15:26:32     11-01-2012
სამართალდამცავებმა ივანიშვილს ჩამორთმეული ფული უკან დაუბრუნეს

ივანიშვილის გარემოცვა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდა, როცა შს სამინისტროს თანამშრომლებმა ‘’ქართუს’’ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო ჩამოართვეს. თუმცა მათ სიტყვა არ დაუძრავთ იმაზე, რომ აღნიშნული თანხა, საქართველოს პროკურატურამ ივანიშვილის ბანკს უკან დაუბრუნა. ოღონდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ანუ ისე, რომ ივანიშვილმა მისი გათეთრება ვეღარ შეძლოს.
რუსეთში "დამუშავებული" მეთოდებით ფულის გათეთრება ივანიშვილს საქართველოში არ გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ‘’ქართუ’’ ბანკს სათავეში ამ საკითხებში დასპეციალებული, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი ჩაუყენა.
შს სამინისტრომ მათ შავი ფულის დატრიალების მაქინაცია ჩაუშალა. 18 ოქტომბერს, ,,საქართველოს ბანკის" სათაო ოფისიდან გამოსული „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა გააჩერა და მასში აღმოჩენილი დიდი ოდენობით თანხა -2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო ამოიღო.
შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღიძრა. ,,პრესა.ჯი’’-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკი "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს. ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ.
0