09:43:53     06-01-2012
აშშ-მა ახალი სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ახალი სამხედრო სტრატეგია წარმოადგინა. ამერიკული მედიის ცნობით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ფინანსური შემცირებები გაითვალისწინა. როგორც ირკვევა, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, პენტაგონის ბიუჯეტის ზრდის პროცესი შენელდება.
ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, ასევე, შტატების პარტიონირი მთელი რიგი ევროპული ქვეყნების მიერ, უსაფრთხოების საკითხების საკუთარ თავზე აღებამ, ვაშინგტონს შესაძლებლობა მისცა, შეემცირებინა სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ქვეყნის მომავალი შესაძლებელი საგარეო საფრთხეების აღკვეთაზეა ორიენტირებული.
არმიის შემადგენლობა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეით ძალებს უწოდებენ და ამჟამად იქ 570 ათასი ადამიანი მსახურობს, დაახლოებით ათი პროცენტით შემცირდება. რაც შეეხება საზღვაო ქვეითების კორპუსს, მას 202 ათასიდან 25 ათას სამხედრო მოსამსახურემდე დაიყვანენ.
მიუხედავად რიგი კორექტივებისა, თეთრი სახლის მეთაურის, ბარაკ ობამას განცხადებით, მსოფლიო ზესახელმწიფოს მთავარი სამხედრო პრიორიტეტები და მიმართულებები, უცვლელი რჩება. ამ პრიორიტეტების ძირითადი პრინციპი კვლავ იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მისი მოკავშირეების ინტერესების დაცვა. შეერთებული შტატების თვალთახედვის ზონაში კვლავ რჩება აზია-წყნარი ოკეანის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები.
ირანის მიმართ დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს, ახლო აღმოსავლეთში გარკვეული ახალი პროცესები დაიწყება, სადაც შეერთებული შტატები გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ამჯერადაც ახორციელებს სამხედრო სწავლებას ორმუზის სრუტეში, ბოლო დროს გარკვეული მუქარებით გამოვიდა.
თავის მხრივ, პენტაგონმა განაცხადა, რომ თეირანს „ნავთობის არტერიის“ გადაკეტვის შესაძლებლობას არ მისცემს. რეგიონის წყლებში ამჟამად მსხვილი ამერიკული სამხედრო ხომალდი მოძრაობს, რომელიც სიტუაციის დაზვერვის შემდეგ, ავღანეთისკენ გაემართება. სპეციალისტების ნაწილი, მიმდინარე წელს, ახლო აღმოსავლეთში მორიგი შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას არ გამორიცხავს.
0