ვალერიან გაფრინდაშვილის „პოეზია და ბუნება“ ვალერიან გაფრინდაშვილის „პოეზია და ბუნება“ />


  13:53:23     05-01-2012

ვალერიან გაფრინდაშვილის „პოეზია და ბუნება“

a13989.jpg

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ვალერიან გაფრინდაშვილის ესეს „პოეზია და ბუნება“, რომელიც დაიწერა 1923 წელს, 28 იანვარს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, მაგრამ საკითხი ისევ დგას.

შეიძლება რამეში არ დაეთანხმო ვალერიან გაფრინდაშვილს, ჩვენს შესანიშნავ პოეტს, ლიტერატურის თეორეტიკოსს და ესეისტს, მაგრამ, ქართული პოეზია ახალ სიმაღლეებს უნდა მისწვდეს, დღესაც. ახალი გამოწვევები, ისევ, დგას ქართული პოეზიის წინაშე.

მას შემდეგ, რაც დაიწერა წინამდებარე ესე, ქართულ პოეზიაში ბევრი ახალი რამ მოხდა. იყო არა ერთი პოეტი, რომელიც საქართველოს შესანიშნავ ბუნებას მშვენივრად წარმოაჩენდა, და თანაც, არა როგორც მხოლოდ ბუნებას, არამედ, როგორც სამშობლოს ნაწილს, როგორც სამყაროს საიდუმლოს თუ მშვენიერებას, როგორც საქართველოს მისტერიის შემადგენელ პირობას...

თუმცა მაინც, პოეზიისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი თემები მარადიულია, როგორც მარადიულია პოეზია და მოთხოვნილება პოეზიისა.

ყოველ ეპოქას სჭირდება მაღალმხატვრული პოეზია.

ახალგაზრდა პოეტებმა უნდა ისწავლონ ძველი პოეტებისგან. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ხოლმე ესეებს თუ ნააზრევებს ისეთი ადამიანებისას, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ბრძენთა შორის (თანამედროვეთა ნააზრევის გამოქვეყნებასაც არ დავერიდებით).

ქართული პოეზია უკვდავია, დღესაც არიან პოეტები, რომლების შესანიშნავ შემოქმედებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, ვინაიდან, ეს მაინც სუბიექტურად ჩამეთვლება. აქვე უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ყველას არ ვიცნობ (დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ყველას). სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რატომღაც ქედმაღლუროდ რომ უყურებენ ლიტერატურის მოყვარულებს...

საბედნიეროდ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც კარგად წერენ, რაც მთავარია, გრძნობენ რა უნდა დაწერონ... მერე უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევენ.

თუმცა, ძველების მოსმენა არავის აწყენს.

აქვე ყველას ვთხოვთ, კრიტიკას ნუ მიიღებენ საწყენად. მეტიც, კრიტიკა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ გაუმჯობესდეს ლიტერატურული პროდუქცია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვაწყენინოთ, ან ნერვები მოვუშალოთ.

ჩვენც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ კრიტიკას.

პოეზია და ბუნება

ბოდლერმა პირველად იგრძნო ცა, როგორც უფსკრული. ტიუტჩევმა პირველად დაგვანახა საბედისწერო ღამე, რომელიც საშინელია, როგორც მედუზა. ბოდლერმა წარმოიდგინა მთელი ბუნება - რთული სიმბოლოების ტყე, რომელნიც მოითხოვენ მის გამოცნობას. ტიუტჩევი აღმერთებდა ბუნებას და გრძნობდა მას, როგორც ცოცხალს და თავისუფალს ძალას. ტიუტჩევმა უძღვნა გენიალური ლექსები ღამის ქარს, ალპებს, ზღვას, გაზაფხულს, დღეს და ღამეს, შემოდგომას, საღამოს, შუადღეს, დილას მთებში, ცისარტყელას, პირველ ფურცელს. თავის დიდებულ ოდაში ბუნებაზე ის ამტკიცებს პოეტურად, რომ ბუნება არ არის უსულო, რომ მას აქვს თავისი საკუთარი ენა. არავის არ უთქვამს ისეთი სიტყვები ელვაზე, ვარსკვლავებზე, ღამის ქარზე, როგორიც სთქვა ბუნების იდუმალებათა ვიზიონერმა და მისანმა ტიუტჩევმა. მის პოეზიაში, ორი საწყისია: აპოლონიური და დიონისიური, ჰარმონია და ქაოსი.

რასაკვირველია, ტიუტჩევი უპირველეს ყოვლისა ქაოსის პოეტია. მაგრამ, ის ეძებდა ბუნებაში არა მარტო ვიაჩესლავ ივანოვის realiora-ს*, ბუნება იმავე დროს მისთვის ესთეტიური ფენომენი იყო (ნიცშეს თქმით). ის ადიდებს ღამესთან ერთად დღეს. მისი ღმერთია პანი.

ბოდლერის სული უფრო გაბზარულია. მის პოეზიაში ჩვენ ვერ ვნახავთ ტიუტჩევის კოსმიურ ხილვას. მაგრამ ბოდლერმა იგრძნო ბუნება, როგორც სიმბოლოების ტყე.

მან განიცადა მთელი ქვეყანა, როგორც დაფერფლილ ანალოგიების სისტემა. ბოლოს და ბოლოს ის დაშორებული იყო ბუნებასთან და მისი ინდივიდუალიზმი კატასტროფით გათავდა. ტიუტჩევისთვის ბუნება სფინქსი იყო, მაგრამ ერთხელ მას წამოსცდა, რომ შეიძლება ბუნება იყოს სფინქსი უგამოცანოთ. (Сфинкс без загадки) ამ სიტყვებით დაახასიათა უაილდმა ქალი.

რუსსომ ცრუკლასიკოსების შემდეგ აღმოაჩინა ბუნება ისე, როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ბუნაბა დავიწყებული იყო და საჭირო შეიქმნა მისი მეორედ აღმოჩენა.

პეიზაჟს მხატვრობაში ისეთი დიდი ადგილი უჭირავს, როგორც ადამიანს.

მას შემდეგ, რას შეიქმნა ურბანისტული პოეზია, წმინდა ბუნება თითქმის განდევნილი იქმნა პოეზიიდან და ამ თვალსაზრისით თანამედროვე პოეზია უახლოვდება ცრუკლასიკოსების პოეზიას, რომელსაც არ სწამდა ბუნება.

ინგლისურ პოეზიაში არიან ლაკისტები - ტბის პოეტები. მათ პროგრამაში შედიოდა ბუნება, როგორც მთავარი ძალა.

პოეზიას ყოველთვის ასაზრდოებს ბუნება და ქალაქის პოეზია, სადაც არ არის ბუნება, უთუოდ დროებითი მოვლენაა.

ყველა გენიოსები: გომიროსი, ლეონარდო, გოეტე, შექსპირი, ვაჟა - ბუნების ვიზიონერები იყვნენ.

პოეტური ხილვა ბუნების ახლოს სდგას მეცნიერულ ხილვასთან. ლეონარდო და გოეტე დიდი მეცნიერები იყვნენ.

აკაკიმ აღმოაჩინა შავი ქვა და ეს ფაქტიც უთუოდ საგულისხმოა.

შექსპირის ტრაგედიებში ნაწინასწარმეტყველებია ბევრი მეცნიერული აღმოჩენები. ბუნება დგას ჩვენს წინაშე, როგორც იზიდა. უნდა დავინახოთ იზიდას სახე.

მთელი მაგია და ალქიმია (ფაუსტი, პარაცელსი, კალიოსტრო) ცდილობდა შესულიყო ბუნების დაკეტილ ტაძარში და იქ დაენთო თავისი ცეცხლი.

ქართველ პოეტებში ბუნების გრძნობა ყველაზე უფრო განვითარებული აქვს ვაჟას და შემდეგ ბარათაშვილს. დანარჩენ პოეტების შემოქმედებაში ბუნება მოცემულია, როგორც ბრწყინვალე დეკორაცია, როგორც შეხერეზადას ზღაპარი.

მე სრულიად ვერ ვგრძნობ ბუნებას რუსთაველის პოეზიაში. დიონისური ხილვა ბუნების თითქმის არ იცის ქართულმა პოეზიამ.

საქართველოს ბუნება მოცემულია, როგორც „ტაძარი სიმბოლოების“ – (შალვა აფხაიძის წერილიდან: „ქართული პოეზიის პერსპექტივები“ – „მეოცნებე ნიამორები“ # 1, 1919 წ. თებერვალი). ვარდის და ბულბულის პოეტები აბითურებდნენ ბუნებას.

მათ ლექსებში ბუნებას ერთი ღამეც არ გაუთევია.

ორი წლის წინათ ქუთაისში მყოფნი - „ცისფერი ყანწელები“ - სანდრო ცირეკიძე და ამ სტრიქონების ავტორი, აპირებდნენ მანიფესტის გამოქვეყნებას, რომელშიდაც პირველ ადგილს დაიჭერდა ბუნება.

მთელი საქართველო ჯერ მხოლოდ ბუნებაა. ბუნაბა უნდა ყოფილიყო ქვაკუთხედი ჩვენი მსოფლმხედველობის. მაგრამ ჩვენი მანიფესტი არ დაგვიბეჭდავს. ეს არ იქნებოდა გეოგრაფია და ეტნოგრაფია, რადგან ჩვენც აღვიზარდეთ ტიუტჩევზე, ვაჟაზე და ბოდლერზე.

რასაკვირველია ჩვენს მანიფესტში ქალაქიც შევიდოდა, როგორც ხელოვნური და არა უკვდავი ბუნება. საქართველოს ბუნაბამ შექმნა ერთი უდიდესი პოეტი - ეს არის ვაჟა. ვაჟას მოწაფეები გამოჩნდებიან და გამოაცხადებენ ბუნებას თავის ღმერთად.

ზღვა სრულიად არ არის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ბუნებას უნდა მიეცეს ღირსეული დაფასება ქართულ პოეზიაში. ბუნება შეჰმატებს ქართულ პოეზიას დიდ სანახაობას, დიდ ფენომენებს და სიმბოლოებს.

პარნასელების პოეზია მხოლოდ ბუნების აღწერაა, ნატიურმორტია, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული ადგილი პარნასზე. ბუნება იძლევა საქართველოში ვარსკვლავების, მთვარიან ღამეების, გრიგალების შედევრებს.

ტეოფილ გოტიემ აამღერა ლუქსორის ობელისკი, მტვრიან ფარჩით შემოსილი უდაბნო.

დროა საქართველოს ბუნება, როგორც ტაძარი სიმბოლოების ღირსეულ ტახტზე ავიყვანოთ. დროა დავინახოთ იზიდა ხარბი თვალებით, ტიუტჩევის თვალებით.

პოლ ვერლენის სიტყვით - ადამიანის სულში რომ ჩავიხედოთ - იქ აღმოვჩენთ მხოლოდ პეიზაჟს.

ბუნება არ არის მხოლოდ მაყურებელი ჩვენი ტრაგედიის და კომედიის.

მას აქვს თავისი კატასტროფები, რევოლუციები. მან იცის გამარჯვება და დამარცხება.

ბუნაბაში იმალება მთელი ჩვენი მომავალი. ჩვენ ყველა ბუნების სცენაზე პრომეთეები და მარიონეტკები ვართ. პოეზიისათვის ხშირად ბუნება დეკორაცია არის და არა მისტერია, რადგანაც უკანასკნელ საუკუნეების პოეზია სუნთქავს ქალაქით და გაჭვარტლულია მისი გავლენით.

მაგრამ, ის პოეზია, რომლის ხერხემალი ბუნება არ არის, ჩქარა კვდება. შექსპირის ტრაგედიებმა გასძლო, რადგანაც მის ტრაგიკულ გმირებს აქვთ დიდი კავშირი ბუნებასთან. როგორც შლისელბურჟელმა ნიკოლოზ მოროზოვმა დასწერა აპოკალიპსის მიხედვით ახალი ასტრონომია, ისე შეიძლება შექსპირის, გომერისა და ვაჟას მიხედვით ახალი კოსმოგონიის შექმნა.

ბოლოს და ბოლოს უკვდავნი არიან ის პოეტები, რომელნიც თავის ბიოგრაფიაში და იღბალში ატარებენ მთელი მსოფლიოს ბიოგრაფიას და იღბალს.

1923 წლის 28 იანვარი

----

* realiora – (ლათინური) უფრო რეალური (სიმბოლისტების იყენებდნენ ამ განსაზღვრებას)

0

ავტორი: