პოეტები გვილოცავენ - კობა ჭუმბურიძე პოეტები გვილოცავენ - კობა ჭუმბურიძე />


  10:58:01     03-01-2012

პოეტები გვილოცავენ - კობა ჭუმბურიძე

a13918.jpg

ახალ წელს გვილოცავს პოეტი კობა ჭუმბურიძე:

მეგობრებს

აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ…
მთელი ცხოვრება, ვფიქრობ, წინ არის, ცხოვრება ერთი ქართველი კაცის, უტეხისა და პირმომცინარის.
ჩვენ საქართველო გვერგო სამშობლოდ და ეს სიცოცხლეც მისთვის გვებოძა, რომ შთამომავალს დავუნარჩუნოთ მისი მიწა და საოცნებო ცა.
თუმცა მახვილი ბევრმა მომართა და მოსაშთობად ხშირად გაგვწირეს, ამაოდ დაშვრა ჯარი ყორანთა, ჯერ არ გასვლიათ ყავლი არწივებს.
ვისაც უთვლია ქორონიკონი და ვინც აუწევს დიდგორს ფიალას, ვისაც გაბურძგლავს ჩემი სტრიქონი და ვისი გულიც შეიძგრიალებს, ვისაც გამაღლებთ ეს სიყვარული, თამარის ფრესკად სულზე ნახატი,
თქვენა ხართ, ერთად, ჩემი მამული, მრავალჭირვარამგადანახადი.

ემიგრანტ მეგობრებს

დრო ფიქრებში გამლევია, თურმე თავზე დამთევია, რამხელაა ზოგი ღამე, რაოდენის დამტევია.
მუზის ხუშტურს ვინ გაიგებს, ლექსი მოდის, აღარ იცდის, მორაკრაკებს, მოციგლიგებს მოსალოცად ახალი წლის.
ამ სასმისით მეგობრებო გულთა შორის გავდე ხიდი და სამშობლო დაგილოცეთ, ეს ობოლი მარგალიტი.
დღეს სუყველა ერთად ვიყოთ, მაჯისცემაც ერთი გვქონდეს, კანადიდან აფრიკამდე, გინდ ცხელოდეს, გინდაც თოვდეს, ქართველი არ მეგულება, მამული რო არ ახსოვდეს,
საქართველო ამოდენა არ ყოფილა არასოდეს.
სადაურსა სად წაიყვანს ბედი – კაცის განაჩენი, გზებიც ათასნაირია, სოფლად თავის დასარჩენი.
ზოგმა ლიქნის ყადრი იცის, საქმედ იხდის კუდის ქიცინს, სალაფავის მიმწოდებლის ფეხის გულზე ნაზად ხიცინს.
ზოგმაც შორი გზა ირჩია, რომ არ დარჩეს ვინმეს ვალში, მწარე, როგორც სევდის გუბე დედანატრულ ბავშვის თვალში.
და მის ტანჯულ საგულეში ფართხალებს და ოხრავს გული, მოყვრისა და მომავლისთვის მიწყივ ომში გახარჯული.
მე სიცოცხლეს ვერ დავარქმევ, ბიომასის ფუთფუთს რომ ჰგავს, ცოცხალი ხარ, სანამ შენში მოსახდელი ვალი ბორგავს,
ჰოდა, ჩემო ახლობელო, ნება მომე მოგეფერო, შენ, ასეთო შორეულო, მაინც კარის მეზობელო, ვინც მეგობარს აფასებდი, მისთვის სითბოს იმეტებდი, ამხნევებდი, აღავსებდი რწმენითა და იმედებით,
შობის მადლი გფენოდეს და ანგელოზნი გიგალობდენ:
- გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ!

ფიმფლავს

გარინდებული დამიხვდა ბაღი,
აღარ ეგონა თუ ჩამოთოვდა,
აღარსით ჩანდა ზამთრის ნასახი,
ალაგ ბალახიც წამოთოთოვდა.
ახლა კი თეთრი დაედო დაღი
და გაილურსა შენაციები,
თოვლმა განფინა მარმარა ჩაღი,
გადააფითრა აკაციები.
ქარის ზუზუნი და სუსხი მწველი
და ფანტელებში ციაგი ბროლის,
შეუკრებიათ ორკესტრი ძველი
გადასაღებად ვიდეო-რგოლის.
ოცი წლის შემდეგ დგებიან ერთად
და ეს ერთობა დღეს ამინდს შეცვლის,
ჟღერს ჰარმონია ორკესტრის ფერთა,
თმათა ვერცხლის და თითბერის ცეცხლის.
ამ საოცრებას უნდა დაესწრო
და ეს დრო ნუთუ დაგენანება,
რამეთუ ვერდი, დიდი მაესტრო,
სულზე ზეიმად დაგევანება.
თავად კი სული აგე ვის ანდო,
მუსიკოსების ჭაღარა ღრუბელს,
მალე მოსწყდება ტრომბონს გლისანდო,
აედევნება ბუყბუყი ტუბის.
ოდესღაც…
გახსოვს?
ოღონდაც მაშინ
სივრცეს ქარგავდა სხვა გენიოსი
და კოცონივით ღუოდა ქარში
თითბერი, მარში და ბერლიოზი.
………………………….
რა ჯიქურ იცის სევდამ მოწოლა,
შემოგიბრუნებს ტკივილებს მიმქრალს,
თვლემენ სარონი, ფაფახწოწოლა,
ფიმფლავს და ფიმფლაავს…

შობა დილა

აისის მზე ბორცვებს შეუფაკლავს ღაწვებს, ბიბა თოვლი აძევს გარინდებულ ნაძვებს, სუსხი გიჟმაჟ ბინულს კისკისს შეაყინავს, შობის დილას ყოველს უშფოთველად სძინავს,
არე–მარე ბზინავს.

საღამოს კი ისევ იქუფრება ზეცა, უნდა მოგვანატროს მთვარეცა და მზეცა, გაუშლია ღრუბელს კულულები მრუმე, ო, რა იდუმალი არის ეს სიჩუმე, საცა არის ბინდი გზაზე უნდა გაწვეს და ტოტები უფრო დადრეკია ნაძვებს, ხოლო მიწა თითქოს თოვლის რიდეს ითხოვს, პირგაზაფხულამდე დაგვიმალავს ხვითოს,
ხვავრიელად გვითოვს.

0

ავტორი: