08:57:16     03-01-2012
რუსეთს „სეპარატიზმი“ უტევს

რუსეთს „სეპარატიზმის ჭია ღრღნის“. ის, რაშიც მოსკოვი კარგადაა დახელოვნებული, თავად მასვე ციმბირიდან უტევს. ამას უკვე ეწოდა სახელად „ციმბირული სეპარატიზმი“, რომელიც 4 დეკემბრის არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან უნისონში გააქტიურდა, თუმცა პროცესი უფრო ადრე დაიწყო.
ჯერ კიდევ შემოდგომაზე, როცა რუსეთის ცენტრალურ რაიონებში ლოზუნგი „საკმარისია კავკასიის კვება“ ააფრიალეს, ციმბირში ასეთი მოწოდება გაისმა: „საკმარისია მოსკოვის კვება“. ადგილობრივი ოპოზიცია თვლის, რომ რუსეთის კორუმპირებული სახელისუფლო ვერტიკალი სწორედ ციმბირული რეზერვებისა და სიმდიდრეების ხარჯზე სულდგმულობს. ამ რესურსების გამოყენება კი თავად „დამოუკიდებელ ციმბირსაც“ კარგად შეუძლია.
მოსკოვში უკვე საუბრობენ „ციმბირულ სეპარატიზმზე“, როგორც შეერთებული შტატებიდან და დასავლეთიდან „შეგდებულ“, რუსეთის დაშლისკენ მიმართულ პროექტზე. „ციმბირული თვითგამორკვევის“ მონაწილეები კი „მწვანეებზე გაყიდულ ქვეყნის მოღალატეებად“ შერაცხეს.
აი, როგორი მსჯელობები მიმდინარეობს უკვე რუსეთის მედიაში:
„ციმბირის კარტის გათამაშება, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით, აშშ-მა დიდი ხნის წინ დაიწყო. მოქმედებენ დასავლეთის სპეცსამსახურებიც, მიზანია ტიუმენის ოლქის ჩამოშორება - რუსეთის ევროპული ნაწილისა, რითაც ქვეყანას 2 ნაწილად გაყოფენ. ავღანეთი გიგანტურ სამხედრო ბაზადაა ქცეული და ის კარგი პლატფორმაა ამ გეგმისთვის“.
„ეს გეგმები არ გულისხმობს სამხედრო ჩარევას, რადგან ციმბირი, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, თავად დაირღვევა და ჩამოშორდება რუსეთს, თუკი კარგად შეანჯღრევენ იქ მცხოვრებ რუსებთან არცთუ მონათესავე ხალხს, და თუ ასეთი სეპარატისტები და ნაციონალისტები არ მოიძებნებიან, ისინი უნდა შეიქმნან“...
როგორც ჩანს, ასეთი „სეპარატისტები და ნაციონალისტები“ უპრობლემოდ მოიძებნენ. აქტიური ქმედებები დაიწყო 2010 წლის მოსახლეობის აღწერის თემით. „ციმბირულ ინტერნეტში“ გავრცელდა მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოავლინოს პატრიოტიზმი, რომ ეროვნების გრაფაში ჩაიწეროს „ციმბირელი“. ბლოგერები კი იუწყებოდნენ, რომ მოსკოვი საშინელ დღეშია, რადგან აღწერის საბოლოო შედეგებით, „ციმბირელები“ უმრავლესობაში იქნებიან, თანაც ისეთ უმრავლესობაში, რომ მათ, როგორც ცალკე რესპუბლიკას, ავტონომია უნდა მიეცეთ.
ანალოგიური შინაარსის პუბლიკაციები ჩნდება გაზეთებში, კერძოდ, აქტიურობს პუბლიკაციები გაზეთი „ბაიკალსკიე ვესტი“, - ასეთი ტექსტებით:
„მოსკოვი ჩვენ სეპარატიზმისკენ გვიბიძგებს, დროა ზედმეტი ემოციების გარეშე განვიხილოთ ციმბირის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა. შეიძლება სხვა სახელწოდებაც - ცმბირის რესპუბლიკა, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ფედერაცია, ციმბირული კავშირი… მთავარია, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ რაიონების სახელმწიფო თვითგამორკვევაზე. ვის სჭირდება რუსეთის ტერიტორული მთლიანობა? ყოველ შემთხვევში არა ჩვენ, ციმბირელებს“.
„ისმის უარყოფა - მაშინვე ციმბირს მიიტაცებენ ჩინელები ან ამერიკელებიო. კი, მათი გავლენა უფრო საგრძნობი იქნება, ვიდრე ეხლა, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას, დაე შემოვიდნენ, თუმცა ჩვენი ციმბირული პირობების გათვლისწინებით. ნედლეულის რეზერვები ჩვენს სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, დიდი გარღვევა მოახდინოს მაღალი ტექნოლოგების სფეროში, ისე, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საუდის არაბეთს უკან ჩამოვიტოვებთ. ვინ იქნება წინააღმდეგი?“…
მთელი შემოდგომა და განსაკუთრებით 4 დეკემბრის დუმის არჩევნების შემდგომი პერიოდი, ამ მხრივ, ციმბირისთვის აქტიური პოლიტიკური პერიოდი იყო. ლოზუნგს - „საკმარისია მოსკოვის კვება“, მოჰყვა პროტესტი რუსეთის მმართველი რეჟიმის მიმართ, ციმბირის ქალაქებში რეკლამირებული იყვნენ მოსკოვური აქციების ლიდერები, პუტინზე კი უხეშად „გადი-გამოდიოდნენ“.
ისმის ასეთი მოწოდებები:
„ეხლა, ან არასოდეს. საკმარისია მოსკოვის კვება, მოსკოვისა, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და თავისი კანონები აქვს… რომელიც რეგიონების ხარჯზე ცხოვრობს.“
„ციმბირი ციმბირელებისთვის. რუსეთი ადრე თუ გვიან ციმბირის გარეშე დარჩება, მთავრია, რომ ეს, თავად ციმბირელებს სურთ“.
ასევე ავრცელებენ ცნობარებს - „როგორც გადავრჩეთ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ციმბირში“.
მოსკოვში სეპარატისტებად შერაცხულმა ციმბირელმა აქტივისტებმა უკვე განაჩენიც გამოუტანეს რუსეთს - „კოლონიალიზმს ერთი დასასრული აქვს. ასეთი ქვეყანა იშლება ბოლოს“.