ბეთანიის მონასტერი (ქართული არქიტექტურის ისტორიიდან) ბეთანიის მონასტერი (ქართული არქიტექტურის ისტორიიდან) />


  12:01:18     03-01-2012

ბეთანიის მონასტერი (ქართული არქიტექტურის ისტორიიდან)

a13926.jpg

ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს.

მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.

ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესწულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.

რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.

0

ავტორი: