მამუკა კაციტაძე: დღეს, ბევრისთვის, მზე სოლოლაკში ამოდის და იქვე ჩადის მამუკა კაციტაძე: დღეს, ბევრისთვის, მზე სოლოლაკში ამოდის და იქვე ჩადის />


  16:28:16     13-01-2012

მამუკა კაციტაძე: დღეს, ბევრისთვის, მზე სოლოლაკში ამოდის და იქვე ჩადის

a14244.jpg

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილისა და ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენას მიესალმება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ, პარტიის თავმჯდომარედ,  მეუღლის დანიშვნა იმაზე მიანიშნებს, რომ ოლიგარქი  კოალიციის წევრებს არ ენდობა.

ამას გარდა, „ახლების“ ერთერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის კოალიცია, 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიშლება, ამის მიზეზი კი, პოლიტიკოსთა პირადი ინტერესები იქნება. მამუკა კაციტაძემ, დღეს, „ i tv”–ს პრესკლუბში შეკრებილი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

–  2012 წელს, „ახალ მემარჯვენეებს“ მოუწევთ კიდევ ერთი პარტიისთვის კონკურენციის გაწევა. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტია, რომელსაც მისი მეუღლე უხელმძღვანელებს. როგორ აფასებთ თქვენ შანსებს?

–  ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებლად და ამ გადაწყვეტილებას არ ვცვლით. საერთოდ მიმაჩნია, რომ სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ცვლიდეს ისეთი ტიპის პოლიტიკური ნოვაციები, როგორიც მოხდა 2011 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. არ ვამბობ, რომ ეს იყო უმნიშვნელო მოვლენა და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ან გასათვალისწინებელი არ არის. როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდის ფინანსურად ძლიერი მოთამაშე, ბუნებრივია, ქვეყანაში ცვლილებებს იწვევს. თუმცა, ამ ტიპის ნოვაციების გაფეტიშებაც არ ვარგა. არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, მაგრამ ბევრის აზრით პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და მათ შორის ჟურნალისტების აზრითაც,  5 ოქტომბრის შემდეგ, დედამიწის ცენტრი გადის ერთ პიროვნებაზე და რომ საქართველო ივანიშვილის გარშემო ტრიალებს. მე ასე არ ვუყურებ ამ ყველაფერს. დღეს, ბევრისთვის, მზე სოლოლაკში ამოდის და იქვე ჩადის.

– რა შანსები ექნება ამ პარტიას არჩევნებში, რომელსაც არსებობის მხოლოდ რამდენიმეთვიანი ისტორია ექნება?

– სიახლე, ბუნებრივია, მისასალმებელია. ერთადერთი ნაკლოვანება ამას რაც შეიძლება ჰქონდეს, არის პარტიის გამოუცდელობა. როგორი იქნება ქალბატონი ხვედელიძის ხელმძღვანელობით პარტია, ამაზე ვერ ვიმკითხავებ. ჯერ მხოლოდ გაჟღერდა ის, რომ შეიქმნება პარტია და მასში საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები შევლენ. ეს არის მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია. ერთს კი ვიტყვი. გადაწყვეტილება ბატონი ივანიშვილისა, რომ მის პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელებს მისი მეუღლე, ნიშნავს იმას, რომ ის მის გარემოცვაში არ ენდობა არავის. მან ვერც მის პოლიტიკურ პარტნიორებში, რომლებსაც უკვე პოლიტიკური პარტიები აქვთ, ვერც მის ექსპერტთა გუნდში, რომელიც არ არის მცირერიცხოვანი და ვერც იმ ადამიანებში, ვინც შემოიკრიბა, ვერ აღმოაჩინა ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოს და ჩააბაროს თავისი პოლიტიკური პარტია და ეს ნდობა გამოუცხადა საკუთარ მეუღლეს. 

–  თქვენ აღნიშნეთ, რომ ის არ ენდობა არავის და ამის გამო, მისი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება ეკატერინე ხვედელიძე. რამდენად მდგრადია ივანიშვილის კოალიცია და შესაძლოა თუ არა, კოალიცია დაიშალოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ?

  – ესეც მკითხაობას ჰგავს, მაგრამ მაქვს ამის გამოცდილება და ამიტომ მივცემ თავს უფლებას შევაფასო.  გამოვრიცხავ, რომ თუ რაღაც კატაკლიზმები არ მოხდა, არჩევნებამდე ეს კოალიცია დაიშალოს, რადგან მათ მოსალოდნელ ოცნებებთან ერთად, უკვე აიხდინეს გარკვეული ოცნებები. აქედან გამომდინარე რატომ დაიშლება? თუმცა, ისეთივე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ დაიშლება ეს კოალიცია, როგორი დარწმუნებითაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე არ დაიშლება.

– არჩევნების შემდეგ,  რა შეიძლება გახდეს ამ კოალიციის დაშლის მიზეზი?

– საკუთარი ინტერესები.

მოსალოდნელია თუ არა, რომ თავად ივანიშვილი იყოს ამ კოალიციის დაშლის ინიციატორი?

– რასაც მე და „ახალი მემარჯვენეები“ შეგნებულად გავურბივართ ან ვერიდებით, 5 ოქტომბრის შემდეგ, თქვენ ახლა ჟურნალისტური ოსტატობით გინდათ, რომ წამიყვანოთ ამ სიღრმეებში.  ვიგრძენი ეს და ამიტომ  სიღრმეებში არ გამოგყვებით. მე ვიცი რომ 2012 წლის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვნახოთ რა იქნება.

– რაც შეეხება ივანიშვილის მიერ მედიის დაფინანსებას?

– მეეჭვება რომ რომელიმე მედიასაშუალება, ან არასამთავრობო ორგანიზაცია მოხიბლა ბატონი ივანიშვილის იდეოლოგიურმა, მსოფლმხედველობრივმა შეხედულებებმა. ან თუნდაც ფსიქო–ანალიტიკურმა ხედვებმა.  ვფიქრობ, რომ ისინი მოხიბლული არიან ივანიშვილის ფინანსური რესურსით. ვერ ვხვდები, რატომ გაუკვირდათ ადამიანებს, რომ მან მილიონები დაარიგა? როდესაც ადამიანი არ გაგიცვნია საერთოდ, რატომ უნდა იყო მისდამი პოზიტიურად განწყობილი, ესეიგი გაინტერესებს ის კუთხე, რითაც ის არის ცნობილი.  მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა,  ვიყიდი, ვიყიდი, ვიყიდი, ვიყიდი და მერე გავყიდი...

0

ავტორი: