11:09:26     05-01-2012
ივანიშვილის „მოჩვენებების კლუბი“ და პოლიტსტრიპტიზი ავანსცენაზე

ბიძინა ივანიშვილის „გუნდი“, რომელთან ერთადაც ოლიგარქი ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს, ფაქტობრივად, უკვე შედგა. მართალია, გარკვეული კორექტირებები კვლავ ხდება და მილიარდერის ჯიბეზე მონადირეებს შორის თავგადაკლული კონკურენცია, ამა თუ იმ პერსონას ან, შესაძლოა, პოლიტიკურ ძალასაც, ზოგჯერ შეიძლება ამ ორბიტიდან ამოვარდნად დაუჯდეს, მაგრამ ძირითადი ხაზი და ორიენტირი უკვე გამოკვეთილია. თუმცა, იმ ჭრელ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი მდიდარი კაცის ირგვლივ შეიკრიბა, გუნდი მაინც ძნელად შეიძლება ეწოდოს.
პერიოდულად, ქართულ საინფორმაციო სივრცეში ჩნდება ცნობები ბიძინას სიახლოვეს ამა თუ ძველი, კარგად დავიწყებული მორიგი სახის გამოჩენის და მის მიერ, შუშის სასახლის კარზე გარკვეული რეგალიის მიღების შესახებ. სასახლის კარი, ძირითადად, სოციალური ქსელების მეშვეობით, ზოგჯერ თავადაც ამაყად ავრცელებს ამ პიროვნებების ჰარი პოტერის გოროზ ციხე-დარბაზში სტუმრობის ამსახველ კადრებს.
მოკლედ, ოლიგარქმა ამის შემდეგ სულ რომ ხმა აღარ ამოიღოს, ისედაც უკვე საბოლოოდ ნათელი და გასაგებია მისი პრიორიტეტები და ადამიანური თუ პოლიტიკური შეხედულებების ძირითადი მიმართულებები. ივანიშვილის, უფრო სწორად მისი აურაცხელი ქონების ირგვლივ, თავი ბლომად მოიყარა სვავების ხროვამ, ივანიშვილისვე სურვილით და შერჩევით. საზოგადოებას თუკი ვინმე „მონატრებული“ და კარგად დავიწყებული სახის ნახვა და ხელახლა გახსენება სურს, მთაწმინდის სასახლეს უნდა მიაკითხოს.
ფენიქსივით აღმდგარი შევარდნაძის ყოფილი ჩინოვნიკები, დიდი ხნის წინ გაკოტრებული პოლიტიკოსები, სსრკ-ს მოტრფიალე და სამოქალაქო ომის „გმირი“, ქართული ე.წ. ინტელიგენცია, არჩევნებში 2 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტები - მოკლედ, მოჩვენებების და ფანტომების უცნაური გამოფენა გახსნილია, თავისი ყველა ატრიბუტით.
ამ ყველაფრის შუაგულში კი, დირიჟორად თავად ოლიგარქი გვევლინება. ავანსცენაზე მდგარი ახლადგამომცხვარი „პოლიტიკოსი“, რომელიც მის „თანამოაზრეებს“ ალბათ ფულით სავსე მოზრდილ ტომრად ეჩვენებათ, ამ საზოგადოების ერთად თავმოყრას, აშკარად დიდ დამსახურებად უთვლის თავს. ამ დროს კი ფაქტია: ივანიშვილის ირგვლივ თამოყრილი საზოგადოება, საკუთარი აურით და გეგმებით, უკვე ძალიან დაემსგავსა სწორედ ავადსახსენებელი 90–იანების დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით დეტალს - რეაქციონერთა გაერთიანებებს და შეკრებებს, რომელიც თბილისში სამოქალაქო ომის და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში ხშირად იმართებოდა.
ამ ყველაფრიდან კი ნათელი ხდება ერთი რამ: ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი საზოგადოებისათვის ახლის, ნოვატორულის, პროგრესულის შეთავაზების არანაირი სურვილი, რესურსი, მოთხოვნილება თუ გემოვნება არ აქვს. ის მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელისუფლებაში მაღალ რეგალიებამდე და რბილ სავარძლებამდე როგორმე მიაღწიოს. საამისოდ კი, ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს, თვით ყველაზე მარგინალური მეთოდების და პერსონების გარს შემოკრების ხარჯზე. ქართველ საზოგადოებას კი უკვე ნათლად ეტყობა, რომ ოლიგარქის პოლიტიკური სტრიპტიზი წარმოსახვით სცენაზე ძალიან მობეზრდა. როგორც სხვადასხვა გამოკითხვები აჩვენებს, ივანიშვილის რეიტინგი, დროსთან ერთად, სულ უფრო მცირე და მოკრძალებული ხდება და კლების ტემპებით, ფაქტობრივად, რეკორდს ამყარებს.
0