13:15:40     04-01-2012
პოეტები გვილოცავენ - ლელა ცუცქირიძე
ახალ წელს გვილოცავს პოეტი ლელა ცუცქირიძე. მან ქართველ მკითხველს საახალწლოდ მოგვიძღვნა რამდენიმე ლექსი და სიმღერა, რომელიც მის ლექსზეა შექმნილი, მუსიკის ავტორია კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი.
ლელა ცუცქირიძე:
„გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!
სითბოს, სიუხვეს, სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ!
მალე შობაა და შობის მადლმა დაიფაროს საქართველო,
გვიყვარდეს ადამიანები,
ვუყვარდეთ ადამიანებს“...
შობის სტუმარი
არ მომიხურო სახლის კარი,
ფართოდ გამიღე.
ვერ ხედავ?
უკვე მინავლულა ბუხარში ცეცხლი.
სიცივისაგან მობუზულან მოწყენილი თიხის ჩიტებიც
და ნისკარტებზე შეჰყინვიათ გალობის წვეთი.
მოვალ.
კერიას გავაღვივებ ისევ თავიდან
კვარადქცეული ჩუმი ფიქრებით.
დაიწმინდება ლოდინისგან დაორთქლილი ფანჯრის მინები,
მოჭიქულ ფრთებს შეარხევენ თიხის ჩიტებიც,
ყელმოღერებით რომ უყვარდათ
გალობა ჩვენთვის,
წვიმაშიც, მზეშიც…
(დღეს ყველა ჩიტი იგალობებს!)
სახლში შემოვალ.
ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს –
ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს
და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ,
გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად,
პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და
ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ.
(დღეს ვარსკვლავები აინთებიან!)
გამიღე კარი,
ფართოდ გამიღე.
მომაქვს ჩუმი ჟრიამულით სავსე სხეული
სასაცილო მუცლის ბორცვაკით.
ზედ გადაშლილა სოსანები და ტიტინა მატიტელები.
შენ უბრალოდ, ყური მომადე.
გესმის?
წკრიალებს შუშის ეჟვანი,
ნუ დაიბნევი,
ეს ჩვენი შვილის გული ფეთქავს,
ის მოდის ჩვენთან!
მოაცილებენ გამჭვირვალე ანგელოსები
და ჩვილისფერი ფანტელები – პაწაწინა სტიქაროსნები.
…ჩვენ კი არ ვიცით,
სად დავმალოთ ხელის მტევნები,
არაფრის გამო ერთმანეთზე გაბუტულები.
მომეცი ხელი,
უნდა დავწნათ ოქროს ტახტი - მკვიდრი და მყარი,
გავაღოთ კარი,
ფართოდ გავაღოთ!
დღეს მობრძანდება შობის სტუმარი,
შუშის ეჟვნების წკრიალ–წკრიალით
ოჯახსა ზედა,
შენთან და ჩემთან.
დღეს ყველა ჩიტი იგალობებს,
აინთება ყველა ვარსკვლავი!
…დღეს შობა დგება…
ორი ზამთარი
ახლა ზამთარი სხვანაირია:
პროექტორში ჩაწყვეტილია შავ–თეთრი ფირი,
შენ აქეთ, მარტო, უცხო შიშით,
ის იქით, იქით…
ერთ დროს კი, თოვლი მოდიოდა აუარება ბაბუაწვერად,
თითქოს ვიღაც საშობაო ბარათებს გწერდა.
ახლა ზამთარი სხვანაირია:
ეზოში, სახლზე, სახლის კედლებზე
ბერიკაობა გაუმართავთ
ქარისაგან გადამთვრალ ხეებს და ხმაურობენ.
…ერთ დროს კი, ეზო მუსიკალურ ზარდახშას ჰგავდა,
როგორც კი ჭიშკარს შეაღებდი,
შავი შაშვები იწყებდნენ ჭახჭახს
და ხიდან ხეზე გადადიოდნენ.
ახლა ზამთარი სხვანაირია.
მაინც დგები.
გადიხარ გარეთ
და ამ შავ–თეთრი კადრების ჯიბრზე,
თოკზე გადაფენ მინდვრის ნაკუწებს -
პაწია შვილის ჩითის პერანგებს,
პეპლის ფრთებივით გაუკეთებ ფერად სამაგრებს,
ჩამოიფერთხავ უცხო შიშს და
ხელმეორედ გაახელ თვალებს,
ახლა ზამთარი ასეთია:
ერთი ბეწო ნისკარტით
ისე, როგორც ჭიკარტით,
თოვლის ფურცელს ამაგრებს
შენს ეზოში ჭილყვავი.
- რას დახატავ?
- სახლს და მზეს…
ჩვენ რომ გვიყვარს, ხომ ისეთი ზამთარია, დე…
გუნდა-გუნდა
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს,
ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი მთა–ბარი.
...გაიხარეს პატარებმა,
ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა.
წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
მეტიჩარა ნაძვის ხე
მობრძანდება თოვლის ბაბუ,
მოდის წელი ახალი,
მიწას ფიფქით ეწერება
საახალწლო ზღაპარი.
იცინიან ფანტელები,
რა ამბავი გაიგეს?
თოვლის ბაბუ შეუყვარდა
მეტიჩარა ნაძვის ხეს.
აფახულებს თეთრი ზეცა
თეთრი ფიფქის წამწამებს,
მალე თოვლი აივნებზე
თეთრ ხალიჩებს გადაფენს.
ეს ნაძვის ხე მეტიჩარა
ბრჭყვიალებით მორთულა,
ხუმრობაა? თოვლის ბაბუ
საჩუქრებით მოსულა.