როგორ არ განუმარტეს „ოცნების“ არსი  ივანიშვილს რუსეთში... როგორ არ განუმარტეს „ოცნების“ არსი ივანიშვილს რუსეთში... />


  11:24:16     06-01-2012

როგორ არ განუმარტეს „ოცნების“ არსი ივანიშვილს რუსეთში...

a14015.jpg

წმიდა მამები გვაფრთხილებენ: „ოცნება“ – ეს ისეთი სულიერი მდგომარეობაა, როდესაც ამქვეყნიურსა და წარმავალზე მეოცნებე ადამიანი ემსგავსება უდაბნოში მოხეტიალე მგზავრს. იგი იფიტავს თავის ფიზიკურ და  სულიერ ძალებს  „მაცოცხლებელი“ წყაროს ძიებაში, რომელიც სინამდვილეში მირაჟი აღმოჩნდება. ასეთი ოცნება–მირაჟები, სინამდვილეში, დახმარების ნაცვლად, ადამიანს აბრკოლებს ცხონების გზაზე და, მარადიულობაში ღმერთთან ერთობის ნაცვლად, აშორებს მას უფლისაგან!  

კიდევ უფრო აზუსტებს მოვლენის არსს   დიდი რუსი მართლმადიდებელი მამა, ეგნატე ბრიანჩანინოვი: „საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ, საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებულ და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში...“

რა ცუდია, რომ  რუსეთში მოღვაწეობის ჟამს არ ასწავლეს ბიძინა ივანიშვილს რუსი წმიდა მამის შეხედულებანი ოცნებაზე და ისე დაარქვა „ქართული ოცნება“ თავის დიდ შესაკრებელს, რომ ამ ოცნების ძირები ვერ მოსინჯა და გაისიგრძეგანა.

სამაგიეროდ, რა კარგია, რომ არსებობს ინტერნეტი, ყველა კითხვაზე  მზამზარეული პასუხით – გაეშურებით საძებრად და უცებ ამოგიგდებთ ყველანაირ  პირობადებულებას, ნებისმიერ  ოცნებათა შესახებ!

აი, მაგალითად, როგორ არის განმარტებული „ოცნება“ ერთ–ერთ საიტზე:  „ოცნება სულის მდგომარეობაა,  ის მდგომარეობა, როცა სულს რამე ძალიან უნდა, ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება,ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე, ზოგი ფულზე“ ... აჰა, ესე იგი, ფულზე ოცნებაც შესაძლებელი ყოფილა. მაგრამ, ეს აშკარად არ ეხება ბატონ ბიძინას; რაც გაქვს, იმაზე ხომ არ იოცნებებ – სამაგიეროდ ზუსტად ეხება  ხალხს, ვისთვისაც შეიქმნა ეს ახალი შესაკრებელი!  რაც შეხება საიტის მიერ ჩამოთვლილ  დანარჩენ დახასიათებებს –მარტოობაზე, სიყვარულსა და მეგობარზე ოცნებებს –  ტყუილად ნუ დავაბრალებთ ასეთ რამეებს ბატონ ბიძინას მხარდამჭერებს – ამისთვის სხვაგვარი შეკრებულობები არსებობს.

ხოლო რისი ოცნება შეიძლება ჰქონდეს თავად შესაკრებელის  თავკაცს? მივყვეთ საიტებს და ამ კითხვაზეც უცბად მოვიძიებთ პასუხს ინტერენტში:

„კარგ ოცნებას კარგი ფანტაზიის უნარი სჭირდება… თუ გაქვს კარგი ფანტაზია და რეალობის ზუსტი აღქმის უნარი, შეგიძლია თამამად შექმნა შენი ოცნება, თანაც საკმაოდ რეალური.   იქ სადაც შეგეძლება ნივთების რეალურად აღქმა, შეხება, შეგრძნება და ა.შ. ოცნება, ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს ბევრი ტკივილისგან, საშინელი რეალობისგან, არასრულყოფილების კომპლექსისგან და ა.შ. ოცნებას თუ შევხედავთ ფსიქოლოგიური კუთხით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლო; მეორე ვერსიის თანახმად, ადამიანი იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ აკეთებს, სიზმრის საშუალებით ახერხებს და ამით თავიდან ირიდებს ჩაკეტილობას, სიგიჟეს და ა.შ.“ – აგაშენათ ღმერთმა, თუ გავითვალისწინებთ „მაესტროზე“ ეკა ბერაძის პატრონაჟით ჩატარებულ ფსიქოანალიტიკურ თვითმკვლევარობას, ამ საიტის პასუხი მთლად ზედგამოჭრილი ყოფილა  ბატონი ბიძინასათვის – „ოცნება“, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსისაგან და არიდებს ჩაკეტილობასა და სიგიჟეს.

ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი,  მაგრამ ის ინტერნეტით მოსარგებლე რა მოსარგებლეა, სასურველი ცნების ძიებისათვის ერთხელ რომელიმე სოციალურ ქსელშიც თუ არ შეუხვია? ჰოდა, მზად უნდა ვიყოთ „ოცნების“ აქაური განმარტებისთვისაც, სადაც, ვთქვათ, მავანი მომხმარებელი გამოთქვამს წუხილს:

 „არის ესეთი რაღაც, როცა ადამიანი, ვინც ოდესღაც იყო შენი „ოცნება“, შენთან მოდის და მაგ მომენტში წკაპ, ინტერესი გეკარგება მის მიმართ და მიზიდულობის გრძნობა გინელდება...“

და მისი უცნობი თანამოსაუბრე, ვინმე პასუხობს:

„იქნება ის მხოლოდ ჰგავდა  შენი ოცნების მამაკაცს და სულაც არ არის რეალში ისეთი, შენ რომ გინდა, იყოს და მასში ეძებ იმ იდეალს, შენ რომ გინდა იყოს?“

ვინ იცის...

0

ავტორი: