს რომ წაიკითხავ, კიდევ ერთხელ მიხვდები - არ უნდა გახდე „სოლომონ ისაკიჩი“.
1964 წელს გამოცემული ლავრენტი არდაზიანის თხზულებების წიგნში ლექსი „ფულები“ არ შეუტანიათ. გამოცემის შენიშვნებსა და კომენტარებში, პირველ სქოლიოში ტექსტის გამომცემელი და კომენტატორი ცირა კალაძე წერდა: „კრებულში არ შევიტანეთ ლ. არდაზიანის ლექსი „ფულები“... იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობა აქვსო“.
ძალიან შეცდა ქალბატონი ცირა კალაძე, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი და გულუბრყვილო ლიტერატორი. ჩვენმა თანამედროვე ეპოქამ კიდევ ერთხელს დაამტკიცა ეს. ლავრენტი არდაზიანის ლექსი „ფულები“ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. აქტუალურია უკვდავ ნაწარმოებთან, „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილთან“ ერთად.
აღნიშნული ლექსი არ არის მხოლოდ ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობის, ის დიდი ფსოქოლოგის, ადამიანთა ბუნების ბრწყინვალე მცოდნის, დიდი მწერლის დაწერილია და ამგვარი ნაწარმოებები არ უნდა მივცეთ დავიწყებას და არ უნდა გამოვაკლოთ კრებულებიდან, მით უმეტეს, რჩეული თუ არ არის გამოსაცემი კრებული.
ლავრენტი არდაზიანი გენიოსი იყო, რომელიც კარგად ხედავდა „მეჯღანუაშვილთა“ წარმოქმნას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო საქართველოში, ახლა კი მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და მიუხედავად რესპექტაბელურობის სურვილისა, მაინც „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილებად“ რჩებიან.
ფულები
უწესოდ გაჩენილო, ურიცხვთ დასამხობელად,
იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად,
კაცთა ამპარტავნების ამწეო მეტად მაღლად,
მაგრამ, ამასთან ეგრეთ კეთილს იქ დიად მრავლად.
მარემ, ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენი თვალის სინათლევ,
გონების მიმტაცებო.
ხშირად გვიყვარს სტუმრობა მარად განურჩეველი
ამოა ფუფუნება, ჟამი დაუდგრომელი,
კაცთ ბუნების აღმძვრელი და შურით აღმვსებელი,
სიმართლის დამჩაგვრელი, კაცთ ზნეობის გამრყვნელი,
რა ვსთქვა? ისევ, ფულებო,
ყოვლნი სულნი გეტრფიან, გაქვს ესრეთი ბუნება,
არა გწამს მეგობრობა, არც ნათესავთ თვისება,
ახვალ ზევით, გეძლევა ხარისხი და დიდება,
სააქაოს ცხოვრება არს კაცთ ფულის მონება.
რახან ასე ფულებო,
რა გინდ ვინმემ გაძაგოს, კვალად და კიდევ ვართ შენი,
ლხინსა თუ ჭირვებაში შენ გიგალობს ხმა ჩვენი,
ბნელის ღამის გამნათი, უცნობისა გზის მჩენი,
პყრობილთ ტყვეთ გამომხსნელი, ფულებო, არს დრო თქვენი
აბა, ისე, ფულებო,
ძილი აღარ მოუვა, ვის ეწვევი სტუმრათა,
პირს ევლება მარად ჟამს მოღიმება ხშირათა,
მიხვალ, მიგდევს, ფულებო, რაზმი კარგი წყობითა,
მოხვალ, მოგდევს, მარამა, ნუთუ ღალატობითა?
თურმე, ასე, ფულებო,
ძლივს გავბედე, ფულებო, ამგვარი შენი ქება,
უმჯობეს ხარ ყველაზე, ვერვინ შეგედარება,
რა არ ხელთა გიპყრიეს: შექცევა, შვება, ვნება,
ვინცა უმცირეს იყოს, იგიც შენით შენდება.
რადგან ასე, ფულებო.
(„ცისკარი“ 1859 წ., # 9)
0