12:35:39     11-01-2012
რამდენი გადაუხადეს ტელეკომპანია „კავკასიას’’ პოლიტიკურმა პარტიებმა

ტელეკომპანია „კავკასიის’’ 100%-ის მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა, გასულ წლებში პოლიტიკური პარტიების მიერ ჩარიცხული თანხები დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეკომპანია „კავკასიას“ ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა დროს მსუყე საკვებს აძლევდნენ. ზოგადად „კავკასიის’’ ფინანსური აღმავლობა 2007 წლიდან დაიწყო, მანამდე ფინანსურ კრიზისში მყოფ ტელევიზიასა და მის ხელმძღვანელებს, ოპოზიციის ფული ტელეკომპანია „იმედზე’’ ბადრი პატარკაციშვილის კონტროლის დაკარგვის შემდგომ მიეძალა. სწორედ ამ პერიოდიდან „კავკასიამაც’’ ამოისუნთქა და აქუბარდიამაც.
2007 წლის მონაცემები სამწუხაროდ უცნობია, თუმცა „კავკასიის’’ 100%-იანი წილის მფლობელმა, დავით აქუბარდიას მეუღლე ჯანგირაშვილმა დანაპირები შეასრულა და 2010-2011 წლებში „კავკასიაში’’ განთავსებული პოლიტიკური რეკლამებიდან შესული თანხები დაასახელა.
2010 წლის იანვარ-თებერვალში „კავკასიას’’ „ქართული დასისგან’’ 1 222.60 ლარი მიუღია. პოლიტიკურ გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის’’, იანვრიდან აპრილის ჩათვლით „კავკასიისთვის’’ გადაურიცხავს 68 995,56 ლარი. „ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებსაც’’ სჭირდებოდათ „კავკასიის’’ ტრიბუნა, რისთვისაც მათ 2010 წლის აპრილში 11 905.65 ლარი გადაიხადეს. აპრილში „კავკასიას’’ ფინანსური მოზღვავება ჰქონდა, ისევე, როგორც გასული წლის დეკემბერში, ოღონდ მაშინ არა ივანიშვილისგან, „ალიანსმა საქართველოსთვის’’ „კავკასიას’’ 2010 წლის აპრილში 25 808, 79 ლარი გადაუხადა.
როგორ ფიქრობთ, ბურჯანაძე, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს „კავკასიისთვის’’ კომენტარის მიცემასაც არ კადრულობდა, გამუდმებით უფასოდ იჯდა აქუბარდიასთან სტუდიაში? „კავკასიის’’ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს თუ გადავხედავთ არა, რადგან ტელევიზიის ანგარიშზე, ბურჯანაძეს „სახალხო კრებელი’’ ალექსანდრე დონაძის ხელით მიუცუნცულებია 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში 9 691 ლარი.
„კავკასიას’’ „ქართული პარტიაც’’ არ წყვეტს გულს და ნოემბერში, მას ამ პარტიის ორი წევრი ცალ-ცალკე ურიცხავს ფულს. სოზარ სუბარი, ჯერ კიდევ „ქართულ პარტიაში’’ ყოფნის პერიოდში - 8 750, ხოლო ერასტი კიწმარიშვილი 10 000 ლარს. სულ, ჯანგირაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელევიზიას ოპოზიციური პარტიებისგან სარეკლამო მომსახურებისთვის, 2010 წელს ჩაერიცხა 136 373, 60 ლარი.
2011 წელს ფასიანი პოლიტიკური რეკლამებით „კავკასიაში’’ შესული თანხა შედარებით მოკრძალებულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ’’ „კავკასიას’’ 2012 წლის დასაწყისშივე აახლა 147 892 ლარი. „ქართულმა ოცნებამ’’ „კავკასიას’’ 2011 წლის დეკემბერში 32 538 ლარი გადაურიცხა. წლის დასაწყისში კი კვლავ ბურჯანაძე არ აკლებდა შემოსავალს ამ ტელევიზიას, მითუმეტეს რომ „გრანდოზული’’ აქციებისა და გადატრიალების იმედით იყო შეპყრობილი.
2011 წლის აპრილ-მაისში, ნინო ბურჯანაძეს, კვლავ თავისი თანაპარტიელის - ალექსანდრე დონაძის ხელით „კავკასიისთვის’’ ჩაურიცხავს 31 887.48 ლარი. „ქართულ პარტიას’’ მარტში - 2040 ლარი. „ლეიბორისტულ პარტიას’’ შემოდგომაზე დასჭირვებია „კავკასიის’’ რეკლამა, რისთვისაც ოქტომბერში გადაუხდია 1 929 ლარი. ნომებერში „ახალი მემარჯვენეებს’’ „კავკასიის’’ ანგარიშზე შეაქვთ 6 566,71 ლარი. ამავე თვეში „’კავკასიისგან’’ სარეკლამო დრო აქვს ნაყიდი მთავრობის კანცელარიას - 1 662,67 ლარი და ჯანდაცვის სამინისტროს - 4 489,91 ლარი.
აღნიშნული მონაცემებით, 2011 წელს პოლიტიკური პარტიების მიერ ჩარიცხულმა თანხებმა „კავკასიაში’’ სულ 81 114,63 ლარი შეადგინა.
როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნულ წლიურ მონაცემებს აჭარბებს, ივანიშვილის „ქართული ოცნების’’ მიერ, მხოლოდ ერთ თვეში ჩარიცხული თანხა, რაც ალბათ ოპოზიციურ არხებზე ‘’სტავკებს’’აწევს.
0