13:17:49     13-01-2012
გიორგი გაბაიძე - „ზღვისფერყანწელებს“
გუშინ პრესა.გე-ს მკითხველს ვუამბეთ ახალგაზრდა პოეტების, გიორგი გაბაიძისა და გენრი დოლიძის თავმდაბლობისა და კეთილშობილური საქციელის შესახებ („ახალგაზრდა პოეტებს არ ავიწყდებათ პოეტი ზურაბ გორგილაძე“).
ახლა გიორგი გაბაიძის შესახებ ვისაუბროთ. ჩვენი მკითხველი გიორგი გაბაიძეს უკვე შეხვედრია presa.ge-ს ფურცლებზე. იგი არის პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია “კავკასიონის” კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები შემოქმედების გაერთიანების “ლიტერატურული კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავის მეგობრებთან ერთად. აგრეთვე ამავე პროექტის ლიტერატურული საიტის http://Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.
2006 წელს გამოვიდა გიორგი გაბაიძის პირველი პოეტური კრებული “მკვდარი პოეტის მთვარე”; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მისი მეორე პოეტურ კრებული - “მომავლის მონატრება”.
2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული “დაუსრულებელი წერილი”. 2010 წელს გამოიცა გიორგი გაბაიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც გიორგისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა.
დღეს, მართლმადიდებლური სამყარო იულიანური სტილით აღნიშნავს ახალი წლის შემობრძანებას. გვილოცავს პოეტი გიორგი გაბაიძე:
„პირველ რიგში ქართველ ხალხს სულიერ ერთობასა და ურთიერთსიყვარულს ვუსურვებ, რაც ქვეყნის გაერთიანების საწინდარია!”
სიტყვავ სულის არტოებავ
“არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.
გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
გაცივებულ საცეცხლურში დანაცრული უსაკმევლოდ,
ხანაც უნდა მაწიოკო, დააფასებს დრო ამ წიოკს,
ხანაც შემისისხლხორცო და ხანაც შემილექსისმრევლო.
რაც გადიდე ყოვლიერით - ყოველივე ამინ იყოს!
ბაირაღზე დამაგრებულ ზანზალაკის – მელოდიად,
დარჩენილო სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ,
ქრისტესავით ნალახვრალო საფეშხუმე ევლოგიავ.
რწმენით რჯულში მომზირალო, დასაბამის – დასასრულო,
სისხლძარღვებში თავანკარად მორაკრაკევ და მტკივანო,
ეგვიპტეში მამელუქის სახესავით დაშაშრულო,
აფხაზეთო, სამაჩაბლოვ, კლარჯეთო და გურჯისტანო.
აქამდე რომ მოგიტანეს სიმღერად და მომატირეს,
ემკურნალე და ოქროსფრად ჩაეხვიე ხორხში ხელტარს,
როგორც ვაზი ჭიგოსა და ჭვარტლი ოდის დედა დირეს,
დედაბოძს რომ ენა ჰქონდეს რამდენ ტკივილს გაგვიმხელდა.
არ ეშვება ქარი მაინც, ამ ლერწამს და იმ კვიპაროსს,
დევიზია არ დანდობა, - გეენური - ძველ-დენდური!
რადგან ლერწიც არ გაუსხლავს, მტკაველიც არ დაუბარავს,
დამჭკნარია სათნოება მასში სამოთხ-ედემური.
მორევია პონტოსი, თუ სიტყვა - ლაზურ-ლაჟვარდული,
მომრევია სნეულება შენეული პანდემიით,
სადაც წავალ - შებოჭილი, შეშლილი და გაბაწრული,
დამინდონ და არ ამოგჭრან ამ ხორხიდან გლანდებივით.
მირჩევნია სოფლის ბოლოს ნენეს გულზე მძივად ება,
ბაბას ყელის ძარღვზე ჭექდე არა-სალიტერატუროდ,
“არცა განგცეთ სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო!
(ზღვისფერყანწელებს)
წვიმიდან იწყება და აღარ მთავრდება
წვეთების ფეხის ხმა,
ბათუმის სველი ცა - ჰგავს სასოწარკვეთილს...
იკეთებს ჰარაკირს...
ქალაქი დაუდგა პოეტებს თავდებად,
და მასში შეხიზნა,
მას შემდეგ ძვლებამდე ლექსებით გაჟღენთილ
ტკივილს ჰგავს ქალაქი...
თებერვლის სიზმარში ამინდი მძაფრდება,
ცას მწვანე ფონი აქვს,
შენც აღარ უყვები ისედაც ხომ იცის,
თოვლია ფანტომის,
და სტუმრობ სიმშვიდით გადაღლილ კაფებარს,
ყავას და კონიაკს
უკვეთავ... გარეთ კი თოვლი წვიმს,
ესაა ბათომი...
ჩუმდები... წერ დუმილს.. ფეხის ხმა არ ისმის,
დეჟავიუ გაქვს მგონი,
გაწელილ სიჩუმეს ზომავ (სახაზავით)...
(დროდადრო – ახველებ,)
ფილტვებში წყალივით ჩაგიდგა ქარიზმა,
სისხლში კი არგონი -
ლექსივით - ქალაქო და მათი ნაზავით
აკვირვებ მნახველებს.
პლანეტა დაფარა მომდევნო თარიღით,
ფანტელთა სამოსმა,
მეტი რა შეეძლო მაცხოვრის კვართივით
ხელთუქმნელ „სარწყუნისს“
სიმშვიდით გართული გონებას დაიღლი,
და ცდილობ გამოსვლას
საკუთარ თავიდან, არც ისე მარტივი
არის ეს მერწმუნე...
ბათუმის სველი ცა - გავს სასოწარკვეთილს...
იკეთებს ჰარაკირს...
დაიწყო წვიმით და ქუჩების სისველით,
ფიფქების ფეხის ხმა,
მას შემდეგ ძვლებამდე შავი ზღვით გაჟღენთილ
ლექსებს ჰგავს ქალაქი,
თორმეტი პოეტი სულში რომ პირველი
თოვლივით შეხიზნა.
ექსპრომტი თუნთას
წამოდი, მორჩა, რას მემართლები?!
გინდა, ვიცხოვროთ მხოლოდ ნაბადზე,
თან გავიყოლოთ თაფლის სანთლები,
და მერე თუნდაც ხატზე გადაგვცენ.
ვერ დაგვეწევა წყევლა დილამდე,
დავტოვოთ უკან კორიანტელი,
თუკი სულები ისე მივადნეთ,
რომ ჩამოვქენით ერთი სანთელი.
წყურვილს, რომელსაც დღემდე ვითმენდი,
მოვიკლავ ამ ცით, ამ წყლით, ამ მთებით,
და სანთლის ჩემი წილი სიწმინდით,
მაგ შენი გულის კოვზზე დავდნები.
გენაცვალე
გენაცვალე! განა რამე მეტი?
ვზივარ შენთან, გაზაფხული მქოჩრავს,
სურნელებით მომარიე რეტი,
მორჩა მოცდა... და ლოდინიც მორჩა!
გენაცვალე! განა მეტი რამე?
მარწუხივით მომეკარი, - მბოჭავ,
ეს აღდგომაც გავა, როგორც წამი,
მერე მორჩა, უშენობა მორჩა!
გენაცვალე! მეტი რამე განა?
ჩავეწვეთე თვალებს შენსას ნორჩებს,
ა, - ყელი და გამომისვი დანა,
იქნებ ასე ყველაფერი მორჩეს!
გენაცვალე! განა მეტი რამე?
გაზაფხული ძველებურად მქოჩრავს,
ეს აღდგომაც გავა, როგორც წამი,
მერე მორჩა, უშენობა - მორჩა!