08:39:19     11-01-2012
კობა ხაბაზი: ივანიშვილი მედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს

“ქართული ოცნების” მიერ, მედიასაშუალებებს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჩაერიცხა. აღნიშნულ ფაქტს, შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა. მმართველი გუნდის მოსაზრებით, ოლიგარქი პრესას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. დეპუტატები მედიის წარმომადგენლებს ურჩევენ, ასეთი თანხების მიღებას თავად მოერიდონ, რადგან ჟურნალისტები, პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ მოექცევიან. როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კობა ხაბაზმა განუცხადა, ხელისუფლება რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით, დამატებითი რეგულაციებს შემოღებას არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობის წარმართვა გარკვეულ ჩარჩოში მოუწევთ. ხაბაზის შეფასებით, ივანიშვილი დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩევა და ის საზოგადოებას, მხოლოდ რეკლამით ვერ მოატყუებს. ვის რა შანსი აქვს საპარლამენტო არჩევნების მოგების და ივანიშვილს ფინანსური რესურსების გამოყენება შეეზღუდება თუ არა? – „პრესა.ჯი“-ს კითხვებს მმართველი გუნდის წევრი პასუხობს:
-“ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა მედიასაშუალებებს რეკლამისთვის სოლიდური თანხები ჩაურიცხა. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი მედიის მოსყიდვას ცდილობს, თუ უბრალოდ რეკლამას იკეთებს?
-ქართულ მედიასივრცეში პიარს უამრავი კომპანია იკეთებს, მაგრამ რადგან ეს შეკითხვა გაჩნდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ივანიშვილი მედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მართალია, საქართველოში, პიარისა და რეკლამის სანაცვლოდ, თანხების გადარიცხვას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ასეთი თანხების მიღებას თავად მედია უნდა მოერიდოს, რადგან ის პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ ექცევა. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკი რუსულ ფულზეა. მედია ამას უნდა ჩაუღრმავდეს. შეუძლებელია, ადამიანი ფულს ღებულობდე და გარკვეულ გავლენას არ განიცდიდე. ამ თანხების მიღება მედიის საქმიანობის ხარისხზე აისახება. ივანიშვილის ფული პუტინის ფულია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, ასეთ ფულთან ურთიერთობას მედია უნდა მოერიდოს. თუ ადამიანი ოდნავ მაინც ჩახედულია, თუ რა ხდება რუსეთში და პუტინის ხელისუფლება რა დონის კონტროლს ახორციელებს, მაშინ, მას ეჭვი არ გაუჩნდება, რომ ივანიშვილი რუსეთის მიერ, კონტროლირებადია.
-პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, პარტიებს დაფინანსებისა და შემოწირულობების მიღების საშუალებები შეეზღუდათ. თუ ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას, პიარის კუთხით წარმართავს და ამომრჩევლებს არ მოისყიდის, მის რესურსებს როგორ შეზღუდავთ?
-ხელისუფლება რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არავითარი დამატებითი რეგულაციებს შემოღებას არ აპირებს, რადგან ჩარჩოები არსებობს, რომელშიც პოლიტიკური ორგანიზაციები არიან მოქცეულები. ივანიშვილს საქმიანობისთვის სრული თავისუფლება ექნება, მაგრამ უბრალოდ, არ მჯერა, რომ ქართველი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ პიარზეა ორიენტირებული, რადგან საზოგადოება, საბოლოოდ, ხშირად სწორ არჩევანს აკეთებს. საზოგადოებას, ივანიშვილი რეკლამით ვერ მოატყუებს, რადგან ხელისუფლებას რაც არ უნდა რეკლამა ეკეთებინა და შესაბამისი საქმეები არ შეესრულებინა, შედეგს ვერ მოაღწევდა. პიარი, წამიერი მოტყუებაა და გადაწყვეტილებას ხალხი ღებულობს.
-პოლიტიკური პარტიები, გაზაფხულზე საარჩევნო კამპანიას აქტიურად დაიწყებენ. მმართველი გუნდის კონკურენტი ვინ არის - ივანიშვილი?
-საქართველოში, ხელისუფლება სულ საარჩევნო ციკლის პერიოდშია, რადგან საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთი მეორის მიყოლებით იმართება. როცა რაღაცას ვაკეთებთ, იმის გამო გვაკრიტიკებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხართო. ოპოზიციის შეფასებებს რომ ვუსმინოთ, არც საავადმყოფოებისა და არც სკოლების პრეზენტაციები არ უნდა გავმართოთ. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, ტემპი ჩქარდება, მაგრამ რეჟიმი ერთი და იგივეა, მუდმივად რაღაცის კეთების პერიოდში ვართ. რაც შეეხება იმას, თუ ვის ვთვლით კონკურენტად, სავარაუდოდ, მეორე ადგილს ივანიშვილის ბლოკი დაიკავებს, მაგრამ მას კონკურენტად ნამდვილად არ ვთვლით, რადგან გარწმუნებთ, რომ არჩევნებში სამჯერ მეტი ხმა გვექნება, ვიდრე ივანიშვილს. ამას ყველანაირი კვლევა ადასტურებს, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, მას კონკურენტად სხვა მიზეზის გამოც არ ვთვლი, რადგან ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას ნეგატივზე აგებს. იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას, მრუდე სარკეში ხედავს და აპოკალიფს უწინასწარმეტყველებს, კონკურენტად ვერ ჩავთვლი.
-მართალია, ივანიშვილს თქვენ კონკურენტად არ აღიქვამთ, მაგრამ მას აქვს ამბიცია, რომ მომავალ პარლამენტში, უმრავლესობით მოვა...
-ივანიშვილი დიდი ჭკუა-გონების გახსნილობით არ გამოირჩევა, მაგრამ ეტყობა, მას ვიღაცამ ასწავლა, რომ პიარ ტექნოლოგია მოითხოვს, რომ დამარცხებულის პოზიციიდან არ ილაპარაკოს. პიარის მიხედვით, ოლიგარქი ცდილობს, რომ ხელისუფლების დამარცხებაში ხალხი დაარწმუნოს. არადა, თვითონაც კარგად იცის, რომ მას ხელისუფლებასთან შედარებით, მესამედი რეიტინგიც არ აქვს.
-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა, მმართველ გუნდს ფორმაში ყოფნას აიძულებს. საპარლამენტო არჩევნების მოგებისთვის, რამდენად მობილიზებულები ხართ?
-ივანიშვილმა ერთადერთი შედეგი მოიტანა - მან ოპოზიციაში გადაჯგუფება მოახდინა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სპექტრი ჭრელი აღარ იქნება, რა თქმა უნდა, მომავალში, ამ ძალებმა ერთად ყოფნა თუ შეძლეს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იქ, სადაც „რესპუბლიკელები“, ირაკლი ალასანია და კობა დავითაშვილი არიან, ერთიანობა ილუზორულია, რადგან ისინი ერთიანდებიან არა მრწამსისა და იდეის გარშემო, არამედ საკუთარი ამბიციების გამო. ეს გაერთიანებაც კარიერისტულ ოცნებებზე შექმნილია.
-თუ ამ გაერთიანების წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ორბიტაზე არიან, მაშინ, ერთმანეთი რისთვის სჭირდებათ?
-ივანიშვილს მომხრეები ხედავენ, რომ მას პოლიტიკური ალღო არ აქვს, აქედან გამომდინარე, მას ამ პოლიტიკოსებთან ერთად ყოფნა ურჩიეს, ან დაავალეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ამაზე იუმორის გარეშე პასუხის გაცემა შეუძლებელია - სჭირდებათ იმის გამო, რომ ერთი იდეოლოგიური მისწრაფებები აქვთ. სერიოზულად, რომ გიპასუხოთ - მათ ივანიშვილი მხოლოდ ფულისთვის სჭირდებათ.
0