09:33:10     12-01-2012
დომენიკ სტროს კანი ახალ სექსუალურ სკანდალში გაეხვია...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომენიკ სტროს კანს, გაუპატიურების ბრალდებით, ახალი გამოძიება ელის. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ფინანსისტის და პოლიტიკოსის წინააღმდეგ სარჩელი ბელგიური საესკორტო მომსახურების თანამშრომელმა, ვინმე ან-მარიმ შეიტანა. ირკვევა, რომ მან სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართა. ბელგიელი ქალბატონის მტკიცებით, სტროს-კანმა მასთან სასიყვარულო კავშირი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში დაამყარა.
ზოგიერთ მონაცემს ფრანგული გაზეთი „Le Point“აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 2010 წლის დასაწყისში, სასტუმრო „კარლტონში“ მოხდა. ან-მარი პოლიციისათვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ მას გადაუხადეს, რათა სტროს-კანთან მისულიყო, მაგრამ მასთან სექსი არ უნდა ჰქონოდა. ექსკორტის მომსახურება ამას არ გულისხმობს. „ადრე ყოველთვის ურთიერთობა ჯენტლმენებთან მქონდა, ამიტომ საფრთხეზე არც მიფიქრია“ - ყვება სტროს-კანის სავარაუდო მსხვერპლი.
ქალბატონის მონაყოლის მიხედვით, გაუპატიურების დროს, ნომერში ესკორტის სხვა გოგონაც, ვინმე ორელი იმყოფებოდა და სწორედ ის ცდილობდა მოძალადის შეჩერებას და იმაში დარწმუნებას, რომ მისი თანამშრომელი პროსტიტუციას არ ეწევა. ფრანგული გაზეთი წერს, რომ სტროს-კანი, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, რეგულარულად სარგებლობდა საესკორტო ფირმების მომსახურებით და ყოველთვის ხელგაშლილად უხდიდა გოგონებს.
როგორც ცნობილია, დომენიკ სტროს-კანი გასულ წელს უკვე გაეხვია სექსუალურ სკანდალებში. ის ნიუ იორკში, ძალადობრივი ხასიათის სექსუალური ქმედებებისთვის იქნა დაპატიმრებული, რომელიც მან სასტუმროს შავკანიანი მოსამსახურის მიმართ განახორციელა. სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი, ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ყველა ბრალდება მოუხსნეს. მოგვიანებით, იგივე ხასიათის სარჩელით სასამართლოს ჟურნალისტმა და მწერალმა, ტრისტან ბანონმაც მიმართა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 2002 წელს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, სტროს კანი მის გაუპატიურებას შეეცადა. თავად ფინანსისტი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობიდან გადადგომა მაინც მოუწია.
0