15:32:55     04-01-2012
აფხაზები მიხვდნენ, რომ რუსიფიკაციის მსხვერპლნი არიან

აფხაზები მიხვდნენ, რომ კატასტროფული მასშტაბების რუსფიკაციის საფრთხის წინაშე დგანან, - უფრო ძლიერის, ვიდრე ეს „ქართველიზაციის“ პროცესი იყო. აფხაზეთის სახალხო პარტიის წარმომადგენელი იური კვიცინია ამ თემაზე ფართო დისკუსიისკენ მოუწოდებს აფხაზეთის საზოგადოებას. ის თვლის, რომ თუ რუსიფკაციის ტალღა გაგრძელდება, აფხაზები მალე საერთოდ აღარ იარსებებენ.
ამ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აფხაზები დღეს უმრავლესობას წარმოადგენენ. თუმცა, როგორც კვიცინია აღნიშნავს, რეალური ვითარება საწინააღმდეგოა და სხვა ერების წარმომადგენლები დღეს საშიში რაოდენობით ჭარბობენ აფხაზებს. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთს, რომელმაც „ქართველიზაციის ძალადობრივი“ პროცესი უკან ჩამოიტოვა.
კვიცინია წერს, რომ უკვე 100 წელია, აფხაზეთის ტერიტორია სხვადასხვა ხალხებით გაივსო და თუ 20 საუკუნის დასაწყისში აქ აფხაზები უმრავლესობაში იყვნენ, გასული საუკუნის შუა პერიოდში ისინი მოსახლეობის 20%-ზე მეტს აღარ შეადგენდნენ. ნაწილობრივ ეს იყო შედეგი მეფის რუსეთის მოქმედებისა, შემდეგ კი საბჭოთა საქართველოს მიერ აფხაზეთის “კოლონიზაციისა”.
თუმცა, “საქართველო-აფხაზეთის” ომის მიუხედავად, როცა ქართველები იძულებული გახადეს დაეტოვებინათ აფხაზეთი, მაინც, „დღეს, აფხაზები ჩვენსავე ტერიტორიაზე ცოტანი ვართ. უნდა ითქვას, რომ მეორე საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აფხაზების ასიმილაციის პროცესში ქართველიზაცია რუსუფიკაციაში გადაიზარდა და 20-ე საუკუნის ბოლოს რუსიფიკაცია უფრო საშიში იყო, ვიდრე ქარველიზაცია. თითქოს, აფხაზების რუსიფიკაცია ნებაყოფლობით ხდება, არავინ ძალით არ გვწერს რუსებად და აფხაზეთში არსებობს აფხაზურ სკოლები, მაგრამ ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო ცოტა აფხაზი ფლობს აფხაზურ ენას. ასეთი კატასტროფული ენობრივი და დემოგრაფიული ვითარების ფონზე კი დაფიქრება აუცილებელია“ - მიიჩნევს კვიცინია.
მით უმეტეს, რომ როგორც წესი, საკუთარი თავისა და ენის შენარჩუნება ისეთ გარემოშია შესაძლებელი, როცა სხვა ეროვნების წარმომადგენლები მთლიანი მოსახლეობის 20%-ს არ აღემატებიან, აფხაზეთში კი დღეს პირიქითაა.
კვიცინიას თქმით, აფხაზების მთავარი უბედურება ისაა, რომ „ჩვენ, ჩვენსავე სამშობლოში უმცირესობაში აღმოვჩნდით“. პარალელურად, აფხაზური ენა მასირებული დარტყმის ქვეშაა და ვერ უძლებს რუსულთან კონკურენციას. მართალია, აფხაზურ ენას დღეს აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, სინამდვილეში კი ის „დისკრიმინირებულია და შევიწროებულია“.
რუსიფიკაცია კი პერსპექტივაში, შეიძლება გადაულახავ პრობლემად იქცეს, რადგან აფხაზეთში უკვე ალაპარაკდნენ მიწის კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვის კანონმდებლობის შერბილებაზე, ამას ემატება რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებები, რომელთა თანახმადაც, რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს აფხაზეთში დაფუძნების უფლება აქვთ. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მათთვის საუკეთესო ტერიტორიებია შერჩეული.
„მიწის ასე განიავება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“ - წერს კვიცინია, რომელსაც შექმნილი ვითარების გამოსწორების ერთადერთ რეალურ გამოსავლად, 19-ე საუკუნეში აფხაზეთიდან რუსეთის მიერ გაძევებული მოსახლეობის უკან დაბრუნება ესახება.
ბოლო პერიოდში, აფხაზეთში და ჩრდილეთ კავკასიის რესპუბლიკებში აქტიურად საუბრობენ სირიაში შექმნილი ვითარების გამო, იქ მცხოვრები ჩერქეზული დიასპორის სამშობლოში დაბრუნებაზე. სწორედ სირიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის დაბრუნებაზე მიუთითებს იური კვიცინიაც. და არა მარტო ის. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ამ თემაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მოხარული იქნებიან, სირიელი აფხაზების დაბრუნების პროცესი თუ დაიწყება.
ეს სურვილი კი, როგორც „ექსპერტთა კლუბი“ წერს, საფუძველშივე ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, რომელსაც არანაირად არ აწყობს არც აფხაზეთში და არც ჩრდილო კავკასიაში მუსულმანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. „მოსკოვს აფხაზეთში მყოფი აფხაზების ატანაც უჭირს და გამორიცხულია, რომ მან დაუშვას თუნდაც ერთი სირიელი აფხაზის დაბრუნება“ - წერს „ექსპერტთა კლუბი“.
აფხაზები კი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის გარეშე მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელია.
„მე არ ვარ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგი, მაგრამ აუტანელია, როცა მე, დაბადებული აფხაზეთში, იძულებული ვარ დავტოვო ის“ - წერს იური კვიცინია.
0