22:04:32     04-01-2012
გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - როგორ გეგმავდა პუტინი 08.08.08-ს

რუსულ ინტერნეტგვერდებზე და ბლოგებზე, ამ რამდენიმე დღის წინ, რატომღაც გავრცელდა საკმაოდ ძველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ომს ჯერ კიდევ დიმიტრი მედვედევის გაპრეზიდენტებამდე აპირებდა. აღნიშნული ინფორმაცია მოსკოვის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებულ და ამჟამად უკვე აკრძალულ ჩეჩნურ საიტს, „კავკაზ-ცენტრს ეკუთვნის“ და 2008 წლის 5 ივლისით თარიღდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ის დროა, როცა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ არ იყო მომხდარი, ალბათ, საინტერესო იქნება, თუ რას პროგნოზირებდნენ ჩეჩნური წყაროები:
ისინი იუწყებოდნენ, რომ არსებობს ოპერატიული მონაცემები, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდა, საომარი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება კი პუტინმა, ჯერ კიდევ მედვედევის პრეზიდენტად არჩევამდე მიიღო. ჩეჩნები ამტკიცებდნენ, რომ „ინტენსიური სამხედრო სამზადისი, უკვე თვეებია, რაც ყველა დონეზე მიმდინარეობს და აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეყვანაც ამ ჩანაფიქრის შემადგენელი ნაწილია. ომისთვის სამზადისს კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინი კურირებს“.
„კავკაზ-ცენტრის“ ინფორმაციით, ოპერატიული მონაცემები მიუთითებს, რომ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი კოდორის ხეობის აღება და სააკაშვილის რეჟიმის მაქსიმალურად შესუსტება ან ჩამოგდებაა.
თუ კოდორის აღების ოპერაციისას, პოლიტიკური და სამხედრო სიტუაცია რუსეთისათვის სასარგებლოდ წარიმართება, იგეგმება სამხედრო მოქმედებების მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელება, - ვითარების ტოტალური დესტაბილიზაცია და საქართველოს დეზინტეგრაცია.
იმავე სტატიაში წერია: ივარაუდება, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყება 2008 წლის 20 აგვისტოსა და 10 სექტემბრის შუალედში.
ომის დაწყებამდე ადგილი ექნება აფხაზებსა და ქართველებს შორის დაძაბულობის ზრდას, პროვოკაციების სერიას (ტერაქტებს), მსხვერპლს…
ერთ-ერთი სცენარით, მსხვილი ტერაქტი, რომელშიც ქართულ სპეცსამსახურებს დაადანაშაულებენ, სოჭში უნდა მომხდარიყო.
ოპერაციას ბლიცკრიგის ხასიათი ექნება:
შეტევითი მოქმედებები, რომლის შედეგადაც ქართული ჯარები უნდა გააძევონ კოდორიდან, 7-10 დღის ვადაშია გაწერილი.
იგეგმება საჰაერო დარტყმები ქუთაისსა და თბილისზე. აფხაზების (რუსების) შემტევი დაჯგუფება ქუთაისისკენ დაიძვრება. ქართველების სუსტი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ივარაუდება ქუთაისის აღება. მიზანი - თბილისთან შემდგომი პოლიტიკური ვაჭრობისათვის ბერკეტების ხელში აღებაა.
მოსკოვის გეგმის შესაბამისად, კოდორის აღების შემდეგ, სამხედრო მოქმედებები უნდა დაიწყოს ცხინვალის მიმართულებით, რეგიონიდან ქართული დანაყოფების, ასევე, ქართული მოსახლეობის გაძევების მიზნით.
მოსკოვმა ოპერატიული არხებით შეგნებულად დაუშვა ინფორმაციის გაჟონვა ვაშინგტონში. კრემლის აზრით, მოცემულ მომენტში აშშ-ს უკიდურესად არ აწყობს სამხრეთ კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოში სამხედრო დაძაბულობის ესკალაცია. ამიტომ მოსკოვში იმედოვნებენ, რომ საქართველოსთან ომზე უარის თქმის სანაცვლოდ, ვაშინგტონს შეუძლია კრემლს შესთავაზოს კომპრომისული გარიგება მოსკოვისათვის საინტერესო რიგ საკითხებში - წერს „კავკაზ-ცენტრი“.
0