რუს „სამშვიდობოებს“ მდინარე დნესტრში გადაყრით ემუქრებიან რუს „სამშვიდობოებს“ მდინარე დნესტრში გადაყრით ემუქრებიან />


  22:08:57     03-01-2012

რუს „სამშვიდობოებს“ მდინარე დნესტრში გადაყრით ემუქრებიან

a13941.jpg

რუსი სამშვიდობოების იმიჯი დნესტრისპირეთში იმდენად შეირყა, რომ ადგილობრივები მათ გაძევებას ითხოვენ.

სასაზღვრო სკანდალი შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ომში გადაიზარდოს - წერს რუსული მედია.

საზღვრის დამრღვევის ვადიმ პისარის დაღუპვის შემდეგ, დნესტრისპირეთის სოფლების მცხოვრებლებმა რუსი სამშვიდობოების გაყრა მოითხოვეს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დნესტრისპირეთის უსაფრთხოების ზონაში და კიშინიოვშ,ი რუსეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყვეს. ისინი მოითხოვენ, კვირის ბოლომდე მოიხსნას რუსეთის სამშვიდობო პოსტები დნესტრის ნაპირებზე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმუქრებიან, რომ ამ პოსტებს საკუთარი ძალებით გააუქმებენ და მდინარეში გადაყრიან.

ვითარების გართულების მიზეზი, 1 იანვარს, ადგილობრივი მცხოვრების, 19 წლის ვადიმ პისარის სიკვდილი გახდა. „ჩვენ მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია. ასეთი რამ პირველად არ ხდება. გვინდა ვიცოდეთ, რა დანიშნულება აქვს სამშვიდობო პოსტს, რომელიც დნესტრზეა განთავსებული? 20 წლის მანძილზე არცერთი ხელყოფა არ დაფიქსირებულა, პირიქით, სამშვიდობოების მხრიდან ბევრი სისულელე იქნა ჩადენილი. იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს ესროდნენ“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სწორედ რუსი სამშვიდობოების ტყვიის მსხვერპლი გახდა მოლდოვას მოქალაქე ვადიმ პისარი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეს რუსეთის სამხედრო პროკურატურა იძიებს.

პისარი 1 იანვრის დილას, როცა ავტომანქანას მართავდა, უსაფრთხოების ზონაში სასიკვდილოდ დაჭრეს. ტრაგედია №9 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, რომელიც დნესტრისპირეთის სოფელ პირიტსა და მოლდოვას ქალაქ ვადულ-ლუი-ვოდეს შორისაა განთავსებული. 19 წლის პისარი პოსტზე ბარიერს დაეჯახა, მაგრამ მოთხოვნის მიუხედავად, მანქანა გაეჩერებინა, სვლა განაგრძო. ის ცოტა ხანში კვლავ დაბრუნდა ამ ადგილზე, მაგრამ ისევ არ გააჩერა მანქანა. სწორედ ამის შემდეგ სამშვიდობოების ცვლის მეთაურმა ავტომატიდან რამდენიმე გასროლა ბრძანა - იუწყება რუსული მედია. დაჭრილი მძღოლი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

პროკურატურა მომხდარს სწავლობს - რამდენად კანონიერი იყო სამშვიდობოების მიერ ცეცხლის გახსნა. რუსეთის საელჩომ მოლდოვაში უკვე გამოთქვა მწუხარება პისარის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მიზეზი „დაღუპულების მიერ სამშვიდობო პოსტებზე გადაადგილების წესების ხშირი დარღვევაა“. ამასთან, თავის წერილში რუსეთის ელჩი იტყობინება, რომ მანქანის მართვისას პისარი მთვრალი იყო, არც მართვის მოწმობა ჰქონდა და უსაფრთხოების ზონაში მოქმედ წესებს არღვევდა.

თუმცა ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ წესის დარღვევის შემთხვევა ადამიანის მოკვლის გამამართლებელი მიზეზი ვერ გახდება, ისინი აცხადებენ, რომ რუსი სამშვიდობოების გარეშე, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ.

0

ავტორი: