კრემლს სოციალური ქსელების გავლენის ეშინია... კრემლს სოციალური ქსელების გავლენის ეშინია... />


  10:02:15     13-01-2012

კრემლს სოციალური ქსელების გავლენის ეშინია...

a14218.jpg

ხვალ, 14 იანვარს, რუსეთის დედაქალაქში, ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. მიტინგს პარტია „იაბლოკო“ და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გაუწევენ ორგანიზებას. როგორც ცნობილია, ცოტა უფრო მოგვიანებით, ოპოზიცია უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებას გეგმავს. ასე რომ, ეს მიტინგი, სავარაუდოდ, ამ პროცესების პრელუდია გახდება.   

ამასობაში, ანტისახელისუფლებო მიტინგების მოხშირებით შეშფოთებული კრემლის მაღალჩინოსნები, სოციალური ქსელების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მაგალითად, რუსეთის გენერალური პროკურორის, ჩაიკას აზრით, სოციალური ქსელებით და მსგავსი საიტებით, ექსტრემისტულად განწყობილი მოქალაქეები სარგებლობენ. „ინტერნეტით სარგებლობა ძალიან მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სოციალური ქსელები ასე პოპულარულია. სამწუხაროდ, ამ პოპულარობას კარგად იყენებენ ექსტემისტები, ადამიანების განწყობის შესაქმნელად“ - განაცხადა ჩაიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსგავსი განცხადება, რუსეთის მთავარმა ბრალმდებელმა მცირე ხნის წინაც გააკეთა. ჩაიკა არ მალავს, რომ პროკურატურის ორგანოები, რეგულარულად აწარმოებენ ინტერნეტის მონიტორინგს და „ტერორისტული ხასიათის“ გამოვლინებებს სწავლობენ. სწორედ ამის შედეგად, პროკურორის მტკიცებით, რუსეთში მოქმედი რამდენიმე ექსტრემისტული ჯგუფი იქნა გამოვლენილი და ათეულობით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამიტომ, ჩაიკა, სოციალური ქსელების და ინტერნეტის გაკონტროლების შესახებ კანონის მიღებას ითხოვს.  

ინტერნეტთან დაკავშირებით, იგივე აზრისაა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით, რუსულ პოლიტიკურ პროცესებზე და ადამიანთა ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენას, უცხოეთიდან ცდილობენ. გარდა ამისა, საამისოდ, რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ფონდია შექმნილი. სწორედ ამიტომ, პატრუშევი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას მოითხოვს, რათა რუსეთში არ განხორციელდეს „ფერადი რევოლუციების“ განვითარების სქემა. მოკლედ, კრემლი აშკარად პანიკაშია. თუმცა, რამდენად მოხერხდება რუსეთში სოციალური ქსელების და ზოგადად, ინტერნეტის შეზღუდვა და ბოლომდე კონტროლი, ეს ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია.    

0

ავტორი: