ურალელი პუტინისტები ეკატერინბურგში ტანკებით შესვლას აპირებენ ურალელი პუტინისტები ეკატერინბურგში ტანკებით შესვლას აპირებენ />


  22:03:54     09-01-2012

ურალელი პუტინისტები ეკატერინბურგში ტანკებით შესვლას აპირებენ

a14104.jpg

თუ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგი კიდევ ჩატარდება, ურალის ვაგონმშენებელი ქარხნის თანამშრომლები, ეკატერინბურგში ტანკებით შევლენ. ისინი პუტინის მხარდამჭერ კომიტეტს ქმნიან და 28 იანვარს აპირებენ, ტანკზე ამხედრებულებმა ისეთი აქცია მოაწყონ, რომ „ოპოზიცას საერთოდ დაავიწყდეს, როგორ უნდა მიტინგებზე სიარული.“

„ტანკები ქალაქში ჯოხზე შემომჯდარი პლუშის დათუნია არ არის, ყელში ამოვიდა ოპოზიციის მიტინგები“ - ამბობენ პუტინისტი მუშები. ამჟამად ქარხანაში ტანკ Т90С-ის აწყობა მიმდინარეობს. პუტინის მხარდამჭერი კომიტეტის წევრთა განცხადებით, 23 იანვარს, როგორც კი ტანკის აწყობა დასრულდება, საბრძოლო მანქანა პირდაპირ კონვეირიდან გაეშურება ეკატერინბურგისაკენ. გზად, საპრეზიდენტო კანდიდატურად პუტინის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარებასაც აპირებენ.

სარკინიგზო ვაგონებისა და სამხერო მანქანების ამწყობი მუშები კმაყოფილი არიან იმით, რომ მათი ქარხნიდან კვამლი შეუწყვეტლივ ამოდის და დასაქმებულები არიან.

„გორბაჩოვმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, რუსეთის დანგრევას ჩვენ აღარ დავუშვებთ“ - ამბობენ ქარხნის მუშები.

ტანკით დაგეგმილი მსვლელობის შესახებ მათ მიმართვა უკვე გაავრცელეს. როგორც ირკვევა, პუტინის მომხრეთა სატანკო კოლონას სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვალერი იაკუშევი ჩაუდგება სათავეში. ის პირველი ხელმომწერია ზემოაღნიშნული მიმართვისა. მის გარდა, კოლონაში იდგება ქარხნის ერთ-ერთი საამქროს უფროსი, იგორ ხოლმანსკი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ვლადიმერ პუტინის პირდაპირი სატელევიზიო ეთერის დროს პრემიერს გამოსავალი შესთავაზა - მომიტინგეებთან „მუჟიკებთან“ ერთად მივალთ და თუ პოლიცია ვერ უმკლავდება, ჩვენ დავამყარებთ წესრიგსო.

სწორედ ამ პირდაპირი ეთერის შემდეგ, ურალის ვაგონმშენებელი ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ეთერისათვის მზადების დეტალები“ გაახმაურა:

„ვმუშაობ საამქროში, სადაც ვუყურებდი ტელეხიდს. თუ გაინტერესებთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოგიყვებით. ბიჭები „ვესტი ურალიდამ“ ორშაბათიდან ემზადებოდნენ, შეადგინეს 60-კაციანი სია, თუ ვინ უნდა გადაეღოთ. ეს სამ-სამი კითხვა დაურიგეს რამოდენიმე ადამიანს, მათ დილის 9 საათამდე ინსტრუქტაჟს უტარებდნენ, ხუთშაბათს კი რესპექტაბელური მინი-ვენით ქარხანაში მოიყვანეს. დანარჩენ პერსონალს გადაღებების ადგილზე არ გვიშვებდნენ“.

24 დეკემბერს კი, აღნიშნული ქარხნის მუშები პუტინის მხარდასაჭერად მიტინგზე გამოვიდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც იანვრის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის „საპრეზიდენტო პოზიციების“ დაცვას ტანკებით აპირებს.

0

ავტორი: