22:09:17     06-01-2012
რუსეთზე განაწყენებული აფხაზები თურქეთს „აპიარებენ“

სოხუმში ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინის დაპირება აფხაზეთის ჩრდილოეთ კვიპროსად ქცევის შესახებ, რეალობად იქცევა. როგორც გამოცემა „აბხაზსკი უზელ“ წერს, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, აფხაზების დიდი მოლოდინები არათუ არ გამართლდა, არამედ მას მერე, არც არაფერი შეცვლილა: არც მილიონი ტურისტი შევიდა, არაფერი გაყიდულა მაღალ ფასად, არავინ გამდიდრებულა. ერთადერთი არის ის, რომ ადამიანები უფრო დაცულად გრძნობენ თავს და საქართველოს მხრიდან ოკუპაციის საფრთხეც გაქრა…
როგორც სტატიის ავტორი ე. პშეუ წერს, სოჭში ოლიმპიური მშენებლობის ფონზე, სოხუმს იმედი ჰქონდა, რომ ზოგიერთი ინვესტიცია აფხაზეთშიც შევიდოდა, მით უმეტეს, რომ ეს მშენებლობა ისეთი ინტენსიურია, რომ „ზოგჯერ ზოგიერთი სამშენებლო პროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე პრობლემებსაც კი ქმნის“. მაგრამ რუსეთიდან აფხაზეთში არანაირი ინვესტიცია არ შესულა, თუმცაღა „რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში სავიზო კონტროლის გარეშე შემოდიან“ - წერს პშეუ.
არ აპირებს რუსეთი აფხაზეთში ინვესტიციების შეტანას? ამას თურქეთი გააკეთებს და უკვე აკეთებს კიდეც. ავტორის თქმით, დღეს აფხაზეთში ყველა მსხვილი ინვესტიციის თანამონაწილენი თურქები არიან და წარმატებულ ბიზნესსაც ეწევიან. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, სამშენებლო მასალების გაყიდვის, მშენებლობის, თევზჭერის სფეროებში სწორედ თურქები ლიდერობენ. ამიტომ პუტინის დაპირება აფხაზეთის კვიპროსად ქცევის შესახებ უკვე დიდ ტყუილად აღიქმება.
„შეძლებს რუსეთი გააკეთოს აფხაზეთში ის, რაც თურქეთმა გააკეთა კვიპროსზე? რუსეთი არ დებს აფხაზეთში ინვესტიციებს, ასეთი გზით სჯის აფხაზეთს? ახდენს რა მის იზოლაციას მსოფლიოსგან, უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის აფხაზეთს თავის თავზე? როგორც კვიპროსზე, ტოვებს რა მას სხვა სახელმწიფოების მიერ აუღიარებლად, მინიმალური ინვესტიციებით თამაშობს, რომ დრო მოიგოს?“ - ასეთ კითხვებს სვამს აფხაზი ავტორი და აფრთხილებს რუსეთს, რომ აფხაზეთში მაინც შედის ინვესტიციები „სხვა სახელმწიფოებიდან“ - რაშიც ის ისევ თურქეთს გულისხმობს და აქვე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ასეთი ვითარება რუსეთს ზიანს აყენებს, მით უმეტეს, რომ თურქული ინვესტიციები და ზოგადად, თურქეთის გავლენა აფხაზეთზე, დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდება, რუსეთს კი ამით, პრობლემები თუ არ შეექმნება, პრესტიჟს მაინც აუცილებლად დაკარგავს, რადგან ქვეყანაში, რომელიც მან აღიარა, მისი ინვესტიცია ნაკლები იქნება, ვიდრე ქვეყნისა, რომელიც არც ესაზღვრება აფხაზეთს, არც დახმარებას უწევს მას და არც მის დამოუკიდებლობას აღიარებს.
0