21:50:30     13-01-2012
ბადრი ნანეტაშვილი: „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, ჩვენთვის პოლიტიკური შეკვეთა იყო...

საზოგადოებრივმა მოძრაობა ,,ქართულმა ოცნებამ’’ განგაში ატეხა კონტროლის პალატის მოთხოვნაზე, რომ ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარედგინათ. აღშფოთებულებმა განცხადება აფრინეს, კონტროლის პალატამ მოგვაწოდოს და საზოგადოებას გააცნოს ყველა ის დოკუმენტი და აქტი, რომელიც 5 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობისათვის გაგზავნილ წერილს დაედო საფუძვლად და რომლითაც დადასტურდა, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ საჯაროდ განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვსო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა პოლიტიკური ამოცანები და მიზნები არ დაუმალავთ ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის’’, რომელსაც 90 წუთიანი პოლიტიკური რეკლამა დაუკვეთეს და პოლიტიკური ფასიც გადაიხადეს.
დღეს ,,ქართული ოცნების’’ მიერ ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის’’ 10 000 ლარის ღირებულების რეკლამის გადახდაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთის’’ მფლობელებმა და დამფუძნებლებმა, ძმებმა ჯონი და ბადრი ნანეტაშვილებმა, ერთსაათიანი პირდაპირი ეთერის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილს 10 000 ლარი გამოართვეს. ,,თრიალეთის’’ მიერ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებული ,,სარეკლამო ტარიფების’’ მიხედვით, 10–იდან 17 საათამდე 1 წუთი 20 ლარი ღირს. პირდაპირი ეთერით ,,ქართული ოცნების’’ პრეზენტაციის ჩვენებისთვის ,,თრიალეთის’’ დირექტორმა, კი ნაცვლად ოფიციალურად დაწესებული 1 000 ლარისა (50X20), 10 000 ლარი აიღოო. ,,პრესა.ჯი’’ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, ტელეკომპანია ,,თრიალეთის’’ ხელმძღვანელს, ბადრი ნანეტაშვილს დაუკავშირდა.
-ბატონო ბადრი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ თქვენს ტელევიზიაში 1 000 ლარის ღირებულების რეკლამაში 10 000 ლარი გადაიხადა...
– ჩვენ პრაისში, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა, გარკვევითაა მითითებული, რომ პოლიტიკური რეკლამის შემთხვევაში, ფასები მრავლდება 5–ზე. ხელშეკრულებაში, რომელიც გავაფორმეთ 90 წუთის ტრანსლირების შეკვეთაზე, ნათქვამია, რომ კომპანია უზრუნველყოფს ტელეარხის ეთერში მოძრაობა ,,ქართული ოცნების’’ პრეზენტაციის ტრანსლირებას, ან მოახდენს დამკვეთის მიერ მოწოდებული 90 წუთის მოცულობის ვიდეოჩანაწერის ეთერში გაშვებას. აღნიშნული რეკლამის ღირებულება, ჩვენი პრაისის მიხედვით, 18 000 ლარს შეადგენდა, მაგრამ რადგან ეს იყო ერთიანი დიდი შეკვეთა, ჩვენთან კი რეკლამები იშვიათად შემოდის, რადგან დაბლოკილია და ეს გახლდათ კარგი შეკვეთა, გავაკეთეთ ფასდაკლება, 8000 ლარი დავუკელით ,,ქართულ ოცნებას’’ და 10 000 ლარი გადავახდევინეთ. ალბათ არავინ დავობს, რომ ,,ქართული ოცნება’’ პოლიტიკური ორგანიზაციაა. პირიქით, კონტროლის პალატაც აცხადებს, რომ ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ამიტომ ჩვენ ავიღეთ რეკლამის პოლიტიკური ფასი.
- დიახ კონტროლის პალატა აცხადებს რომ ,,ქართულ ოცნებას’’ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ეს ძალიან თვალსაჩინოა, თუმცა თავად პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ,,ქართული ოცნება’’ არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული არა აქვს.
- შეიძლება აცხადებდნენ საზოგადოებრივ მოძრაობად, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა და პოლიტიკური ფასები მივიღეთ.
- აქამდე, თქვენი ტელევიზიის არსებობის ისტორიაში ყოფილა მსგავსი ღირებულების რეკლამის შეკვეთა?
- შემოდგომაზე გვქონდა ,,მემარჯვენეებისა’’ და ალასანიას პარტიის მიერ რეკლამის შეკვეთა. ეს იყო 2000 და 3000 დოლარი, როგორც მახსოვს. არჩევნების დროს გვქონდა სხვადასხვა მსხვილი შეკვეთები, თუნდაც ,,ნაციონალური მოძრაობისგან’’, სხვა პარტიებისგანაც. ჩვენი ტელევიზია არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ის არსებობს რეკლამის შემოსავლებით.
- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მოლაპარაკებას აწარმოებდა თქვენთან ტელევიზიის ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ არ დათანხმდით.
- ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა გამოცემების მიერ, მაგრამ ჩვენ არავითარი შემოთავაზება არ გვქონია.
- თუ იქნება ასეთი შემოთავაზება მიყიდით ტელევიზიას?
- არა, ჩვენ არ ვყიდით ტელევიზიას.
0