16:09:26     30-12-2011
„რუსული პოლიტიკა აფხაზეთში მარცხს განიცდის, ახალგაზრდობა კი თბილისისკენ იყურება“…

გამოქვეყნდა ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავჯდომარისა და აფხაზეთის ომში მონაწილე ჩერქეზი მოხალისეების მეთაურის იბრაგიმ იაგანოვის ინტერვიუ, რომელშიც ის აფხაზეთსა და საქართველოზე საუბრობს. იაგანოვი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, ამბობს, რომ დღეს სხვაგვარად ფიქრობს.
- რა დამოკიდებულებაა დღეს აფხაზეთში საქართველოს მიმართ?
- ახალგაზრდობა თბილისის მხარეს იყურება. ეხლა აფხაზეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ შეადარონ, რა ხდება მარჯვნივ - სოჭის მხარეს და რა ხდება მარცხნივ - ენგურს გაღმა. საქართველომ განსაზღრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი - როგორც ოკუპირებული ტერირორიებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს კი აქვს შესაბამისი შეღავათები. დამოკიდებულება აფხაზებთან, რომელიც აქვთ საქართველოში, უკეთესია, ვიდრე თვით ადლერის საზღვარზე.
- ანუ აფხაზების მიმართ ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკეთესია, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებისა?
- ეს ფაქტია. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რუსული პოლიტიკა აფხაზეთში დიდ მარცხს განიცდის. ის, რომ რუსეთი აფხაზეთს დიდ მატერიალურ დახმარებას უწევს, ეს დახმარება რჩება სადღაც ზევით, ხელმძღვანელობაში. ძირითადი მასა მას ვერ გრძნობს, ის თვითგადარჩენის პოზიციაშია. ხალხისთვის კი ყველაზე მთავარი ღირსეულად ცხოვრებაა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზები, საბოლოოდ, აირჩევენ ღირსეულ ცხოვრებას. საიდან მოვა ის, სოჭიდან თუ გალის მხრიდან, ეს დროის საკითხია.
- 1992 -1993 წლებში, ომის დროს, შენ ხელმძღვანელობდი ჩერქეზი მოხალისეების ბატალიონს, შემდეგ იყავი აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყაბარდო-ბალყარეთში იმ დრომდე, ვიდრე ეს ინსტიტუტი, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, არ გაუქმდა და ოფიციალური საელჩო და საკონსულო არ გაიხსნა…
- გეტყვი გულახდილად. ჩვენ, ისინი, ვინც ვიბრძოდით, მომხდარის ანალიზს ვაკეთებთ, გამოგვაქვს დასკვნები. და ჩვენ საფუძველშვე შევიცვალეთ ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება. მაგრამ მე მაქვს ერთ ბარიერი, რომელსაც ვერ ვაბიჯებ. ერთადერთი, რაც მაკავებს, ესაა დაღუპული ბიჭების ხსოვნა, რომლებსაც სჯეროდათ რაღაცის, ეს იყო პერიოდი, როცა ჩვენ ყველას გვჯეროდა რაღაცის. იმის გამო, რომცოცხლები ვართ, აზრი შევიცვალეთ, მათ კი არ შეუძლიათ ეს და ეს ხსოვნა გვაკავებს.
- და რას ფიქრობდით მაშინ საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობაზე?
- საქართველოს, მაშინ, მცირე იმპერიად ვთვლიდით, - რუსეთთან ერთად.
- და რას ფიქრობ შენ ახლა?
- თუ საქართველო მონახავს ძალას,აღიაროს ის ფაქტი, რომელიც არსებობს - ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნორმალური, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებისთვის აფხაზეთთან. მაშინ სიტუაცია ძირშივე შეიცვლებოდა, ზოგიერთი ძალები, რომლებიც ამ წინააღმდეგობებით სარგებლობენ, საფუძვლის გარეშე დარჩებოდნენ. ქართველებს ექნებოდათ უფრო ეფექტური პოზიციები, მათ შორს რუსთთან ურთერთობაში.
- საქართველოს აქვს ორი პრინციპული მომენტი. პირველი - აფხაზეთის მიწა საქართველოს ისტორიული ნაწილი იყო, რომელზეც ქართველები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მეორე - დევნილების პრობლემა - ყველაზე დიდი პრობლემა. საქართველოს აფხაზეთიდან 200 ათასი დევნილი ჰყავს, რომლებიც იქ თაობებად ცხოვრობდნენ. ქართველები თვლიან და ეს კონსენსუსია საქართველოში, რომ მათ არ შეუძლიათ უარი თქვან დევნილების დაბრუნებაზე, ხოლო აფხაზები მიიჩნევენ, რომ არ შეუძლიათ მათი მიღება, რომ თუკი დევნილები დაბრუნდებიან, მაშინ აფხაზები კვალავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ყველაფერს დაკარგავენ.
- იცი, რა არის საკვირველი, აფხაზები ისედაც უმცირესობად იქცევიან. ძალიან ბევრი სომეხი ჩადის, ქართველი დევნილებიც, ყველა პრობლემის მიუხედავად, სხვადასხვა გზით ბრუნდებიან გალის რაიონში... მიუხედავად იმისა, რომ ყველა დევნილის დაბრუნების პოლიტიკური ნება არ არსებობს, აფხაზეთში ქართველების დაბრუნების პროცესი ნელ-ნელა მაინც მიდის. არაფორმალურად, ჩუმად, წყნარად, - მაგრამ ეს ხდება. თუ ეხლა შევადარებთ აფხაზების რაოდენობას და სხვებს, ეჭვი მეპარება, რომ აფხაზები უმრავლესობაში იყვნენ.
- შენ თქვი, რომ თქვენ, მოხალისეები, ეხლა სხვაგვარად უყურებთ ამ ომს. ეს ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩერქეზეთში ყველა აფხაზი ვეტერანის საერთო პოზიციაა?
- უმრავლესობის. ჩვენ ვიცით, რომ ომი დამთავრდა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რაც იყო, ქართული მხარის მიმართ ბოღმა და წყენა არც მე მაქვს და არც ჩემს ძალიან ბევრ მეგობარსაც. ისტორიულადაც, საქართველო და ყაბარდო ყოველთვის კეთილი მეზობლები იყვნენ, ყოველთვის ეხმარებოდენენ ერთმანეთს. აქ, ნალჩიკში, ცხოვრობენ ქართველები და მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორც ჩვენიანების მიმართ… ამიტომ მე ორივე ხელით თანახმა ვარ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებისა. სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვართ და იძულებული ვართ, გავითვალისიწინოთ ის პირობები, რომლებიც მათ წამოგვიყენეს. ჩვენ იძულებული ვართ გავითვალისწინოთ ისიც, რომ 20 წელი - პრონციპში, დიდი დროა, მაგრამ პარალელურად, არც ისე დიდი მეხსიერებისთვის. და ასე, უბრალოდ ვერ გადააბიჯებ წარსულს და ვერ შეცვლი დამოკიდებულებას - ეს არაა ადვილი.
- მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია მოინახოს რაღაც ფორმა ფედერაციისა. სხვადასხვა ქართველი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეები არაერთხელ მეუბნეოდნენ, რომ ისინი აფხაზებს და სამხრეთ ოსეთს ყველაზე ფართო ავტონომიას, საკუთარ პარლამენტს, მინისტრებსა და მთავრობას და ა.შ. სთავაზობდნენ. როგორ ფიქრობ, არის შანსი, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა და აფხაზი ხალხი დათანხმდება კონფედერაციის, ფედერაციის ან საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ამა თუ იმ ფორმას? მე პირადად ვფიქრობ, რომ აფხაზებს აქვთ ორი გამოსავალი , ორი შესაძლებლობა: ყველაზე კარგი იქნებოდა კონფედერაციულ, ფედერაციულ საწყისებზე გაერთიანება. ან რუსეთის მიერ ჩაყლაპვა, დანამატად ან რუსეთის გუბერნიად გადაქცევა. ეს ესმით აფხაზებს?
- მათ ეს, პრინციპში, ესმით. მე დარწმუნებული ვარ, რომ შანსი არის და ძალიან დიდი. მით უმეტეს, ამას ხელს უწყობს რუსული პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთში ტარდება. თუ მომავალშიც ყველაფერი ასეთი მიმართულებთ გაგრძელდება, მაშინ, რუსი ჩინოვნიკების წყალობით, ეს შანსი უფრო და უფრო გაიზრდება. და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში, ეს სერიოზული საუბრის თემა გახდება.
- და ოფიციალურ ან საზოგადოებრივ პირებს აფხაზეთში შეუძლიათ ამ თემაზე, ამ შესაძლებლობებზე საუბარი?
- იქ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისინი უბრალოდ, შეშინდებიან იმ მიზეზით, რომ მათ მაშინვე ანათემას გადასცემენ, იქ ეხლა ეს ძალიან სწრაფად ხდება.
- რადენად აკონტროლებენ რუსეთის სპეცსამსახურები სიტუაციას აფახზეთში? საქართველოში არაერთხელ მსმენია აზრი, რომ აფხაზებს თავად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. როგორც კი ისინი გადადგამენ ნაბიჯს საქართველოს მიმართულებით, ეს ადამიანები მაშინვე ლიკვიდირებულნი იქნებიან, ჩაერთვება რუსეთის ხელისუფლება…
- საწუხაროდ, ეს ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დეკლარირებული იყო, მაგრამ ფაქტობრივად, ის არ არსებობს.
- შეუძლიათ აფხაზებს, ტექნიკურად, თუკი მოისურვებენ, რაიმე მოლაპარაკებები გამართონ, რომელიც უცნობი იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის?
- არა. ვერცერთ ნაბიჯს დამოუკიდებლად ვერ გადადგამენ. ყველაფერი კონტროლქვეშაა.
- შესაძლებელია თუ არა, თეორიულად, რაღაც მასობრივი გამოსვლები აფხაზებისა რუსეთის ხელისუფლების წინაღმდეგ, თუკი აფხაზეთის ელიტა ამას მოინდომებს?
- არა, ჯერ არა. უნიკალური ბუნების წყალობით, მოსახლეობის ძირითად მასას აქვს შესაძლებლობა საკუთარი რესურსებით იარსებოს. ამიტომ მათ ჯერ კიდევ დიდხანს შეუძლიათ მოთმენა. მაგრამ განუკითხაობა გრძელდება, ის იზრდება. არის ზეწოლა თავად აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდანაც. იგივე კორუფცია, რაც რუსეთშიცაა, იქაც იმპორტირებულია იმ მიზეზით, რომ ფული რუსულია. ამიტომ, საუბარი რაღაც მასობრივ გამოსვლებზე აფხაზეთში, ჯერჯერობით, ადრეა.
0