14:16:34     10-01-2012
ნათელაშვილი: ივანიშვილი ცნობილ ადამიანებს ანგარებით აფინანსებს

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და „ლეიბორისტული პარტიის“ მედია-დავა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა „მშრომელებს“ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და დააკონკრეტა, რომ ნათელაშვილის გუნდთან ურთიერთობის პერსპექტივაც კი არ არსებობს, „ლეიბორისტებმა“ ივანიშვილს წარსული გაუხსენეს და შეახსენეს, რომ მან თავისი ქველმოქმედებით და დაფინანსებით ინტელიგენციის გული მოიგო, გაჭირვებულები და სოციალური ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები კი არც გახსენებია.
ბიძინა ივანიშვილი და მისი პრესსამდივნო შალვა ნათელაშვილის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. „ლეიბორისტული პარტის“ ლიდერმა კი, ოლიგარქს გულგრილობასა და ანგარებაში დასდო ბრალი. როგორც ქვეყნის ნომერ პირველმა „მშრომელმა“ განმარტა, ბიძინა ივანიშვილმა მათი გარიგება არ მიიღო.
„ლეიბორისტების“ ლიდერი განმარტავს, რომ მათ ბიზნესმენისადმი შეთავაზება ჰქონდათ, რაც წინასაახალწლოდ გაჭირვებულებისათვის 300 – 300 ლარით დახმარებას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ კი ნათელაშვილი ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილთან „ლეიბორისტების“ დაპირისპირება შეწყდებოდა.
როგორც ჩანს მშრომელებს არც ამ შემთხვევაში გაუმართლათ, რადგან მათი მცდელობა, ივანიშვილთან შერიგება–გარიგებისა უშედეგო აღმოჩნდა.
ბიზნესმენმა ნათელაშვილის შეთავაზებაზე უარი განაცხდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ბიზნესმენის უმოქმედობა სოციალურად გაჭირვებულების მიმართ გულგრილობითაა განპირობებული და რომ ივანიშვილი მხარდაჭერის სანაცვლოდ, ანგარებით, მხოლოდ ცნობილ ადამიანებს აფინანსებს.
0