12:25:39     30-12-2011
სულისკვეთება გალაკტიონის ლექსისა -„ჩვენ, პოეტები საქართველოსი“
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ პრორუსული განწყობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტერიტორიები რუსული იმპერიის მიერ ოკუპირებულია.
2012 წელს ერთ-ერთი უმთავრესი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. იმპერიისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ტერიტორიები გასათავისუფლებელია. დასაბრუნებელია წინაპართა საფლავები, ქართული ტაძრები და ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლო სივრცე!
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ნაწილი ქართულ მხარეს მიიჩნევს დამნაშავედ რუსეთთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ 1801 წლის იანვრის თვიდან რუსეთ-საქართველოს შორის ორსაუკუნოვანი ომი დაიწყო, რუსული „მხარის“ ინიციატივით. აქვე უნდა გავიმეორე ჩემ მიერ ადრე ნათქვამი: რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვან დაპირისპირებაში, - რომელშიც რუსეთი აგრესორია, ხოლო საქართველო კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა, თავდამცველი „მხარე“, - გამოირჩევა სამი ომი:
1. 1800-1918 წლებში, რომელიც ჯერ ქართველთა დამარცხებით დაიწყო და ჩვენი ქვეყნის დაპყრობით, მერე საქართველომ მაინც მოიპივა თავისუფლება;
2. 1921-1991 წლების ომი, საქართველოს დამარცხებით დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ანექსიით, ხოლო მერე საქართველომ მაინც აღიდგინა დამოუკიდებლობა;
3. 1992 წლიდან დაიწყო მესამე ომი, რომელშიც ჯერ-ჯერობით საქართველო დამარცხებულია, თუმცა რუსეთის იმპერია მაინც დაეცემა და ჩვენი სამშობლო დაიბრუნებს ტერიტორიებს და სრულ თავისუფლებას.
რუსეთ-საქართველოს ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს პოეტებს, ჩვენს თანამედროვე შემოქმედებს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ საქმე ჩვენი სასახელო პოეტებისა, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ დამდგარიყვნენ სამშობლოს დამცველთა ავანგარდში, რომლებიც თავისი ცხოვრების უმთავრეს მიზნად მიიჩნევდნენ ქართველი ერის ბედნიერებას.
მათ უნდა გამოაფხიზლონ ზოგ-ზოგიერთები.
დღეს გავიხსენოთ გალაკტიონის სამი ლექსი. როგორი საქართველო უნდოდა მას - „მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე“, „სამშობლოს“ და მისი მებრძოლის სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსი, „ჩვენ პოეტები საქართველოსი“.
ამ ლექსის სულისკვეთება, აუცილებლად გაყვება მუდამ ჩვენს პოეტებს. პოეზია ხალხის სამსახურია და არა საკუთარი ნიჭიერების თუ გნებავთ ორიგინალურობის ჩვენების სურვილი.
დიახ, პოეტები უნდა დადგნენ იქ, სადაც ქარიშხალია. დღეს კი ქარიშხალი ჩრდილოეთიდან ქრის და ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს გონებას უმღვრევს.
ამგვარი პოეზიის დიადი შედეგი უსათუოდ დადგება საქართველოში, ისევე, როგორც იოანე-ზოსიმეს ჰიმნმა ქართული ენისადმი დიდად განაპირობა, - სხვა იდეოლოგების ნაშრომებთან და რაც მთავარია ქართველი პატრიოტების თავდადებასთან ერთად, - დიდი საქართველოს შექმნა!
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე
მკათათვის მზე ამწვანებულს უვლის ველს,
აქა-იქ ჩანს დაშთენილი კიდევ ძნა,
გაენთები მოგონებებს უდარდელს,
დავიწყება არ იქნა და არ იქნა.
ხავერდივით ამწვანებულ მდელოზე
ცხენით მივქრი, გული იწვის და დნება.
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე.
იმ მინდვრებზე, ხვალ რომ დაიბადება..
სამშობლოს
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი! აი, პირველი -
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! - აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს -
რის სიყვარულიც მე მისწავლია!
ჩვენ, პოეტები საქართველოსი
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსპიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინთებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,
და გიგანტური მუხლუხო-ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა ჰაერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გადმოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ახლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..