ბირთვული იარაღი და ახალი საფრთხეები მსოფლიოსათვის ბირთვული იარაღი და ახალი საფრთხეები მსოფლიოსათვის />


  17:09:18     05-01-2012

ბირთვული იარაღი და ახალი საფრთხეები მსოფლიოსათვის

a14009.jpg

მსოფლიომ „ცივი ომი“ დიდი ხანია დაასრულა, თუმცა, 21–ე საუკუნეში, უკვე სულ სხვა პრობლემები გაჩნდა, რომელიც პლანეტას მნიშვნელოვან საფრთხეებს უქადის. ამ თემაზე, ამერიკული გაზეთი „The Atlantic Monthly“ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი მსოფლიოში დღეს მიმდინარე სახიფათო პროცესებსა და ტენდენციებზე საუბრობს.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან, დაახლოებით ორი ათეული წელი გავიდა და მას შემდეგ, დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე ბევრი რამ შეიცვალა. განსხვავებით წარსულისგან, სარაკეტო–ბირთვული ტექნოლოგიები მხოლოდ ზესახელმწიფოებისათვის არ არის ხელმისაწვდომი. მათ უკვე ფლობენ, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამერიკელებს კი ამჟამად უფრო მეტად ის აღელვებთ, რომ ბირთვული იარაღი ერთ დღეს, შესაძლოა, ტერორისტების ხელშიც მოხვდეს.  

21–ე საუკუნეში, ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე, ბირთვული სტატრატეგიის სამი მთავარი ამოცანა დგას. პირველი – არ დაუშვას ამ ტიპის იარაღის აშშ–ის და მისი მეკავშირეების წინააღმდეგ გამოყენება, მეორე – დაარწმუნოს ან აიძულოს სხვა ქვეყნები, არ შექმნან ამ ტიპის შეიარაღება და მესამე, უზრუნველყოს ბირთვული მასალების და იარაღის მოძრაობის იმ დონეზე კონტროლი, რომ ის ტერორისტული დაჯგუფებების ხელში არ მოხვდეს.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ამერიკული ბირთვული არსენალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის პრეზიდენტები, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები, დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ შეერთებული შტატები ამ წლების განმავლობაში, სამხედრო თვალსაზრისით, გახდა ბევრად უფრო ეფექტური და შეუძლია უკეთ დაიცვას თავი, შემცირებული ბირთვული შეიარაღების პირობებში. თუმცა, ის არსენალი, რაც მსოფლიო ზესახელმწიფოს გააჩნია, მისთვის და მისი მოკავშირებისათვის მნიშვნელოვან ქოლგას წარმოადგენს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან თუ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთანაა დაკავშირებული.   

ახალი 2012 წელი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმით დაიწყო, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ახალი სანქციები დაუწესა. ისლამური რეჟიმის მცდელობა, ირანი გადააქციოს ბირთვულ სახელმწიფოდ, აშშ–ის ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა. ექსპერტები, ირანის წინააღმდეგ, მიმდინარე წელს ვაშინგტონისგან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოელიან. თანამედროვე მსოფლიოსთვის ახალი ბირთვული სახელმწიფოს წარმოქმნა სრულიად მიუღებელია. მოვლენების განვითარების პროგნოზირებისას კი, სპეციალისტები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ყველანაირი რესურსი შესწევს საიმისოდ, რომ ამ პოლიტიკურ თუ სხვა სახის ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვოს.  

0

ავტორი: