პოეტები გვილოცავენ - თამარ ლომიძე პოეტები გვილოცავენ - თამარ ლომიძე />


  14:25:10     06-01-2012

პოეტები გვილოცავენ - თამარ ლომიძე

a14037.jpg

...“ეგებ შენსავ / წიაღშია ისევ შველა, / ეგებ / შენ ხარ გუნდრუკიც და ძღვენიც... / კვლავ ეჭიროს / ნარიყალას მხრებით ზეცა, / აქ, / ბეთლემში დაიბადოს / ღმერთი!!!“

გიორგი მახობეშვილი

ახალ წელს გვილოცავს პოეტი თამარ ლომიძე:

„ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო!

ჩემო ძვირფასო ქართველებო! გულითა და სულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! წყალობა არ მოჰკლებოდეს თითოეული ქართველის ოჯახს! ჯანმრთელობა სულითაც და ხორცითაც, მზეგრძელობა და დღეგრძელობა, ულევი სიხარული და ბედნიერება, ხვავი და ბარაქა მინდა ვუსურვო ყველა თქვენგანს! უფალი გფარავდეთ!”

* * *                                                                         
                                 
დრო _ ტკივილივით       
გაკრული ჯვარზე _
სულში მინთია
როგორც ფარანი...
და ვდნები, რადგან
ჩემშიც და ჩემზეც
თვით უფალივით
არ დგას არავინ..

რტო ზეთისხილის 

მე ამ ტაძარში
ფუნჯით ხელში ვლოცულობ ისევ...
ძვლებს მიმწვარ გულში
ოცნებები მინდა ვახარო...
მთვარის თვალებით გეკითხები
თუ რატომ დაცხრა,
დაიღალა და...
დაიბზარა
შენი სამყარო.

საღვთო ნაკრძალში სახლი დარგე,
ხე ტყედ აქციე...
ლექსის ზვირთები ძალას გმატებს,
სიკვდილსაც კვებავ...
ორ ფეხზე დგომას ეგუები
და ხედავ ისევ,
რომ ყოფის მგლ;ები
მაინც ყოფის რჩებიან მგლებად.
ახლა სიყვარულს
ეჭვის თვალით უმზერენ ყველგან,
არ გპატიობენ სევდასა და
გაპობილ ღიმილს...
დრო უნდა დათმო...
იქნებ
სულში გაიხსნას ზეცა,
მოულოდნელად აყვავილდეს
რტო ზეთისხილის.

წმინდა ნინოო...     

წმინდა ნინოო...
დაცვარულო თაფლის სანთელო,
მთვარის სინაზევ,
უფლის ცრემლო,
ჟამის მთენარო,
უმანკო კრავო,
ნათლის თმებით შეკრულო რწმენავ,
საქართველოსთვის
დაწურულო საღვთო მტევანო.
სვეტო ცხოველო,
საქართველოს ძალავ და მადლო,
კვართის მესაყდრევ,
კვერთხო პირველ,
მცველო გრაალის,
ცად
ქართველთათვის აზიდულო
ღვთის კელაპტარო,
სულის მირონო,
ნათელჯვარო,
ფესვო თამარის...
მზესავით მწველო,
ამოჭრილო ზეცის სარკმელო,
ორთავე სოფლის
მწყალობელო,
მანათობელო, 
სალოცავივით
სიტყვასავით მყარო და მრთელო,
სიმართლის მხვნელო,
ერის ხსნაო,
ერის საყდარო.
სიყვარულისთვის დაფენილო
ცის სასწაულო,
ხატო ხილულო _
უკვდავების საგალობელო,
მარადისობის ნატერფალო,
ხმაო სიცოცხლის,
საქართველოსთვის დანთებულო 
დედათუფალო _
წმინდა ნინოო...
                     
* * *               

ახლა უფრო
მძიმედ სუნთქავს ქართლში მტკვარი,
უფრო ხშირად აკვირდება დაისს...
საქართველოვ,
ვის ამზადებ ხვალისათვის
ჭირისუფლად
უპატრონო ტაძრის.

კრწანისიდან
მოპარული ტკივილებით
დღესაც აგებს
მტერი ციხის კედელს...
ბედისწერის მარწუხებში
უხმოდ ჩაშლილს
ამაღლება გიწერია ეგებ.

ეგებ შენსავ
წიაღშია ისევ შველა,
ეგებ
შენ ხარ გუნდრუკიც და ძღვენიც...
კვლავ ეჭიროს
ნარიყალას მხრებით ზეცა,
აქ,
ბეთლემში დაიბადოს
ღმერთი!!!

როგორც ბიბლიას...      

შეხედე, ჩემო _
მთვარე როგორ უცბად აიმღვრა,
ჩამოიშალა ჩუქურთმები
ვერცხლის დაშნიდან,
სარკის ნატეხებს დაემსგავსა
ნისლის მორევში,
სულში ჭრილობა შემატოვა
სასჯელის ნიშნად.

ახლა...
მეც მალე დამცვივდება
ფერები ნატვრის
და წვიმის ფარდებს დაუშვებენ
ციდან მიწამდის,
ო, რომ შემეძლოს,
ევას ნაქონ ლეღვის ფოთოლსაც
გასაავდრებელ ხვალესავით
გადავიცვამდი,
ოღონდ ვიცოდე,
რომ ზეცისას მეტს ითხოვ ახლა,
გამწყდარი ხმები
ხმელ ტოტებად ჩაცვივდნენ ხევში,
მავანის მკერდში
აღარ ტოკავს მცირე კაენი,
არ მემწარება
დათაფლული ვაშლის ნაკბეჩი.

ოღონდ ვიცოდე
ბედის მწერალს
რა სიტყვა დასცდა,
რა ხაფანგს მიგებს
ხავერდივით მიწის ალერსი...…
რას მეტყვის დედა,
შეშლილ თვალებს როცა ჩახედავს,
რას დაარქმევენ მეგობრები
ნათლობას ლექსით.

ჩემი ედემი
არ ნებდება ხილვებთან ჩურჩულს,
ყრუ ტყვიასავით
მეკარგება ბოლო მარცვალი...
თურმე სიზმარში
ცხადზე ცხადი არის ყოველი,
რადგან სიცრუეს
სინამდვილე უკეთ გასწავლის.

შენს ნაკრძალშიაც
სულ საეჭვო ხილი მწიფდება,
ცრემლი ისე დუღს,
ტანჯვაც თურმე
ხდება ნეტარი,
პირს მომდგარ სულსაც
ჩავაბრუნებ ისევ სხეულში,
ოღონდაც
მთვრალი სიყვარულით ავივსო თვალი.

სხვა ჟამი დგება...
ბროწეულის გვირგვინებს ვიწნით,
ცხვრის ფარასავით ვერეკებით
ჩიტებს მახეში,
უძაღლო სოფელს
კატითაც კი ვაყეფებთ, ჩემო,
როცა სიმწრისგან
ლოდებიც კი ყრია ნაღეჭი.

ყველას თავისი
წილი მზე-რით მოეკითხება,
ჩვენი წამებიც
ჩვენთან ერთად გადათვლილია...
როგორც ურჩ ბატკნებს
დაგვატარებს უფალი მხრებით
და
სულს გვიფურცლავს
სიყვარულით _
როგორც ბიბლიას.

ჩვილი სული                 

მამა ტარიელს

შიში დამჩემდა,
მოწეული შიში, მამაო,
ქვიშის საბელს ვქსოვ დღენიადაგ,
ასე მგონია...
ჩემი სიზმრები,
გაცვეთილი,
ნაფერმკრთალები,
გასხვისებული გაზაფხულის
დანაზოგია.
ცაჩამოტეხილს
გარინდებამ ვერ მარგო ბინდში,
კვლავ მდუმარებას
სამსჭვალიდან სისხლად ვეღვრები,
ვერ ავიტანე
სიტყვისა და ფერის ღალატი,
ყაყაჩოებში ჩამეფერფლა
მძიმე ხელები.
 
რა ვქნა, მამაო,
მეც მარტივად მამტვერებს ქარი,
წვიმა მაწყლულებს,
სიცივისგან მიკემსავს თვალებს,
ტაძართან ვდგავარ
და სულიდან მეწყება წარღვნა,
არყოფნის საყრდენს
ყოფნა როცა ლოცვად მავალებს...

გაბზარულ ღამეს
ვეღარ ვშველი მხოლოდ ოცნებით,
ყვავის ყრანტალი
თევზის დუმილს ან რას შეჰმატებს...
გაუხედნავი სიტყვებით თუ
შევრჩები სტრიქონს,
ბერწი გულივით
თუკი ვეღარ დაგინთებ სანთელს...

საკუთარ ცხედარს
რად დავყურებ მაინც, მამაო,
მე ხომ
მთვარესთან ერთად მიყვარს
მუდამ გაფრენა...
სიყვარულს თუკი
წუთებს ვპარავ ერთგულებისთვის,
რად ვიხარჯები შიშნაჭამი
ქვიშის საბელად?..

რომ ვერ ვიხარე?
ვერ ვილაღე მშობელ მიწაზე?
რომ ვეღარავინ მომაწოდა
ცეცხლიდან წყალი?
ჩემს ნაკვალევზე
რადგან წვება ჩრდილი კაენის
და უცნაური ანგელოზის
ხატვას მასწავლის?..

იქნებ სიყალბის
მიწერია სიყალბით მსხვრევა,
ჭექა-ქუხილით
იქნებ უნდა ვფერავდე მახვილს,
რომ დატოტვილი
სინდისივით დავისხა კვირტი,
და... ჩვილი სული
გადავიდე ბინდიდან გაღმით.

პატრიარქი
   
უწმინდესსა და უნეტარესს, ილია 11-ს

როცა ვთელავთ,
როცა ვქელავთ ერის ნამუსს
და წკვარამით
დამძიმებულ ლანდებს ვლოკავთ...
ამბორსყოფით
მეათასედ გავცემთ უფალს,
სხვათა ხმებით
დემონებთან ერთად ვროკავთ...
როცა ფესვზე
საკუთარი ნებით ვამყნობთ
ნათავთავებ
სიტყვასა და ფუყე მტევანს,
დათოვლილი ყორნებივით
მოგვწონს თავი,
გველის ტყავით
როცა
სხვათა მზეზე ვთვლემთ და
ვერ ვფხიზლდებით,
ვერ ვინთებით,
ვერ ვუტყდებით...
_ ერთმანეთის
სიყვარული ვერ ვისწავლეთ...
ნათლის სვეტად ჩაგვიდგება,
შეგვახსენებს:
_ დიდგორიდან
ნუ მივდივართ
კრწანისამდე!!!

0

ავტორი: