13:36:58     08-01-2012
ციმბირელებს აშშ-ის 51-ე შტატის სტატუსი სურთ

ციმბირი აშშ-ის 51-ე შტატი გახდება? უკვე ასე ფიქრობენ რუსეთში და აქტიურად ლაპარაკობენ ციმბირელ “სეპარატისტებზე”, რომლებსაც სურთ, მათი ტერიტორიები შეერთებულმა შტატებმა მიიერთოს.
ციმბირელები ხშირად ფიქრობენ, რომ ბუნებრივი სიმდიდრეების მიუხედავად, ცუდად ცხოვრობენ იმის გამო, რომ მთელს ამ სიკეთეს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებს აძლევენ.
ციმბირში ამ მიმართულებით პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყეს. ახლა კი ეს საზოგადოებრივი მოძრაობა უამრავ ადამიანს აერთიანებს.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ციმბირი გახდება აშშ-ის ტერიტორია, პუერტო-რიკოს მსგავსად“ - მიაჩნიათ რუსეთში.
2010 წლის მოსახლეობის აღწერის პერიოდში, მოძრაობამ „მე ციმბირელი ვარ“, ხალხში აქტიური მუშაობა ჩაატარა და მოუწოდა საზოგადოებას, ეროვნების გრაფაში მიეთითებინათ „ეროვნება - ციმბირელი“. იდეის ავტორი იყო კრასნოიარსკელი ბლოგერი ალექსანდრ კონოვალოვი, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით დაიწყო ეს აქცია. მისი თქმით, ასეთი მუხტის გაღვივება ციმბირელებს შორის, აუცილებელია.
რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახურში ამბობენ, რომ ეროვნების გრაფაში ციმბირელებს „ციმბირელის“ დაფიქსირება შეუძლიათ, მაგრამ ეს გეოგრაფიული მინიშნებაა და არა ეროვნების აღმნიშვნელი. თუმცა „ეროვნება - ციმბირელის“ ინიციატორები ფიქრობენ, რომ აღწერისას ასეთი ჩანაწერის დაფქისირება მათ თავისი უფლებებისათვის ბრძოლაში გზას გაუხსნის: ასე გააკეთეს პომორებმა 2002 წელს და ძირძველი ხალხის სტატუსი მოიპოვეს, ალტაელებმაც, რომლებმაც მიაღწიეს იმას, რომ არ მოხდა ალტაის რესპუბლიკის ლიკვიდაცია…
მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, ქალაქ მეჟდურეჩენსკის მკვიდრი 37 წლის ვლადიმერ კისელიოვი თვლის, რომ ციმბირმა თავი უნდა დააღწიოს მოსკოვს, თუმცა ის დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ გახდება და ამიტომ, აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს. კისელიოვის თქმით, ციმბირის განვითარების ერთადერთი გზა მისი აშშ-ის ნაწილად ქცევაა. ამ მიზნის მიღწევას „ციმბირელი სეპარატისტები“ 2015 წლისთვის გეგმავენ.
ამ ფონზე, რუსეთში მტკივნეულად აღიქვეს ამერიკელი პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის გამოხმაურება. იაროსლავსკის პოლიტიკურ ფორუმზე მან განაცხადა, რომ დადებითად აფასებს ციმბირის აშშ-ის შტატად ქცევის პერსპექტივას და აუდიტორიას 2050 წლისთვის, ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე ახალი თანამეგობრობის შექმნა შესთავაზა.
რუსეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, აშშ, უკვე ახალი ტერიტორიების მართვისთვის მენეჯერებსაც ამზადებს, მით უმეტეს, რომ ციმბირის რუსეთისგან გამოყოფის იდეა უკვე ადგილობრივ ახალგაზრდობაშიც პოპულარულია.
ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ცოტა ხნის წინ, მენეჯმენტის ფაკულტეტის ამერიკულ-ციმბირული განყოფილების სტუდენტებთან და საზოგადოებრივ მოძრაობასთან „ციმბირის რეგიონული ალტერნატივა“ ერთად, სემინარი ჩაატარა, სადაც მოსკოვისთვის არასასურველი პოზიციები დაფქსირდა. სტუდენტები აღფრთოვანებულნი იყვნენ იმით, რომ ციმბირი, შესაძლოა, ამერიკის შტატი გახდეს. „ჩვენი ეკონომიკური მომავალი ბრწყინვალეა“ - თქვა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა სტუდენტმა.
0