კრემლი საგონებელშია, მას „დნესტრისპირელი სააკაშვილი“ გამოუჩნდა… კრემლი საგონებელშია, მას „დნესტრისპირელი სააკაშვილი“ გამოუჩნდა… />


  22:57:40     30-12-2011

კრემლი საგონებელშია, მას „დნესტრისპირელი სააკაშვილი“ გამოუჩნდა…

a13886.jpg

კრემლი შეცდომების „გამოსწორებას“ იწყებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, სერგეი ივანოვი აპირებს ადმინისტრაციიდან დაითხოვოს ჩინოვნიკი, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ მოსკოვის წარუმატებლობაშია დამნაშავე.
ეს არის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების განყოფილების უფროსი, სერგეი ვინოკუროვი. სწორედ ის კურირებდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის რეგიონში. მის კისერზეა კრემლის მიერ წაგებული არჩევნები დნესტრისპირეთშიც.

ამ ორ რეგიონში, ვინოკუროვმა, მოსკოვის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ისეთ კანდიდატებს, რომლებიც, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ არჩევნებს წააგებდნენ.

სწორედ ვინოკუროვის განყოფილება კურირებდა „სამხრეთ ოსეთსა“ და დნესტრისპირეთში ე.წ. საარჩევნო კამპანიებს, არჩევნებს, ეწეოდა კრემლის ფავორიტების აგიტაცია-პროპაგანდას. ვინოკუროვი ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის, დნესტრისპირეთში კი  პარლამენტის სპიკერის - ანატოლი კამინსკის გამარჯვებაზე მუშაობდა.

შედეგად, კრემლმა ორივე რესპუბლიკაში წააგო. თანაც წააგო ოპოზიციურ კანდიდატებთან, იმათთან, ვისაც მოსკოვი აკრიტიკებდა. სწორედ ასეთი იყო კამინსკის მოწინააღმდეგე ევგენი შევჩუკი, რომელმაც მოსკოვის ფავორიტი დიდი უპირატესობით დაამარცხა. არადა კამინსკის აგიტაციას პირადად ეწეოდნენ რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსები, თვით ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სერგეი ნარიშკინიც კი.

თუ დნესტრისპირეთში დიდი ვნებათაღელვა არ ყოფილა, რუსი ჩინოვიკის პოლიტტექნოლოგიებმა პროტესტი გამოიწვია ცხინვალში, სადაც ვინოკუროვი პირადად გაგზავნეს მომრიგებლად. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ის კრემლში გადიოდა კონსულტაციებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ მას დაბრალდა  არაკომპეტენტურობა და „სამშობლოს ღალატი“. რუსული მედია დღეს წერს, რომ ვინოკუროვმა „გასაოცარ შეთანხმებას“ მიაღწია, - გამარჯვებულ ალა ჯიოევას საარჩევნო შედეგები გაუუქმა და ხელახალი არჩევნები დანიშნა.
თუმცა, მოსკოვი, ალბათ, შერყეული იმიჯის აღდგენას ცდილობს „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობაში და ვინოკუროვიც, განტევების ვაცის როლს შეასრულებს.

უფრო დიდი სადარდელი მოსკოვს დნეტსრისპირეთში აქვს, სადაც ევგენი შევჩუკის გამარჯვება, როგორც თავად რუსული მედია წერს, არანაირად არ შედიოდა კრემლის ინტერესებში. ეს ის ადამიანია, რომელსაც მოსკოვი აქტიურად აკრიტიკებდა და „დნესტრისპირელ სააკაშვილს“ უწოდებდა. მაგრამ აღმოჩნდა, ამომრჩეველმა ბევრად დიდი უპირატესობით გაამარჯვებინა არა კრემლის მიერ აგიტირებულ კამინსკის, რომელმაც ხმების 19, 6% მოაგროვა, არამედ სწორედ „დნესტრისპირელ სააკაშვილს“, რომელმაც ხმების 73, 88% მიიღო და რომელსაც დღეს ინაუგურაციის დღე აქვს.
კრემლში ახლა ფიქრობენ, როგორ ააგონ ურთიერთობა პოლიტიკოსთან, რომელსაც დასავლეთის აგენტს უწოდებდნენ.

რატომ ამოირჩია კრემლმა ამ რეგიონებში არაპოპულარული პოლიტიკოსები, გამოცანად რჩება, თუმცა, ახლა შედეგებს იმკიან. ცხინვალის დაძაბულობის ესკალაცია უკვე სახეზეა: ჯიოევას მომხრეების აქცია დღეს უკვე ვლადიკავკაზში ტარდებოდა, აქციის მონაწილეები, ჩრდილოეთ ოსეთში ჯიოევას მომხრეობის გამო დაკავებული მათი ნათესავების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ საპროტესტო მსვლელობისას 30, არაოფიციალურით კი – 200-მდე ადამიანი დააკავეს.

0

ავტორი: