14:46:19     12-01-2012
აკაკი ბობოხიძე: ივანიშვილი, რუსეთმა საქართველოში, 15 წლის წინ „ჩასვა“ აგენტად

დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს ბიზნესმენ ივანიშვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ ოლიგარქი უფრო ადრე გეგმავდა პოლიტიკაში მოსვლას, ვიდრე „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა. პოლიტიკოსს იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ ბიზნესმენის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა მედიასაშუალების ანგარიშზე გადარიცხული სოლიდური თანხა, მხოლოდ სარეკლამო მომსახურების საფასურია. ბობოხიძის აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი, მისი ფულის „ხათრით“ მაინც გაერთიანდა. რა პროგნოზები აქვს ბობოხიძეს ივანიშვილის ცოლის პარტიასთან დაკავშირებით და ვის მიიჩნევს მმართველი გუნდი მთავარ კონკურენტად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე? „პრესა.ჯი“ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა.
– ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებას ავანსის სახით სოლიდური თანხა გადაურიცხა, თქვენი აზრით, ეს მხოლოდ სარეკლამო თანამშრომლობაა, თუ ბიზნესმენს სურს მედიასაშუალებათა მფლობელების გულის მოგება?
– თავის დროზე, გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ქართველი ხალხი არის საქონელი, რადგან ისინი წინასაარჩევნოდ იღებდნენ ფულსო. ამიტომ, ახლაც იგივეს თქმა შეიძლება. ვფიქრობ, რომ მედიას ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ივანიშვილს ამ მედიასაშუალებებთან მხოლოდ სარეკლამო ურთიერთობა არ სურს და ცდილობს, რომ ამ არხებზე და გაზეთის ფურცლებზე მისთვის სასარგებლოდ პოზიტიური მასალები ქვეყნდებოდეს.
–მედია მფლობელები ამბობენ, რომ ეს არის წმინდა სარეკლამო თანამშრომლობა და ივანიშვილის მიერ რეკლამისთვის გადახდილი ფული, ვერ იმოქმედებს სარედაქციო პოლიტიკაზე. თქვენი აზრით, იქნება გამიჯნული ივანიშვილის პოლიტიკური მიზნები და სარეკლამო თანამშრომლობა ამ მედიასაშუალებებში?
– ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდეც ნათელი იყო, რომ ოპოზიციური მედია უკვე წინასწარ იყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. მომავალშიც ასე იქნება, მიუხედვად არგუმენტებისა და ფაქტობრივი წინააღმდეგობებისა. ივანიშვილმა ბუნებრივია გააკეთა აქცენტი იმ მედიასაშუალებებზე, ვისაც მის მიმართ „ტკბობის პოზიცია“ უჭირავს. ეს მედიასაშუალებები, რომლებმაც ივანიშვილის „ქართული ოცნებისგან“ მიიღეს ფული, ვერანაირად ვერ იქნებიან დამოუკიდებლები და კრიტიკულები მის მიმართ.
– ივანიშვილი თავისი ინტერვიუების დასაწყისშივე ამბობს ყოველთვის, რომ ის არის გულწრფელი. თუმცა რამდენჯერმე მის განცხადებაში დაფიქსირდა უზუსტობა...
– ივანიშვილის განცხადებებში ვხედავ ერთ რამეს. ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა პოლიტიკაში მოსასვლელად და ეს გადაწყვეტილება მას არც 2008 წელს მიუღია და არც 2011 წელს. მან ძალიან ადრე დაგეგმა ეს ნაბიჯი და შესაფერის დროს ელოდებოდა. ვფიქრობ, რომ მისი საქველმოქმედო საქმიანობაც სწორედ ამის ნაწილი იყო. ცდილობდა რეიტინგი აეწია და მასზე შექმნილიყო ლეგენდა ქველმოქმედი კაცისა. მას ჰქონდა რამდენიმე გეგმა, ეს იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება ქვეყანაში, თუმცა ჰქონდა საკმაოდ გრძელვადიანი გეგმაც და დიდხარჯიანი. ეს გეგმა იყო სწორედ განცხადების გაკეთება პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. ამიტომ ივანიშვილის გულწრფელობაზე საუბარი სასაცილოა.
– რაც შეეხება ოლიგარქის რუსულ კავშირებს. ბიზნესმენის კოალიციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას და მმართელი პარტიის წევრებს სხვა არგუმენტი ივანიშვილის გასაკრიტიკებლად არ აქვთ და მხოლოდ მისი რუსეთში არსებული ბიზნესის გამო აკრიტიკებენ ბიზნესმენს ოპონენტები...
– ივანიშვილი რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჩასმული აგენტია საქართველოში. ის, რომ ივანიშვილი ამდენი ხანია არ ყოფილა რუსეთში, რომ ის ხარჯავდა ფულს და რომ ქართველთა შორის „ყველაზე დიდი“ ქართველი იყო, ამაში მე ვერაფერს განსაკუთრებულს და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.
– გუშინ გახდა ცნობილი, რომ პოლიტიკურ პარტიას შექმნის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, რა რესურსი ექნება ამ პარტიას და ვინ შეიძლება ვიხილოთ ეკატერინე ხვედელიძის პარტიაში?
– ბუნებრივია, რომ ამ პარტიაში ვიხილავთ ყველას, ვისაც კი აქვს ნოსტალგია წარსულ დროებზე, ვისაც აქვს ნოსტალგია იმ გავლენებზე, რომელიც შევარდნაძის დროს ჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. აქ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილი თავის დამოკიდებულებას ოპოზიციური სპექტრის მიმართ. აქაც ბიძინას დავესესხები. როდესაც მან გააკეთა განაცხადი ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ, თქვა, რომ დიდი ხანი აკვირდებოდა ოპოზიციას იმ იმედით, რომ გამოჩნდებოდა ვარგისი და რეიტინგული ოპოზიციური ძალა. მან პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ასეთ ძალას ვერ ხედავს და ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა. ის, რომ თავის მეუღლეს ფორმალურად აქმნევინებს პარტიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქის დამოკიდებულება ოპოზიციის სანდოობის და ვარგისიანობის თვალსაზრისით, არ შეცვლილა. ხოლო, რაც შეეხება იმას, რამდენად წარმატებული იქნება ქალბატონი ხვედელიძე–ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ ერთ ანდაზას ვიტყოდი. „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო“. ჯერჯერობით, ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას არ აქვს რეიტინგი და რა უნდა ჰქონდეს ფორმალურად შექმნილ პარტიას?
– აღიქვამს თუ არა მმართველი გუნდი იმ პარტიას მთავარ კონკურენტად, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე შექმნის?
– ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნას ქართულ პოლიტიკაში ერთი დადებითი შედეგი მაინც აქვს. პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღემდე ვერ ერთიანდებოდნენ, ბიძინას ფულის ხათრით მაინც გაერთიანდნენ. რადგან სხვა მოტივი მათ ერთად ყოფნისა, თანამოაზრეობისა არ გააჩნიათ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საწინაღმდეგო ხმების 37% ერთ ყულაბაში იქნება თავმოყრილი, თუ ცალ–ცალკე. თუმცა, აღსანიშნავია ერთი რამ: ყველა ხვდება, რომ ოპოზიციის გაერთიანების მოტივი არის ფული. საკმარისია ივანიშვილმა შეწყვიტოს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის დაფინანსება და გარწმუნებთ, რომ ეს ერთიანობა იმ დღესვე დამთავრდება.
0