12:54:16     10-01-2012
რუსეთი მზადაა ომის პროვოცირებისთვის ირანში, ყარაბაღში ან სირიაში

რუსეთი მზადაა ომის პროვოცირება მოახდინოს, რათა შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს. ასეთი აზრი გამოთქვა ერევანში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა არაიკ სარქისიანმა.
სარქისიანის თქმით, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ კრემლი ცდილობს შიდა აუდიტორიის ყურადღება სხვა, უფრო მნიშვნელოვან პრობლემაზე გადაიტანოს, რაც აკადემიკოსის აზრით, არის ომის პროვოცირება ირანში, მთიან ყარაბაღში ან სირიაში.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ მოსკოვს უკიდურესად ეშინია საყოველთაო პროტესტისა, რაც ფალსიფიცირებულმა საპრეზიდენტო არჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს. სარქისიანი, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატის, ლეონიდ ივაშივის წარმომადგენელიცაა, განაცხადა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება.
სარქისიანის თქმით, დუმის არჩევნების დროს „ედინაია როსიასთვის“ რამდენიმე მილიონი ხმის ფალსიფიცირება მოხდა, მაგრამ შთამბეჭდავი შედეგი მმართველმა ძალამ მაინც ვერ მიიღო. თუ გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოხდება, ხალხი ამას აღარ დაუშვებს, - ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, თუკი რუსეთში ხელისუფლების ცვლა მოხდება, ანალოგიური პროცესები დაიწყება სომხეთსა და აზერბაიჯანში: „ყველა აცნობიერებს, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა ამიერკავკასიაში კრემლის მიერაა დანიშნული, ზოგმა ეს პოსტი ბუნებრივი აირის ხარჯზე მიიღო, ზოგმა კი სამხედრო ბაზების დისლოკაციის მხარდაჭით მოიპოვა“ - ამბობს სარქისიანი.
ის, რომ რუსეთს მართლაცდა „გაუგებარი“ ზრახვები და მიზნები ამოძრავებს სირიაში, უკვე თავად რუსეთშიც განხილვის საგნად იქცა.
ვის ომში ერევა მოსკოვი? რის ფასად აყენებს თავს ასეთი რისკის ქვეშ, როცა ქვეყანაში, სადაც ომი მიმდინარეობს, თავის სამხედრო გემებს გზავნის. მითუფრო, რომ რუსეთი კარგადაა სპეციალიზებული ომების პროვოკაციებით დაწყებისა. შესაბამისად, ისმის კითხვა:
„საკმარისია ერთი ტყვია მოხვდეს რუს ჯარისკაცს ან ოფიცერს, ან ერთი რაკეტა რუსულ გემს და რუსეთი ამაში ხანგრძლივი დროით გაებმება. რომელი მაღალი მიზნების გამო მიდის მოკოსვი ასეთ რისკზე?“
ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელსაც სირიელი ამბოხებულები „ურჩხულს“ ადარებენ, სირიის პორტში რუსული სამხედრო გემების შესვლას ზეიმით შეხვდა. რუს ოფიცრებს სირიის არმიის გენერალი დაუდ რაჯხა და გენშტაბის ოფიცრები მიეგებნენ. მათ დეტალურად დაათვალირებინეს კრეისერი „ადმირალი კუზნეცოვი“, მისი სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება და ავიაცია, რაჯხამ კი მადლობა გადაუხადა მოსკოვს „სირიის მხარდამჭერი კეთილშობილური პოზიციის გამო“. სირიელი სამხედრო პირები აღფრთოვანებულნი დარჩნენ „ადმირალ კუზნეცოვის“ სამხედრო შესაძლებლობებით.
0