10:03:06     10-01-2012
თეირანმა ცეცხლზე ნავთი დაასხა: ირანში აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი ურანის გამდიდრებას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, კარგად გამაგრებულ კომპლექს, ფორდოში ახორციელებს. სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანმა ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაიწყო. თავის მხრივ, ისლამური რესპუბლიკა კვლავ ირწმუნება, რომ ურანის გამდიდრება იზოტოპების მისაღებად სჭირდება, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არის აუცილებელი. თუმცა, რიგი დასავლელი ანალიტიკოსების განმარტებით, 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი, შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს სამხედრო ურანის მიღების გზაზე.
ფორდოს კომპლექსი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ კომის სიახლოვეს მდებარეობს. ის, რომ იქ ურანის გამდიდრების პროცესი მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ირანში „ბი-ბი-სის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ ობიექტს, უკვე დიდი ხანია, ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამხედროები აკვირდებიან. კომპლექსი მიწისქვეშა საფარში მდებარეობს, რომელიც კარგად არის გამაგრებული და მას არმიის ძალები იცავს.
ამასობაში, განცხადებით ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გამოვიდა და დასავლეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა. აიათოლას თქმით, ირანი სხვების ჭკუაზე სიარულს არ აპირებს. ისლამური რესპუბლიკა, დამატებითი სანქციების მიღების შემთხვევაში, კვლავ იმუქრება ორმუზის სრუტის გადაკეტვით. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ბანკებს ახალი სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ გადაკეტავს ორმუზის სრუტეს, რომელიც მსოფლიოს ნავთობის არტერიად ითვლება. ამას პენტაგონის შეფის მკაცრი განცხადება მოჰყვა.
დღეს კი, მთელი მსოფლიო მოწმე ხდება ირანის მხრიდან კიდევ ერთი მკვეთრი ნაბიჯისა. ცეცხლზე ნავთი თეირანის სასამართლომ დაასხა, როდესაც სასიკვდილო განაჩენი ირანული წარმოშობის ამერიკელს გამოუტანა, რომელსაც ამერიკულ სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებენ. ამირ მერზაი ხეკმეტი ამერიკული არმიის საზღვაო ქვეითი იყო. ის არიზონას შტატში ცხოვრობდა და ირწმუნება, რომ ირანში არა საჯაშუშოდ, არამედ, ბებიის მოსანახულებლად ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი მოქალაქის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
0