12:03:22     09-01-2012
ბრიტანელი პარლამენტარის ვიზიტი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლაიამ ფოქსი იმყოფება. ბრიტანელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, ISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
”უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს ამ შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მთლიანად ISAF-ის მისიაში. ჩვენ განვიხილეთ ავღანეთში არსებული მდგომარეობა და როგორ მოვახდინოთ რეაგირება იქ არსებულ ძალადობაზე. ვისაუბრეთ ირანში არსებულ მდგომარეობაზე, ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეებზე, რა საფრთხეს უქმნის ეს პროგრამა ზოგადად რეგიონის სტაბილურობას და როგორ გავლენას მოახდენს ის გლობალურ სურათზე. განვიხილეთ თავდაცვის მიმოხილვის პროცესი, რათქმაუნდა ჩვენ გვყავს ოფიციალური პირი, რომელიც ამ საკითში დახმარებას უწევს ქართველ კოლეგებს. ბრიტანეთიც გადის იგივე პროცესს და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი გამოწვევების შესაბამისად რესურსებისა და სამხედრო შესაძლებლობების განახლება. ჩვენს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევებია, ძალიან დიდი დღის წესრიგი გვაქვს და ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. დღეს დილით მე მქონდა შესაძლებლობა ოკუპაციის ხაზი მენახა და შესაბამისად შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები.” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლაიამ ფოქსმა.
გასული წლის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოაგზავნა. დიდი ბრიტანეთის მხარესთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას განათლების სფერო წარმოადგენს. BMATT-ის (British Military Advisory Training Team) პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების საკითხებზე მომზადებას ყოველწლიურად გადიან ქ. ვიშკოვოს (ჩეხეთის რესპუბლიკა) სამხედრო აკადემიაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანელი პარლამენტარი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ”კრწანისის” ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ლაიამ ფოქსმა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა. იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
mod.gov.ge
0