16:43:05     10-01-2012
მოლდოვას „ქართული გაკვეთილების“ განმეორების ეშინია

მოლდოვა უკვე ინტენსიურად ითხოვს დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას. აქციები გუშინ ერთდროულად გაიმართა კიშინიოვში - რუსეთის საელჩოსთან, ასევე პარიზსა და ბუქარესტში. რუმინეთის აქცია ბესარაბიელი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.
მანიფესტანტები მოითხოვენ დაისაჯოს რუსი მშვიდობისმყოფელი, რომელმაც 1 იანვარს მდინარე დნესტრზე განთავსებულ სამშვიდობო პოსტზე მოლდოველი ვადიმ პისარი მოკლა, ასევე, ითხოვენ, მოიხსნას დნესტრზე განლაგებული ყველა სამშვიდობო პოსტი, გაწვეულ იქნეს რუსეთის ელჩი კიშინიოვში ვალერი კუზმინი, დნესტრისპირეთი კი დატოვონ რუსულმა ჯარებმა.
მოლდავურმა დიასპორა პარიზში, რომელმაც ასევე პარიზის რუსეთის საელჩოსთან მოაწყო პიკეტი, რუსი სამშვიდობოების მოქმედებას „აგრესიული“ და „ოკუპაციური“ უწოდა და მოლდოვას მოლაპარაკებების წარმოებისკენ არა ტირასპოლთან, არამედ პირდაპირ მოსკოვთან მოუწოდა.
კიშინიოვში შეკრებილი მომიტინგეები კი რუსეთის ელჩის პერსონა ნონ-გრატად აღიარებას მოითხოვენ, რადგან კუზმინმა მომხდარში გარდაცვლილი პისარი დაადანაშაულა.
„200 წელი რუსული ოკუპაციისა - ეს ძალიან ბევრია. მოლდოვას სიმშვიდე სჭირდება, თქვენს განმათავისუფლებლებს, სამშვიდობოებსა და ელჩებს ვადა გაუვიდათ, წაიყვანეთ უკან“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილენი.
მოლდოველების გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ უშუალოდ რუსი სამშვიდობოს, 28 წლის ვიაჩესლავ კოჟუხარის წინააღმდეგ, რომელმაც მშვიდობიან მოქალაქეს სასიკვდილოდ ესროლა, ამ დრომდე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. უფრო მეტიც, მასზე მხოლოდ ის ინფორმაცია არსებობს, რომ რუსი ჯარისკაცი მომხდარის შემდეგ „გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა“.
კიშინიოვში უკვე საუბრობენ ზოგადად, თანამედროვე ისტორიაში რუსეთის სამშვიდობო მისიებსა და მის შედეგებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ კონტექსტში კი „სამაგალითო“ საქართველოს შემთხვევაა.
ექსპერტების თქმით, 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში წარმოქმნილ კონფლიქტებში, რუსეთმა თავის თავზე აიღო „ექსკლუზიური მშვიდობისმყოფლის“ ფუნქცია: რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“, მოლდოვაში კი დნესტრისპირეთის კონფლიქტების დარეგულირება დაიწყეს.
თუმცა, რუსული „სამშვიდობო მისია“ საქართველოში, ექსპერტთა თქმით, მხოლოდდამხოლოდ იმით დასრულდა, რომ მოხდა სეპარატისტული რეჟიმების კრიმინალიზაცია, ადგილი ჰქონდა პროვოკაციების სერიას და საბოლოოდ, ღია აგრესიას საქართველოს მიმართ. და მართალია, მოლდოვამ შეძლო და თავიდან აიცილა პირდაპირი რუსული აგრესია - ესეც იმიტომ, რომ დნესტრისპირეთს რუსეთთან უშუალო საზღვარი არ აქვს, - მაგრამ ახლა, როცა საუბარია რუსეთის სამშვიდობო მისიის ტრანსფორმაციაზე, არ გამორიცხავენ, რომ რუსული „ლურჯი ჩაფხუტები“ იმავე აგრესორებად იქცნენ, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.
მოლდოვაში ფიქრობენ, რომ რუსეთი შესაფერის მომენტს ეძებს, რათა „თავს დაესხას მეზობელს და კვლავ მიიტაცოს ის“, „საქართველომ უკვე გამოსცადა ამ „მშვიდობისმყოფლების“ ბოროტი საქმეები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ - აცხადებენ მოლდოველები.
ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ვერც დნესტრისპირეთში, ვერ აფხაზეთსა და ვერც „სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ძალები ვერ იქნებოდნენ და ვერ იქნებიან ნეიტრალურები და შესაბამისად, სამშვიდობო მისიის შემსრულებლები, რადგანაც სამივე შემთხვევაში, ამ კონფლიქტების წარმოქმნის მომენტში, ისინი უკვე იყვნენ ერთ-ერთის მხარეზე. კერძოდ, მე-14 არმიის დანაყოფები დნესტრისპირეთში სრულფასოვანი მონაწილეები იყვნენ ომისა და დნესტრისპირეთს ემხრობოდნენ. ანალოგიური იყო აფხაზეთშიც - ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ და დესანტსაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სხმადა. „სამხრეთ ოსეთში“ კი ისიც საკმარისია, რომ რუსულმა სამშვიდობო მისიამ საბოლოო ჯამში მოსკოვსა და მის მეგობარ ცხინვალელ სეპარატისტებს მოუტანა „შედეგი“ ე.წ. დამოუკიდებლობის სახით.
ამ ვითარებას უკვე ხშირად იხსენებენ მოლდოვაში და მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, კიშინიოვი აპირებს, სამშვიდობო მისიის ტრანსფორმაციას მიაღწიოს.
0