14:14:54     30-12-2011
იულია ტიმოშენკო ციხეში ინვალიდის ეტლით გადაიყვანეს...

უკრაინის ექსპრემიერი, ოპოზიციური პარტიის, „ბატკავშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, ციხის საავადმყოფოდან კოლონიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობას უკრაინის საინფორმაციო საშუალებები ქვეყნის პენიტენციალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ტიმოშენკო კაჩანოვსკის კოლონიაში ინვალიდის სავარძლით გადაიყვანეს, ვინაიდან თავად სიარული მას არ შეუძლია. ყოფილი პრემიერის თანამერძოლები ირწმუნებიან, რომ იულია ტიმოშენკოს ციხეში გადაყვანა, უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ბრძანებით მოხდა.
უკრაინული ოპოზიცის დაპატიმრებული ლიდერის წინააღმდეგ განაჩენი, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოიტანეს. თუმცა, ტიმოშენკო, უკანასკნელ პერიოდამდე, კიევის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ტიმოშენკოს დაპატიმრება გასაჩივრებულ იქნა მისი ადვოკატების მიერ, მაგრამ აპელაცია სასამართლომ უარყო. ძიების პროცესში, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გამოჩნდა, მათ შორის, მკვლელობის საქმეც.
უკრაინის სასამართლოს ძირითადი ბრალდება, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ–ერთი ლიდერის მიმართ, 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის ხელშეკრულებაა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ დოკუმენტმა უკრაინის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. საბოლოო ჯამში, ტიმოშენკოს მიმართ, ათი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექსპრემიერი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. უკანასკნელ ხანს კი, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ტიმოშენკოს ჯანმრთელობა უკიდურესად გაუარესდა. მისი თანამებრძოლები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.
0