17:43:28     05-01-2012
გადმოასახლებს თუ არა მოსკოვი ბაშარ ასადის ერთგულ აფხაზებს აფხაზეთში?

სოხუმი რუსეთს არწმუნებს, რომ სირიელი აფხაზების აფხაზეთში გადმოსახლება მისთვის ისლამურ საფრთხეს არ შექმნის, რუსეთი სიმპათიას დაიმსახურებს და პრესტიჟს აიმაღლებს, აფხაზებს კი სამუშაო ძალა შეემატებათ.
რას წარმოადგენენ სირიაში მცხოვრები აფხაზები და რატომ სურს სოხუმს მათი სამშობლოში დაბრუნება?
როგორც „აბხაზსკი უზელ“ წერს, დიდი კავკასიური ომის შემდეგ, აფხაზების დიდი რაოდენობა (რუსების წყალობით) გაძევებულ იქნა. ისინი ოსმალეთის იმპერიაში დასახლდნენ. სირიაში გადასახლებულებმა კი საკმაოდ გაითქვეს სახელი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტებიც დაიკავეს.
აფხაზები პარტია ბაასის, არმიისა და სპეცსამსახურების სათვეებში მოექცნენ. მაშინ, როცა სირიის რეჟიმი პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე სწორედ აფხაზები ინიშნებოდნენ.
შესაბამისად, აფხაზების ავტორიტეტი, ერთის მხრივ, იზრდებოდა, მეორეს მხრივ კი, ოპოზიციური ჯგუფების თვალში, ისინი რეჟიმის შენარჩუნების მომხრეებად აღიქმებოდნენ.
როგორც „აბხაზსკი უზელ“ წერს, სირია უკანასკნელი სიმაგრეა რუსეთისათვის ახლო აღმოსავლეთში, თუმცა დღეს უკვე ცხადია, რომ ახლო აღმოსავლეთის ახალ დასავლურ წესრიგში, პარტია ბაასისა და ბაშარ ასადის ადგილი აღარ არის და რეგიონში ვეღარ იარსებებს ვეღარანაირი ანტიამერიკული რეჟიმი. დაპირისპირებაში კი ყველაზე მეტად დაზარალდება აფხაზური დიასპორა, რომლის უმრავლესობაც სწორედ ბაასის წარმომადგენელია.
ამიტომ, როგორც აფხაზები ამბობენ, სირიელ აფხაზებს აფხაზეთმა და რუსეთმა უნდა უშველოს.
შესაბამისად, რუსეთმა უნდა დაუშვას, უმოკლეს ვადებში, სირიელი აფხაზების სამშობლოში დაბრუნება და უზრუნველყოს ფინანსური და დიპლომატიური საკითხები.
სოხუმი შეახსენებს მოსკოვს, რომ ანალოგიური პროცესი განხორციელდა ბოსნიაში ომის დროს, როცა მაიკოპში გადმოასახლეს ადიღები, - „ისინი დღეს რუსეთის მოქალაქეები არიან“.
თუმცა შეიძლება, ამდენი ხვეწნა არც იყოს საჭირო, რადგან სირიელი აფხაზების ჩამოსახლება, გარკვეულწილად, მოსკოვის ინტერესებშიც შედის.
ექსპერტი არეშიძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ზუსტად, აფხაზური და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებიდან გამოსული სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან პრეზიდენტ ალ ასადის ძირითადი დასაყრდენი. ჩავთვალოთ, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების საყრდენი, იმიტომ, რომ სირია არის ერთადერთი ქვეყანა წინა აზიაში, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში, ტრადიციულად, დიდი გავლენა აქვს. ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც აქვს რუსეთს ხმელთაშუა ზღვაში, განლაგებულია სწორედ სირიის ქალაქ ტარტუსში. სადაც ამჟამად იმყოფება, რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“. პრაქტიკულად, დღეს მუჰაჯირების დაბრუნების საკითხში რუსეთის აქტივობა აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ, ზუსტად განპირობებულიაა იმით, რომ მათ თავისი ერთგული ხალხი სჭირდებათ აფხაზეთში. რასაკვირველია, მათ სჭირდებათ, იმ ტიპის, ეროვნებით აფხაზები, რომლებიც მათი ერთგულნი იქნებიან. ანუ სავარაუდოდ, დამარცხებული და განადგურებული სირიის ბაშარ ალ ასადის სახელისუფლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ასადების რეჟიმს წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ, უნდა მოხვდნენ აფხაზეთში“.
გარდა ამისა, ეს ის სირიელი აფხაზები არიან, რომლებმაც, როგორც „პრეზიდენტისა“ და „პარლამეტისადმი“ აფხაზური პარტიების მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, „მძიმე პირობებში შეინარჩუნეს თავისი ეთნოკულტურული იდენტურობა და ისტორიული სამშობლოსადმი ერთგულების გრძნობა, რაც 1992-1993 წლებში, ქართველების განდევნაში თავისი უშუალო მონაწილეობით გამოავლინეს“.