ნუგზარ წიკლაური: პარტიის შექმნა ივანიშვილის ცოლის დასაც შეუძლია ნუგზარ წიკლაური: პარტიის შექმნა ივანიშვილის ცოლის დასაც შეუძლია />


  22:00:03     11-01-2012

ნუგზარ წიკლაური: პარტიის შექმნა ივანიშვილის ცოლის დასაც შეუძლია

a14181.jpg

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის გამოჩენა, პარლამენტის წევრებისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოლიგარქის ოჯახის მიერ, პოლიტიკური პარტიის შექმნა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ივანიშვილი მის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციონერ ლიდერებს არ ენდობა.

როგორც პრესა.ჯი“:-ს მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, საქართველოში, ყველას აქვს უფლება პოლიტიკური პარტია შექმნას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ხვედელიძე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ იქნება.

„პარტიის შექმნა შეუძლია ივანიშვილის ცოლს, ცოლის დასა და ყველას, ვისაც პოლიტიკაში ჩართვა უნდა, მაგრამ ხვედელიძე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვერ იქნება. ამიტომ, პოლიტიკური კაპიტალია ის, რაც ივანიშვილს აქვს, შესაბამისად რასაც, ივანიშვილზე ვლაპარაკობთ,  ამ ადამიანზეც გავრცელდება, რადგან ის, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს”, - განაცხადა წიკლაურმა.

ხვედელიძის გადაწყვეტილებას დეპუტატი კობა ხაბაზი კოლეგების უნდობლობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ხვედელიძის მიერ, პარტიის შექმნა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

“პარტიის შექმნის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს -ივანიშვილის უნდობლობა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ, რადგან პარტიის შექმნა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან, მათ შეეძლოთ, რომ “რესპუბლიკელებთან”, ირაკლი ალანიასთან და კობა დავითაშვილთან რამდენიმე კაცი შეჯერებულიყო, მაგრამ ალბათ,  გარკვეული უნდობლობა მაინც არის”, - განაცხადა ხაბაზმა და ხვედელიძის გავლენაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილის მეუღლეს, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ამბიციები აქვს, რადგან მას ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოხდენა შეუძლია. 

“ეს ოჯახური გავლენა, ივანიშვილზე იგივე „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღეს იგრძნობოდა. გასაოცარი იყო, როდესაც ღონისძიების გახსნა და დახურვა შვილის კონცერტით მოხდა. ეს ოჯახურ კონცერტს უფრო გავდა, ვიდრე საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის განაცხადს”, - აღნიშნა ხაბაზმა. 

ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შეფასებისას, კოლეგებთან შედარებით მოკრძალებულია დეპუტატი გია როინიშვილი და ის საუბრისას,  აქცენტს მმართველი გუნდის სიძლიერეზე აკეთებს.

“პარტიის შექმნა ყველას შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერია. რის გამოც, მმართველ გუნდს  კონკურენტების არ ეშინია. ამის კარგი შეფასება ის რეიტინგებია, რომელიც გამოქვეყნდა. დარწმუნებული იყავით, რომ ეს რეიტინგები წინასაარჩევნოდ, კიდევ მოიმატებს”, - განაცხადა როინიშვილმა.

ხვედელიძის პოლიტიკაში მოსვლა, მოულოდნელი არც საპარლამენტო ოპოზიციისთვის აღმოჩნდა. როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბარში, ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, შესაძლოა, ხვედელიძეს პოლიტიკური ალღოს აღება გაუჭირდეს.

“ხვედელიძის მიერ, პარტიის შექმნა იმის ირიბი აღიარებაა, რომ შესაძლოა, ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცენ. ამიტომ, დროულად მიხვდნენ, რომ დრო ეწელებათ და პარტიის შექმნაა საჭირო. მართალია, მოქალაქეობას ივანიშვილი თუ მიიღებს, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ხვედელიძე გადადგება, მაგრამ თუ სიტუაცია უცვლელად დარჩა, მაშინ? ვითარება რთულად წარმომიდგენია, რადგან ძნელია იმაზე საუბარი, როგორ მიიღებს მონაწილეობას ხვედელიძე პოლიტიკურ დებატებში და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ის.    საქართველოში, ქალბატონებს პატივს სცემენ, მაგრამ პოლიტიკური დებატების დროს, ყველა თანასწორია, გენდერული მდგომარეობის მიუხედავად. დებატების დროს, პოლიტიკური ბრძოლაა და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი”, - განაცხადა ვეფხვაძემ.

დეპუტატის მტკიცებით, ვინაიდან, კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვს, შესაბამისად, ივანიშვილს, საარჩევნო პერიოდში, ჩრდილში ყოფნა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით განცხადებაც დღეს გაკეთდა.

0

ავტორი: