17:42:19     04-01-2012
სსრკ–ს დანგრევისთვის, რუსები გორბაჩოვს გაასამართლებენ

რუსები მიხეილ გორბაჩობს საბჭოთა კავშირის დანგრევას ვერ პატიობენ.
რუსი ისტორიკოსისა და პოპულარული ბლოგერის, ნიკოლაი სტარიკოვის მიერ დაფუძნებულმა „რუსეთის მოქალაქეთა პროფესიულმა კავშირმა“, ინიციატივა გამოთქვა, რუსეთის მოქალაქეებისა და ასევე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტისა და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
მიხეილ გორბაჩოვს დანაშაულად უთვლიან იმას, რომ მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა და ქვეყნის დაშლა დაუშვა.
შეგახსენებთ, რომ სამშობლოს ღალატის მუხლით, გორბაჩოვის გასამართლების მცდელობა 1991 წელს ჰქონდა საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს, ვიქტორ ილუხინს, თუმცა მაშინ საქმე დაიხურა.
ამჯერად, „რუსეთის მოქალაქეთა პროფკავშირის“ ინიციატივით, რუსმა იურისტებმა უკვე შეიმუშავეს გორბაჩოვის სამართლებრივი დევნის მექანიზმი. მათი არგუმენტები ასეთია:
გორბაჩოვმა „დერჟავა“ დაანგრია. რუსეთს სჭირდება „დეგორბაჩოვიზაცია“. „გორბი“ - ასეთი მოფერებითი სახელით უწოდებენ მიხაილ სერგეევიჩს მისი დასავლელი მეგობრები, რაც რუსეთის ისტორიაში არ მომხდარა: არ ყოფილა „ლენი“, არ ყოფილა „სტალი“, „ხრუში“ და ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ეს ადამიანი ასე უყვართ ლონდონსა და ვაშინგტონში და არ უყვართ მოსკოვში.
რას აპირებს რუსეთის მოქალაქეთა პროფკავშირი:
რუსეთის ყველა მოქალაქემ, რომელიც პროფკავშირებს ეთანხმება, საგამოძიებო კომიტეტში უნდა შეიტანოს განცხადება ილუხინის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განახლების შესახებ. თუ საქმეს არ განაახლებენ, „ყველანი მივდივართ სასამართლოში“ - წერს პროფკავშირები. თუ აქაც არაფერი გამოუვათ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და უმაღლეს სასამართლომდეც მივლენ.
პროფკავშირები დარწმუნებულია, რომ გორბაჩოვის გასასამართლებლად რუსეთის ათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს. პარალელურად კი მოაწყობენ აქციებს ლოზუნგით – „უჩივლე გორბაჩოვს სასამართლოში“. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათ შეუერთდება უკრაინის მოქალაქეთა კავშირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ბელორუსი, „რადგან გორბაჩოვმა ყველას უღალატა“.
გულისხმობს თუ არა პროფკავშირების ინიციატივა გორბაჩოვის გასამართლების შემდეგ საბჭოთა კავშირის აღდგენას, ამაზე პროფკავშირები არაფერს ამბობს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ თვით ვლადიმერ პუტინის თამადობით სსრკ-ის აღდგენის მოსურნეთა არცთუ დიდ სიმცირეს, შესაძლოა, მალე მოსკოვში ამ ლოზუნგით მოწყობილი მიტინგებიც ვნახოთ.
0