მოსკოვი ისტერიკაშია - მოლდოვა ნატო-სთან დაახლოებას გეგმავს? მოსკოვი ისტერიკაშია - მოლდოვა ნატო-სთან დაახლოებას გეგმავს? />


  14:54:52     05-01-2012

მოსკოვი ისტერიკაშია - მოლდოვა ნატო-სთან დაახლოებას გეგმავს?

a13996.jpg

მდინარე დნესტრზე განთავსებულ №9 სამშვიდობო პოსტზე 1 იანვარს მომხდარი ინცინდენტი მასშტაბურ დაპირისპირებაში გადადის.

რუსი ექსპერტები პროგნიზორებენ, რომ მოლდოვა ახალი 2008 წლის აგვისტოსთვის ემზადება: კიშინიოვი კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანისკენ ისწრაფვის, რის შემდეგაც დნესტრისპირეთში შეჭრას აპირებს.

ერთი მოლდოველი მოქალაქის სიკვდილი არ უნდა გახდეს მასშტაბური სისხლიანი კონფლიქტის მიზეზი - აცხადებენ რუსი ექსპერტები.

როგორც „პრესა.ჯი“ წერდა, 1 იანვარს, დნესტრის ერთ-ერთ სამშვიდობო პოსტზე, სადაც რუსებთან ერთად მოლდოველი სამშვიდობოებიც დგანან, რუსმა მშვიდობისმყოფელმა მოლდოველ, 19 წლის ვადიმ პისარს ცეცხლი გაუხსნა, მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა მანქანის გაჩერების ბრძანებას. პისარი გარდაიცვალა, მომხდარი კი მიტინგების მიზეზი გახდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, კიშინიოვში, რუსეთის საელჩოსთანაც და კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა მოითხოვა.

მოგვიანებით, ამას მოყვა თავად მოლდოვას მთავრობის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომელმაც დნესტრისპირეთში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის მოწოდება გააკეთა.

რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ „მოლდოვამ საკუთარ თავზე აიღო რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა და ახალ 2008 წელს ამზადებს“. რუსი ექსპერტები კი, თავის მხრივ, უკვე მოსალოდნელ მასშტაბურ სისხლიან კონფლიქტზე ალაპარაკდნენ.

ექსპერტი მოდესტ კოლეროვი მიიჩნევს, რომ რუსმა სამშვიდობომ სრულიად კანონიერად ესროლა პისარს, რომელიც გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილა და თანაც, მთვრალი იყო. ის ვარაუდობს, რომ მოლდოვას იყენებს თავის „домашнюю заготовку“-ს და აგრესორი პისარის ადვოკატობას კისრულობს.

„რუსმა სამშვდობოებმა პასუხი გასცეს თავდასხმას  და სწორედ ამიტომ მოლდოვა უკმაყოფილოა. რუსი სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარების მსხვერპლნი გახდნენ და სწორედ ამიტომაა სააკაშვილი უკმაყოფილო. არ გამიკვირდება, რომ მოლდოვაში მთვრალ მძღოლს ახლა ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ და 2008 წლის საკუთარ ვარიანტს  ამზადებენ. ასეთი „ინტელექტუალური“ ლოგიკის გათვალისწინებით, კიშინიოვმა შეიძლება მოითხოვოს რუსეთის ელჩისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენლის შეცვლა  მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ანდრეი პოპოვზე. ან კიშინიოვი უკვე ემზადება გაიმეოროს სააკაშვილის გმირობები? და მაშინ, მას საერთოდ არ სჭირდება სამშვიდობოები, არც ელჩები, არც სპეცწარმომადგენლები“ - ამბობს კრემლის ექსპერტი.

კოლეროვი მოითხოვს, დნესტრზე ინცინდენტის გამოძიებას, რათა დადგინდეს მოლდოვას ხელისუფლების კავშირი მომხდართან, რადგან მიიჩნევს, რომ ყოველივე ოფიციალური კიშინიოვის დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„გასროლა №9 პოსტზე. ტრაგედია თუ დიდი თამაშის დასაწყისი?“ რუსულ მედიაში უკვე ასეთი სათაურით იბეჭდება სტატიები, რომლებშიც საუბარია, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის შესაძლო გაყვანის ხარჯზე, მოლდოვა ტირასპოლის პოზიციების შესუსტებისკენ ისწრაფვის, რაც მოლდოვას პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს „და თუ გავითვალისწინებთ, რომ კიშინიოვის მმართველ „ალიანსში ევროპული დემოკრატიისათვის“ ნაციონალისტური პრორუმინული ძალები შედიან, შეიძლება დავასკვნათ, რომ დნესტრზე ძალთა ბალანსის დარღვევა დნესტრისპირეთის ძალისმიერ მიტაცებას გამოიწვევს, მათ შორის, რუმინეთის დახმარებით“ - წერენ რუსი ექსპერტები.

რუს ავტორებს, ამ თემაზე საუბრისას, ციტატები ფორუმებიდან მოჰყავთ: „იმ პოსტებს ანგარიშს არავინ უწევდა, რადგან ისინი უკანონოა“, „ისროდა რუსი ჯარისკაცი, ე.ი. რუსეთმა ჩაიფიქრა… დიდი ხანია ნატო-ს უნდა დავუძახოთ ჩვენთან“.

ნატო-ს ხსენება, ცნობილია, რომ რუსეთს კომაში აგდებს. ისტერიკა უკვე სახეზეა:„რას აპირებს მოლდოვა? რუსი სამშვიდობოების ნატო-ს ჯარებით შეცვლას? თუ რუმინული ჯარებით შეცვლას, რომელიც ნატო-ს წევრია?“

მოსკოვში კიშინიოვის გეგმები „გაშიფრული“ აქვთ: ამის შემდეგ, მოლდოვას დნესტრიპისრეთში შეჭრა გარდაუვალია, ამის შემდეგ  მოლდოვა რუმინეთთან ინტეგრაციის საკითხს დასვამს, მით უფრო რომ მის მიღებას ევროკავშირში არავინ აპირებს, ამიტომ ექნებათ შანსი შევიდნენ ევროკავშირში რუმინეთის საშუალებით, რუმინეთში კი დნესტრისპირეთთან ერთად.

მოსკოვში, ჯერჯერობით, მოლდოვას „საიდუმლო გეგმებზე“ ლაპარაკობენ და არა თავად მოსკოვის გეგმაზე, თუ რას მოიმოქმედებს კრემლი მოვლენათა ზემოაღნიშნული სცენარით განვითარების შემთხვევაში, თუმცა სისხლიან დაპირისპირებას, უკვე პროგოზირებენ.

0

ავტორი: